Baby Bag

„ბავშვი დამაშორებელი კი არ უნდა იყოს წყვილისთვის, პირიქით, დამაკავშირებელი და გამაერთიანებელი,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ბავშვი დამაშორებელი კი არ უნდა იყოს წყვილისთვის, პირიქით, დამაკავშირებელი და გამაერთიანებელი,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

​ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის გაჩენის შემდეგ წყვილების ურთიერთობაში არსებული კრიზისების შესახებ ისაუბრა: 

„როდესაც ჩნდება ბავშვი, დედა დისტანცირდება მამისგან. მამები, ნახევრად სერიოზულად რომ ვთქვა, ეჭვიანობენ ბავშვებზე. ამას ვერ ამბობენ, იმიტომ, რომ იციან, სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მაგრამ თითქოს მამამ თავისი ადგილი დაკარგა. გაჩნდა პატარა ადამიანი, რომელმაც გასწია ის გვერდით. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია წყვილის ურთიერთობა. ბავშვი დამაშორებელი კი არ უნდა იყოს წყვილისთვის, პირიქით, დამაკავშირებელი და გამაერთიანებელი.

ბავშვს არ აქვს ის ფუნქცია, რომ შენ ჩემგან არ გაიქცე და დაგიჭირო. ასეთ შემთხვევაში იტვირთება ეს პროგრამა და მერე მთელი ცხოვრება ეს ადამიანი გამშველებელია. გინახავთ, ალბათ, ასეთი ადამიანები, სულ რომ შუაშია. ეს არის ჩატვირთული პროგრამა. ბავშვი გაჩენის შემდეგ კრიზისი შეიძლება იყოს ფინანსური, შესაძლოა, იყოს ეჭვიანობა, რომელიც თუ პარანოიდალურია, შეუძლებელია ამის დატევა და მოთმენა.

გაუთავებელი ბრალდება, ჭკუის დარიგება და კრიტიკა - ეს სამი რამე არ უნდა იყოს. არსებობს 100 100-ზე ტექნიკა. მე და თქვენ რომ ვიჩხუბოთ, მე თუ მოვალ და გეტყვით, რომ მე 100%-ით ვაცნობიერებ ჩემს წილს და ბრალს, გთხოვ, მაპატიო, ჩემი 100 % „გაიძულებს,“ რომ შენც აიღო შენი 100% საკუთარ თავზე, ეს უკან გახევინებს,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად