Baby Bag

„ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით, ოჯახში ასე გვაქვს მიღებული,“- მადონა კოიძე

გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ბავშვობიდან არასდროს დაულევია სხვისი ჭიქიდან:

„ქუთაისში ბებიას და ბაბუას სახლთან ახლოს იყო ბაღი. იქიდან წამიყვანეს წაღვერში. თვალწინ მაქვს ვარდისფერი, კოპლებიანი ჩითის პერანგი და უზარმაზარი რიგი გოგონების. იქ იყო ერთი სივრცე, სადაც საღამოს გვბანდნენ. ეს ახლაც კი კოშმარად მახსენდება. ეს ჩემთვის იყო მიუღებელი და სტრესული. ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით. საერთოდ ოჯახში ასე გვაქვს მიღებული. „მაკბეჩინე, მომიტეხე“- ჩემთვის ეს არ არსებობს. ბავშვობიდან არასდროს არ მქონია ეს. ჩემი შვილიშვილებიც ასეთები არიან.

ყველას ბებიებს და დედებს ვუყვარდი ძალიან. ყველასთვის ვიყავი მაგალითი. ამ დროს ვიყავი ჩუმჩუმელა. შემეძლო დაგეგმვა, ყველაფრის მოფიქრება. მერე ამას უკვე სხვები ახორციელებდნენ. მეც ვერთვებოდი ამაში. დაგეგმვით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ბავშვობიდან ვიყავი ყურადღების მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. ვმღეროდი, მეზობლებს შევკრებდი და ვაკეთებდი კონცერტს, ბავშვებს ვიყოლიებდი და იყო ძალიან სახალისო. მიყვარდა ორგანიზებული თამაშები. ვგიჟდებოდი ქალაქობანაზე და ინტელექტუალურ თამაშებზე,“- მოცემულ საკითხზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს,“ - ნინო ხელაძე

„კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს,“ - ნინო ხელაძე

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყველა ბავშვი ყოველდღიურად ერთი საათით მაინც უნდა იყოს დაკავებული სპორტით:

„ყოველდღე, ​ყველა ბავშვი მინიმუმ ერთი საათით უნდა იყოს სპორტით დაკავებული. ეს არის აბსოლუტური მინიმუმი ყველა ბავშვისთვის. თუკი მას წონაში მოკლება უნდა და ჭარბი წონა აქვს, ეს დრო, რა თქმა უნდა, იზრდება. ეკრანული დრო ითვლება, რომ მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა არის ორი საათი. ეს მოიცავს როგორც ტელეფონს, ასევე პლანშეტს, კომპიუტერს და ტელევიზორს. მეტი არ შეიძლება, არამარტო სიმსუქნის რისკის, არამედ სხვა ბევრი ჯანმრთელობის პრობლემის გამო.“

ნინო ხელაძის თქმით, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იტვირთება თუ არა ბავშვი ფიზიკურად დღის განმავლობაში:

„ფიზიკური დატვირთვის ყველა წუთი არის მნიშვნელოვანი. თუ ზოგიერთი ოჯახი ვერ ახერხებს ფინანსური თუ ლოჯისტიკის საკითხის გამო, რომ ატაროს ბავშვი ერთ, ორ ან რამდენიმე წრეზე ან სპორტზე, თუნდაც ​15-15 წუთით რომ სახლში იცეკვოს ბავშვმა, ან ფეხით იაროს, ერთი საათი მაინც რომ გამოუვიდეს ფიზიკური დატვირთვა, ველოსიპედი იქნება თუ როლიკები, კარგია. უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება ბავშვი დღის განმავლობაში მინიმალური ერთი საათით ფიზიკურად დაიტვირთა თუ არა.“

„აუცილებლად მთელმა ოჯახმა უნდა შეცვალოს კვებითი ქცევა. ხშირად, როდესაც ვეკითხებით მშობელს: „როგორ იკვებეთ გუშინ?“ იქ უამრავი არასწორი კომპონენტი იქნება გამოვლენილი, რომლის მოდიფიცირება, შეცვლა დიდ შედეგს მოგვცემს. ​მაგალითად, ტკბილეულის მოხმარება, ცომეულის მოხმარება,საკვების გადანაწილება. 8 წლის ასაკში ბავშვი მინიმუმ 3-ჯერ უნდა იკვებებოდეს დღის განმავლობაში. კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს, რომ მერე ჭარბად არ მიიღოს საკვები. ხემსიც შესაძლებელია ჰქონდეს რვა წლის ბავშვს. ხანდახან ბავშვი მოჰყავთ მხოლოდ და გეუბნებიან, რომ წონაში დააკლებინო. ეს ოჯახისა და ბავშვის კოლექტიური შრომის შედეგი უნდა იყოს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად