Baby Bag

„ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით, ოჯახში ასე გვაქვს მიღებული,“- მადონა კოიძე

გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ბავშვობიდან არასდროს დაულევია სხვისი ჭიქიდან:

„ქუთაისში ბებიას და ბაბუას სახლთან ახლოს იყო ბაღი. იქიდან წამიყვანეს წაღვერში. თვალწინ მაქვს ვარდისფერი, კოპლებიანი ჩითის პერანგი და უზარმაზარი რიგი გოგონების. იქ იყო ერთი სივრცე, სადაც საღამოს გვბანდნენ. ეს ახლაც კი კოშმარად მახსენდება. ეს ჩემთვის იყო მიუღებელი და სტრესული. ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით. საერთოდ ოჯახში ასე გვაქვს მიღებული. „მაკბეჩინე, მომიტეხე“- ჩემთვის ეს არ არსებობს. ბავშვობიდან არასდროს არ მქონია ეს. ჩემი შვილიშვილებიც ასეთები არიან.

ყველას ბებიებს და დედებს ვუყვარდი ძალიან. ყველასთვის ვიყავი მაგალითი. ამ დროს ვიყავი ჩუმჩუმელა. შემეძლო დაგეგმვა, ყველაფრის მოფიქრება. მერე ამას უკვე სხვები ახორციელებდნენ. მეც ვერთვებოდი ამაში. დაგეგმვით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ბავშვობიდან ვიყავი ყურადღების მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. ვმღეროდი, მეზობლებს შევკრებდი და ვაკეთებდი კონცერტს, ბავშვებს ვიყოლიებდი და იყო ძალიან სახალისო. მიყვარდა ორგანიზებული თამაშები. ვგიჟდებოდი ქალაქობანაზე და ინტელექტუალურ თამაშებზე,“- მოცემულ საკითხზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის 5 განსაკუთრებული უნარი, რომელიც კარგ მშობელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს

მასწავლებლის 5 განსაკუთრებული უნარი, რომელიც კარგ მშობელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს

მასწავლებლებს ბავშვებთან ურთიერთობისთვის გარკვეული უნარები აუცილებლად სჭირდებათ. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული უნარები მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენს სტატიაში მასწავლებლების იმ ხუთ უნარს გაგაცნობთ, რომელთა შეძენა მშობლებს შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

1. მოთმინება

მასწავლებლისთვის მოთმინების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. მან უნდა იცოდეს, რომ ​ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და მათთან განსხვავებული მიდგომაა საჭირო. მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ბავშვი სასწავლო მასალას ერთნაირი წარმატებით ვერ ითვისებს. მშობელიც მოთმინებით უნდა აკვირდებოდეს შვილის სწავლის პროცესს და მის შესაძლებლობებს ითვალისწინებდეს. მასწავლებელს აქვს უნარი ბავშვს ცოდნა თანდათანობით გადასცეს. ის ჯერ უხსნის ბავშვს, როგორ ისწავლოს. შემდეგ მასთან ერთად აკეთებს დავალებას, რის შემდეგაც ბავშვი დამოუკიდებელ მუშაობაზე გადადის. მშობელმა შვილთან ურთიერთობაში სწორედ ასეთი მოთმინება უნდა გამოიჩინოს.

2. ორგანიზებულობა

ორგანიზებულობის უნარი ბუნებრივად თუ გერგოთ, ძალიან იღბლიანი ხართ. ​თუ ეს უნარი არ გაქვთ, უმჯობესია მის ჩამოყალიბებაზე იზრუნოთ. სკოლებში ყველაზე ორგანიზებული მასწავლებლები სიმარტივისადმი სიყვარულით გამოირჩევიან. სახლში მარტივი ცხრილი შეადგინეთ, რომელშიც თქვენი მთავარი ინტერესები და პრიორიტეტები იქნება ჩამოწერილი. თუ თქვენთვის მთავარი ბავშვის მეცადინეობაა, პირველ რანგის საქმედ სწორედ შვილის სწავლაში დახმარება უნდა განსაზღვროთ. შეადგინეთ ცხრილი, სადაც მთელი კვირის საქმეებს პრიორიტეტების მიხედვით გაწერთ. ეს ძალიან დაგეხმარებათ.

3. ქცევის მართვა

თუ მასწავლებელს მოსწავლის ქცევის მართვის უნარი არ აქვს, მას სწავლება გაუჭირდება. კარგი მასწავლებელი ბავშვს არ უყვირის და არ არცხვენს, თუმცა მის კლასში დისციპლინა არ ირღვევა. კარგი დედა კარგი მასწავლებლის მსგავსად ცდილობს, რომ ​ბავშვებს თავდაჯერება აუმაღლოს. როდესაც ბავშვები გრძნობენ, რომ მშობელს მათი სჯერა, ისინი კარგი ქცევისკენ მეტ მიდრეკილებას ავლენენ. ბავშვი ხშირად შეაქეთ, თუნდაც მცირედი მიღწევებისთვის. თუ თქვენი შვილი დას ან ძმას კეთილად ექცევა, აუხსენით, რომ ეს მოსაწონი საქციელია, რის გამოც ის გარკვეულ ჯილდოს მიიღებს. ბავშვს უფლება მიეცით ველოსიპედით გაისეირნოს, რათა მისი დადებითი ქმედება წაახალისოთ.

4. კრეატიულობა

დედებს კრეატიულობა ძალიან სჭირდებათ, რათა ბავშვებთან ურთიერთობა გაიუმჯობესონ. თუ გსურთ, რომ ბავშვებმა ტანსაცმელი დაალაგონ, ტანსაცმლის კეცვაში შეჯიბრი მოაწყვეთ. თქვენს შვილებს ეს ძალიან მოეწონებათ. თუ გსურთ, რომ ბავშვი კომპიუტერის ეკრანს მოშორდეს, უთხარით, რომ თუ ის კომპიუტერს სწრაფად გამორთავს და 30 წამში ჩაგეხუტებათ, შაბათ-კვირას კომპიუტერთან დამატებით 10 წუთს გაატარებს.

5. ბავშვზე ორიენტირება

მასწავლებელი კლასში იმისთვის შედის, რომ ბავშვს ასწავლოს და მოსწავლეებზე იყოს ორიენტირებული. ​ბავშვზე ორიენტირება დედისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. როდესაც შვილებთან ვართ, მთლიანად მათზე უნდა გადავიტანოთ ყურადღება. მასწავლებელი, რომელიც კლასშია და გამუდმებით ტელეფონში იყურება, კარგი პედაგოგი არ არის. დედაც შვილთან ყოფნისას ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ბავშვი მისი ყურადღების ცენტრში იყოს.

მომზადებულია ​imom.com-ის მიხედვით

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

თარგმნა ია ნაროუშვილმა 


წაიკითხეთ სრულად