Baby Bag

„მეუღლესთან უთანხმოება გაცილებით მტკივნეულია, იმიტომ, რომ ის შენი არსების ნაწილია...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ცოლ-ქმრობის საიდუმლოებისს შესახებ ისაუბრა:

„ეგოიზმი, სიამაყე და ამპარტავნება მარცხდება ღვთის მადლით და ოჯახური თანაცხოვრება ამას ეხმარება. მე შეიძლება ვიყო ეგოისტიც, ამაყიც და ამპარტავანიც, ანგარებიანიც, მრისხანეც და თუ მარტო ვცხოვრობ, ამას შეიძლება ვერც ვხვდებოდე. მეუღლე არ არის არც და, არც ძმა, არც მეგობარი, არც მშობელი, მეუღლე არის შენი ორგანული ნაწილი. თუ დას ვპატიობ და მასთან ურთიერთობა არ მიჭირს, თუნდაც ის მტყუანი იყოს, მეუღლესთან რატომ გამიჭირდება? მეუღლესთან უთანხმოება გაცილებით მტკივნეულია, იმიტომ, რომ ის შენი არსების ნაწილია, შენი ორგანული ნაწილია.

ეგოიზმი, ანგარება, პატივმოყვარეობა, მრისხანება, უსიყვარულობა, ყველაზე მეტად თავს ავლენს, როგორც დესტრუქციული ძალა, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში. ვერსად ვერ გაექცევი ამას. ორი გზაა: ან შეინარჩუნო ეს ვნებები შენში და ოჯახი ჯოჯოხეთად აქციო, ან ჩაკლა შენში ეს ვნებები. ეს არის მოწამეობრივი გზა. ცოლ-ქმრობაში ცოლიცა და ქმარიც მუდამ საკუთარი თავისა და მეუღლის წინაშე ამოწმებს, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ეს არის მოწამეობა. თუ დაკვირვებიხართ ჯვრისწერის საიდუმლოებას, მღვდელი ამბობს მოწამეთა ტროპარს, ცოლ-ქმრის გასაგონად ამბობს ამას და ეუბნება მათ, რომ ისინი მოწამეობრივ ღვაწლს იწყებენ.

ამ ღვაწლში ადამიანს ეხმარება სიყვარული. რა არის სიყვარული? თუ არ არსებობს ორი სულის მეგობრობა, სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია. მეგობრობა ცალკე საიდუმლოებაა. სული სულს ცნობს. სულების მეგობრობა თუ არ გამოვიდა, მერე ძალიან ჭირს სიყვარულიც. გაუგებარი ხდება, რა არის სიყვარული. მეგობრობა არ ნიშნავს ავტომატურად სიყვარულის არსებობას, თუმცა თუ ორი სულის მეგობრობა შედგა ისე ძლიერ, რომ მათ ცალ-ცალკე ყოფნა აღარ შეუძლიათ, აქედან ერთი პატარა ნაბიჯია სიყვარულამდე,"- აღნიშნა მამა თეოდორე გიგნაძემ.

წყარო: ​მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის სერიოზული შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის აღზრდისას უშვებენ,“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„ეს არის სერიოზული შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის აღზრდისას უშვებენ,“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ბავშვის აღზრდისას დაშვებული უმთავრესი შეცდომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება:

​მშობლების შეცდომა ბავშვის აღზრდისას არის ის, რომ მშობელი ცდილობს ბავშვის თავისუფლება შეზღუდოს. მისთვის ბავშვი არის პირველ რიგში ბავშვი და შემდეგ ადამიანი. ეს არის სერიოზული შეცდომა. ბავშვი ჯერ ადამიანია, ღვთის ხატია და მერეა ბავშვი. ამიტომ მისი თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება. ღმერთი ჩვენ არ გვზღუდავს არასდროს. არც ჩვენ არ გვაქვს უფლება შევზღუდოთ ვინმეს თავისუფლება, მათ შორის ბავშვის.“

მამა თეოდორეს თქმით, ბავშვის თავისუფლება მშობელმა სიკეთისკენ უნდა მიმართოს:

„აბა ​როგორ აღვზარდო ბავშვი, თავისუფლება თუ არ შევუზღუდე? ბავშვი ისე უნდა აღზარდო, რომ მისი თავისუფლება წარმართო სიკეთისკენ. ამაზე პასუხი არის ხოლმე ის, რომ ეს ძნელია. რა თქმა უნდა, ძნელია. ასევეა ცოლ-ქმარშიც ზუსტად. რაც ანგრევს ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, არის ის, რომ ისინი ერთმანეთს აღიქვამენ, როგორც საკუთრებას. როდესაც ცოლ-ქმარი მესაკუთრულად უყურებს ერთმანეთს, ისინი ერთმანეთს უზღუდავენ თავისუფლებას.“

„შენი დიპლომატიით, შენი ზრუნვით, შენი სიფაქიზით, შენი სიყვარულით უნდა ეცადო, რომ მეუღლის თავისუფლება წარმართო სიკეთისკენ. შემდეგი ​პრობლემა არის მოსმენის უუნარობა. მოვა ცოლი ჩემთან და მესაუბრება ქმარზე, პრობლემა აქვს. ადრე, ვუსმენდი ქალს და მეცოდებოდა, ვფიქრობდი, როგორი მონსტრი ქმარი ჰყავს-მეთქი სახლში. მერე მოვა ის მონსტრი და აღმოვაჩენ, რომ გადასარევი ადამიანია. ის იწყებს ლაპარაკს ცოლზე და მისი თქმით, ცოლია მონსტრი. აღმოჩნდა, რომ ერთმანეთი ეჩვენებათ მონსტრებად,“ - აღნიშნა მამა თეოდორემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად