Baby Bag

„მეუღლესთან უთანხმოება გაცილებით მტკივნეულია, იმიტომ, რომ ის შენი არსების ნაწილია...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ცოლ-ქმრობის საიდუმლოებისს შესახებ ისაუბრა:

„ეგოიზმი, სიამაყე და ამპარტავნება მარცხდება ღვთის მადლით და ოჯახური თანაცხოვრება ამას ეხმარება. მე შეიძლება ვიყო ეგოისტიც, ამაყიც და ამპარტავანიც, ანგარებიანიც, მრისხანეც და თუ მარტო ვცხოვრობ, ამას შეიძლება ვერც ვხვდებოდე. მეუღლე არ არის არც და, არც ძმა, არც მეგობარი, არც მშობელი, მეუღლე არის შენი ორგანული ნაწილი. თუ დას ვპატიობ და მასთან ურთიერთობა არ მიჭირს, თუნდაც ის მტყუანი იყოს, მეუღლესთან რატომ გამიჭირდება? მეუღლესთან უთანხმოება გაცილებით მტკივნეულია, იმიტომ, რომ ის შენი არსების ნაწილია, შენი ორგანული ნაწილია.

ეგოიზმი, ანგარება, პატივმოყვარეობა, მრისხანება, უსიყვარულობა, ყველაზე მეტად თავს ავლენს, როგორც დესტრუქციული ძალა, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში. ვერსად ვერ გაექცევი ამას. ორი გზაა: ან შეინარჩუნო ეს ვნებები შენში და ოჯახი ჯოჯოხეთად აქციო, ან ჩაკლა შენში ეს ვნებები. ეს არის მოწამეობრივი გზა. ცოლ-ქმრობაში ცოლიცა და ქმარიც მუდამ საკუთარი თავისა და მეუღლის წინაშე ამოწმებს, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ეს არის მოწამეობა. თუ დაკვირვებიხართ ჯვრისწერის საიდუმლოებას, მღვდელი ამბობს მოწამეთა ტროპარს, ცოლ-ქმრის გასაგონად ამბობს ამას და ეუბნება მათ, რომ ისინი მოწამეობრივ ღვაწლს იწყებენ.

ამ ღვაწლში ადამიანს ეხმარება სიყვარული. რა არის სიყვარული? თუ არ არსებობს ორი სულის მეგობრობა, სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია. მეგობრობა ცალკე საიდუმლოებაა. სული სულს ცნობს. სულების მეგობრობა თუ არ გამოვიდა, მერე ძალიან ჭირს სიყვარულიც. გაუგებარი ხდება, რა არის სიყვარული. მეგობრობა არ ნიშნავს ავტომატურად სიყვარულის არსებობას, თუმცა თუ ორი სულის მეგობრობა შედგა ისე ძლიერ, რომ მათ ცალ-ცალკე ყოფნა აღარ შეუძლიათ, აქედან ერთი პატარა ნაბიჯია სიყვარულამდე,"- აღნიშნა მამა თეოდორე გიგნაძემ.

წყარო: ​მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად