Baby Bag

„ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განმარტა რა იგულისხმება სიტყვებში: „ქმარი არის თავი ცოლისა“ და აღნიშნა, რომ ეს კაცის ქალზე ბატონობას არ გულისხმობს:

„ქალისა და კაცის ურთიერთობა... რას ასწავლის ეკლესია? ასეთი ხმა გავრცელდა, რომ ეკლესია ასწავლის, რომ კაცმა უნდა იბატონოს ცოლზე, რომ კაცი არის ქალის თავი და მას აქვს უფლება იბატონოს ცოლზე. ეს არის ნების მიცემა აგრესიაზე, რაც ხდება ოჯახში.

მე შემიძლია გითხრათ, რომ „კაცი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს პასუხისმგებლობას სიყვარულში. როგორც ქრისტე არის თავი ეკლესიისა, ეს რას ნიშნავს? ქრისტე კი არ ბატონობს ეკლესიაზე, არამედ ქრისტე მოკვდა ეკლესიისთვის, თავი გაწირა, სისხლი დაღვარა. „ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“ - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობელმა უნდა სთხოვოს ღმერთს: „ღმერთო, გთხოვ, ის სიტყვა მათქმევინე ჩემი შვილისთვის, რომ მას შევეწიო,“- დეკანოზ შალვა კეკელიას რჩევა მშობლებს

„მშობელმა უნდა სთხოვოს ღმერთს: „ღმერთო, გთხოვ, ის სიტყვა მათქმევინე ჩემი შვილისთვის, რომ მას შევეწიო,“- დეკანოზ შალვა კეკელიას რჩევა მშობლებს

დეკანოზმა შალვა კეკელიამ მშობლებს შვილებთან მეგობრობა და მათთან თბილი, ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება ურჩია. დეკანოზის თქმით, ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ მშობელი მას საყვედურსაც მხოლოდ სიყვარულით ეუბნება და ამას მისი კეთილდღეობისთვის აკეთებს:

„ბავშვი უნდა ხვდებოდეს, რომ ის მშობელს ძალიან უყვარს. თუნდაც, როდესაც მშობელი საყვედურს აძლევს საკუთარ შვილს, შვილი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის საყვედურს იმიტომ აძლევს, რომ მას უყვარს შვილი და ეს მისთვის სარგებლის მოტანია. ძალიან კარგია, როდესაც მშობელსა და შვილს შორის არის მეგობრული ურთიერთობა, როდესაც შეუძლია შენს შვილს, რომ გაიხსნას შენთან და ყველაფერზე გესაუბროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელმა შვილთან ურთიერთობა ისე უნდა დაალაგო, რომ მან ყველაფერი გითხრას შენ, ყველაფერზე გესაუბრობს. მშობელი შეცდომის გამო კი არ უბრაზდება ბავშვს, ეუბნება: „მერე რა... ეს შეცდომა მეც მომსვლია, როდესაც შენს ასაკში ვიყავი.“ ის მერე მოგყვება ყველაფერში.

ეს მეგობრობა არ უნდა გასცდეს ზღვარს. მშობლისა და შვილის იერარქიის დარღვევა არ არის საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ იერარქიის შენარჩუნება. ეს არის ბეწვის ხიდზე სიარული. ამისთვის მნიშვნელოვანია ლოცვა. არ არსებობს დღე ისე გავიდეს, რომ მე ჩემი შვილებისთვის ლოცვა არ წავიკითხო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღმერთს მიაბარო ეს. შეიძლება შენ არც გამოცდილება გქონდეს იმდენი, არც ძალა გქონდეს. არის საღმრთო ძალა, რომელიც შენ ამ ყველაფერში გეხმარება. მშობელი უნდა სთხოვდეს ღმერთს დახმარებას. უნდა დადგეს და უთხრას: „ღმერთო, შენ გევედრები, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ეს გამოცდილება. ჩემს შვილს ახლა პრობლემები აქვს, აგრესიულია, არ მიჯერებს. ღმერთო, გთხოვ, ის სიტყვა მათქმევინე ჩემი შვილისთვის, რომ ჩემი შვილი დაწყნარდეს, რომ მას შევეწიო.“ ეს რომ შეძლო, უნდა ცხოვრობდე წმინდად, პატიოსნად, სუფთად. როდესაც შენ მონდომებული ხარ, ძალიან ბევრი პრობლემა ერთად ლაგდება და მარტივად გადის,“- მოცემულ საკითხზე მამა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად