Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

თამარ მახარაშვილი - მასწავლებელი თუ არ იქნა აღიარებული, დაფასებული, მოტივირებული, ვერანაირ რეფორმებს ვერ ექნება ძალა და ეფექტი

თამარ მახარაშვილი - მასწავლებელი თუ არ იქნა აღიარებული, დაფასებული, მოტივირებული, ვერანაირ რეფორმებს ვერ ექნება ძალა და ეფექტი

მასწავლებელი თუ არ იქნა აღიარებული, დაფასებული, მოტივირებული, ვერანაირ რეფორმებს ვერ ექნება ძალა და ეფექტი, რაც ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაწესებული მასწავლებლის ეროვნული დღე არის ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი ყველა მასწავლებლისთვის და, ვფიქრობ, ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის. სახელფასო პოლიტიკა, რომელიც მინისტრმა ბრძანა და რომელიც ჩვენი მხრიდან გაცხადდა, არის ასევე დიდი შრომის შედეგი და ღირსეული ანაზღაურებისკენ მიმავალი გზა. ასე შევაფასებდი ამ ამბავს“, – განაცხადა მახარაშვილმა.

მისი თქმით, უნდა დადგინდეს ანაზღაურების სამართლიანი პრინციპი და ასე უნდა მოხდეს მასწავლებლებისთვის მისი შეთავაზება, რადგან ამ ნაწილში უსამართლობის განცდა რიგ შემთხვევებში არის.

„ჩვენი ანაზღაურება უნდა დაეყრდნოს სამართლიანი გადანაწილების პრინციპს და ჩვენი ფორმულა სწორედ ამისკენ იქნება მიდრეკილი“, – განაცხადა მახარაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოდელისკენ იხრება სამინისტრო ანაზღაურების რეფორმასთან მიმართებაში, თამარ მახარაშვილმა განაცხადა, რომ მასწავლებელმა უნდა აიღოს ხელფასი იმაში, რასაც ის საკლასო ოთახში აკეთებს, როგორც კონტაქტური, ისე არაკონტაქტური საათებისთვის.

„დღეს მასწავლებლებს ძალიან ხშირად, ორ, სამ და ოთხ სკოლაში უწევთ მუშაობა. მინისტრთან შეხვედრებისას მასწავლებლების დიდმა უმრავლესობამ ძალიან ალალად თქვა, რომ სტატუსის ასამაღლებელ გამოცდებს ხელფასის გასაზრდელად აბარებენ. მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს თავის პროფესიულ განვითარებაზე. ეს მისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ მასწავლებელს ღირსეული ანაზღაურებისთვის თუნდაც რამდენიმე ასეული ლარი რომ დაემატოს და ამისთვის მოსწავლეს მოსცილდეს, ვერ მოიცალოს იმისთვის, ვინც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, ვისთვისაც ვარსებობთ და ვშრომობთ, არ ივარგებს და ეს თემები ერთმანეთისგან უნდა გაიყოს. მოკლედ, პრინციპი არის მარტივი – ხელფასის მატება უნდა მოხდეს დამსახურების მიხედვით, სამართლიანობის პრინციპით. დღეს, რა თქმა უნდა, მე თქვენ ვერ წარმოგიდგენთ კონკრეტულ ფორმულას, რადგან ამ ფორმულის დეტალებზე ახლა არ ვაპირებთ საუბარს და თან, ეს არ არის თემა, რომელიც საბოლოოდ შემიძლია, აქ თქვენ წინაშე გამოვიტანო, მაგრამ ამ ფორმულას სახელად ჰქვია სამართლიანობა და სწორედ ამ პრინციპს გაჰყვება, იმის მიხედვით, თუ რამდენს ვიხარჯებით, როგორ ვიხარჯებით, რამდენ საათ გაკვეთილს ვატარებთ და ა.შ.“ – განაცხადა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, მასწავლებელთა ხელფასების 2024 წლის პირველი ივლისიდან გაზრდა სამინისტროს დიდი მონდომების შედეგია.

„მე ვიცი, რამხელა რუდუნება, სიყვარული და შრომაა ამაში ჩადებული, რომ მასწავლებლები გაგვეხარებინა. მთელი გუნდი, მთელი სამინისტრო, ჩვენი მინისტრის ხელმძღვანელობით, მართლაც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს გამოგვსვლოდა და ჩათვალეთ, გამოგვივიდა, რასაც ჩვენ ვამბობთ, ეს მოხდება პირველი ივლისიდან. ხშირად არის ხოლმე ეს უკუკავშირი, როგორ მოახერხებთ პირველი ივლისიდან. პასუხი არის – დიახ, მოვახერხებთ, ეს გვაქვს გათვლილიც და გააზრებულიც“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად