Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

​საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

​საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით მორიგი გადაწყვეტილება მიიღო.


გიორგი ამილახვარი: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დავიწყე პერმანენტული შეხვედრები მასწავლებლების ჯგუფებთან, რომელთაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე აქვთ მოსაზრებები და რეკომენდაციები სკოლებში სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. მასწავლებლების მოსმენისა და მათი მოსაზრებების გაანალიზების შემდეგ დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივებულიყო მასწავლებელთა პორტფოლიოში დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები და პორტფოლიოს ატვირთვის პროცესში შემსუბუქებულიყო მტკიცებულებების ნუსხა. მასწავლებელთა პორტფოლიოების შეფასების ჯგუფი გამხდარიყო მეტად ინკლუზიური პროცესის გამჭვირვალობის, შეფასების ობიექტურობის მაღალი ხარისხისა და საზოგადოების მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად.

მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება.

საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დადგენილ გზებს მოიცავს გამოცდის ჩაბარებისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასების სახით, ხოლო მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში მოქმედი კომისია, რომელიც მასწავლებლებს, გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ამ წლების გამოცდილება, მთლიანობაში დავინახოთ, რა გამოწვევები არსებობს მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით; დავინახოთ სრული ციკლი, რაც ახლა მიმდინარეობს სისტემაში გამოცდებისა და პორტფოლიოების წარმოების თვალსაზრისით, შემდგომში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ მასწავლებლები კარიერული განვითარების პროცესში.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

გავაგრძელებ მასწავლებლებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მოგვცემს საშუალებას მივიღოთ სწორი, სამართლიანი და მასწავლებელთა ინტერესზე მორგებული სამომავლო გადაწყვეტილებები.“
წაიკითხეთ სრულად