Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

„დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“- შალვა ამონაშვილი ახალი სამოქალაქო აქციის შესახებ საუბრობს

„დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“- შალვა ამონაშვილი ახალი სამოქალაქო აქციის შესახებ საუბრობს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მოქალაქეებს ახალი აქციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მომავალ კვირას, 3 საათზე ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმისკენ მოუწოდა:

„ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით მთელი გულითა და სიყვარულით. 3 მარტს შედგა საერთაშორისო აქცია. ამ აქციაში ჩაერთო ბევრი ქვეყანა. ეს ქვეყნები შუა აზიიდან, ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინა, რუსეთი, ამერიკის ქვეყნები იყვნენ ამ საქმის მონაწილე, მათ შორის, ქართველებიც. ეს იყო სამოქალაქო აქცია. ჩვენ გვინდოდა ერთდროულად ამოგვეძახა ძლიერი სურვილი, ბრძანება: „დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე." ამას ის აზრი აქვს, რომ ჩვენს აზრებს მატერიალიზების ძალა აქვს. ეს ძლიერი სურვილები მართლაც გვეხმარება იმაში, რომ რაღაცები კარგად გამოგვივიდეს. ჩვენი ერთობლივი ძახილი ნამდვილად ასუფთავებს სამყაროს.“

„ჩვენ უნდა გავასუფთავოთ სივრცე, რომ ჩვენს ლოცვებს გზა მიეცეს ციური სამყაროსკენ და ზეციური ძალები დაგვეხმარონ ჩვენ. ეს აქცია გაგრძელდება, მომავალ კვირას სამ საათზე ისევ შედგება ეს აქცია და განმეორდება ყოველ კვირაში ერთხელ. სადაც უნდა იყოთ თქვენ, როგორც კი ჩამოკრავს ზარი და იცით, რომ ახლა სრულდება სამი საათი, გაჩერდით იქ. თქვენს წარმოდგენაში, თითქოს დედამიწა გიჭირავთ ხელში, როგორც პატარა ბავშვი. მიიხუტეთ დედამიწა და წარმოთქვით ეს სიტყვები: „დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“ როდესაც თავისუფალი დრო გაქვთ ან ძილის წინ წარმოთქვით ეს სიტყვები: „დაე, იყოს სიმშვიდე ქვეყანაზე! დაე, იყოს სიკეთე ქვეყანაზე! დაე, იყოს ბევრი სიყვარული ქვეყანაზე!“ დალოცეთ ეს ჩვენი პატარა დედამიწა. თქვენი ლოცვა დიდი ძალა იქნება,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად