Baby Bag

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძუძუთი კვება ხუთი ახალშობილიდან სამშიც არ ხდება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში,“ - ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი

„ძუძუთი კვება ხუთი ახალშობილიდან სამშიც არ ხდება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში,“ - ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი

ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა მსოფლიოში ძუძუთი კვების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ძუძუთი კვება ხუთი ახალშობილიდან სამშიც არ ხდება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში:

„უნდა აღინიშნოს, რომ ფრიად სამწუხარო რეალობაა. ძუძუთი კვება ხუთი ახალშობილიდან სამშიც არ ხდება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია. შემდეგი ფაქტი, რომელიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ წლის განმავლობაში 820 000 ორ წლამდე ასაკის ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, მათ რომ ჰქონოდათ ძუძუთი კვების ადეკვატური პირობები.“

ქეთი ასათიანის თქმით, დედის რძის მნიშვნელობა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით იზრდება:

​დედის რძე რომ განსაკუთრებული მადლია, ვფიქრობ, ეს საკითხი უდავოა. მით უფრო დღეს, დღევანდელ ვითარებაში, ამ პანდემიის პირობებში, როდესაც ამაზე დიდ სიკეთეს დედა თავის შვილს ვერ მისცემს. ძუძუთი კვება და დედის რძე არის ერთადერთი უნიკალური იარაღი ჩვილის იმუნური სისტემის გაჯანსაღების, მისი მომძლავრების, რაც სამომავლოდ მინიმუმამდე დაიყვანს ან აარიდებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.“

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ დედები ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების მხოლოდ 14 % -ში არსებულ საავადმყოფოებსა და სამშობიაროების უმეტესობაში მომუშავე პერსონალი არის ინფორმირებული ძუძუთი კვების სიკეთეებისა და პროცესის სწორად წარმართვის ხერხებზე,“ - აღნიშნულ საკითხზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად