Baby Bag

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანური უნარები, რასაც მანქანა ჩვენ მაგივრად ვერ გააკეთებს, დაფასდა და დაფასდება,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ადამიანური უნარები, რასაც მანქანა ჩვენ მაგივრად ვერ გააკეთებს, დაფასდა და დაფასდება,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ონლაინ სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა:

„XXI საუკუნე იქნება თანამშრომლობის საუკუნე. ვინც არ იცის თანამშრომლობა, ვინც არ იცის პოზიტიური კომუნიკაცია, მისთვის იქნება სერიოზული პრობლემები. XXI საუკუნის ჩვევებში პირველი არის კომუნიკაცია, ოპერაცია და გაზიარების უნარი. ეს უნარები შეფერხდა ონლაინ სწავლების რეჟიმში, მაგრამ ანალიტიკურმა უნარებმა და დამოუკიდებელმა მუშაობამ უფრო წინ წამოიწია.

ადამიანური თვისებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მანქანა ჩვენ მაგივრად ვერ გააკეთებს, ის უნარები დაფასდა და დაფასდება. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ჯერ ვერ გაიგო. ჩვენ ხომ თანამშრომლობა არ ვიცით. თანამშრომლობას სწავლობენ კომუნიკაციის პროცესში. ეს აკლია ჩვენს სტუდენტობას.

ჩინეთში, ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში 30%-ით მოიმატა დეპრესიამ, შფოთვამ, წამალზე დამოკიდებულებამ, უძილობამ სტუდენტებში. ჩემი სტუდენტებიც უჩივიან ყურადღების პრობლემებს, უძილობის პრობლემებს. საკონსულტაციო ცენტრში მოიმატა დარეკვის სიხშირემ. სწავლა ხომ არ არის მხოლოდ ინფორმაციის გადამუშავება. უნივერსიტეტი არის სივრცე, სადაც ცოდნის გენერირება ხდება. ყოველი ლექცია ჩემთვისაც ახალი ცოდნაა. ისინი კითხვებს გისვამენ, შენ ფიქრობ. კომუნიკაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანური თვისება, რომლის გარეშე აკადემიური სივრცე შეუძლებელია. ასე ინფორმაციას კომპიუტერიც ამუშავებს ჩვენზე უკეთ. 2 მაისიდან ჩვენ უკვე გადავდივართ სრულფასოვან სწავლებაზე პირისპირ რეჟიმში. განსაკუთრებით მეცოდებიან პირველ და მეორე კურსელები. ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე, უნივერსიტეტში მივედი და სახლში უნდა ვიჯდე, წარმოდგენაც არ მინდა... წარმომიდგენია რა მდგომარეობაში არიან,“- მოცემულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად