Baby Bag

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედამთილი ნამდვილად არასწორად იქცევა, როდესაც ცუდად ერევა ცოლ-ქმრის ოჯახურ ურთიერთობაში,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ერთ-ერთი ქალბატონის კითხვას უპასუხა, რომელიც მის ოჯახურ ურთიერთობებში დედამთილის უხეში ჩარევის გამო წუხდა:

„როდესაც დედამთილი ეუბნება თავის შვილს, რომ ჯერ ძმა უნდა უყვარდეს და შემდეგ თავისი ოჯახი, არანაირად, არც ქრისტიანულად, არც ოჯახურად, ქართულად ან ტრადიციულად ეს ასე არ არის. ადამიანი როდესაც დაოჯახდება და ცოლს მოიყვანს, მისთვის პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი მეუღლე და მისი შვილები და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე დანარჩენი სხვა. ის სხვა არის ამ შემთხვევაში დედაც, ძმაც, დაც და ა.შ.“

„თუ ცალკე ცხოვრობთ, წესით თქვენ ეს პრობლემა არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ, თქვენს მეუღლეს აუხსნათ სწორად, რომ სწორი ზუსტად ის არის, რომ დაოჯახებული მამაკაცი უპირველეს ყოვლისა თავის მეუღლეზე ფიქრობდეს. ამბობს კიდეც ამას პავლე მოციქული, რომ ქორწინებული ზრუნავს „ვითარ სათნო ეყოს ცოლსა.“ ასეც არის სწორი. დაქორწინებული ადამაინი უპირველეს ყოვლისა იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ვისთანაც ერთობას წარმოადგენს, ერთი სული და ერთი ხორცია, სწორედ მასზე უნდა ზრუნავდეს უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უკვე ოჯახის დანარჩენ წევრებზე. დედამთილი ნამდვილად არასწორად იქცევა, როდესაც ცუდად ერევა ცოლ-ქმრის ოჯახურ ურთიერთობაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მასზე გაბოროტდეთ. მე მინდა გირჩიოთ, რომ საერთო ენა გამონახოთ მასთან. ილოცეთ, იმიტომ, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს და დაალაგებს თქვენს ურთიერთობას. ნუ გაბოროტდებით, იმიტომ რომ გაბოროტებას კარგი არაფერი მოაქვს ადამიანისთვის. თქვენ ნუ დაუპირისპირდებით დედამთილს იმავე მეთოდებით, რომლითაც ის გებრძვით. შეგიძლიათ თქვენი აზრი დაუფიქსიროთ მტკიცედ, სიყვარულით, მაგრამ არავითარ შემთხვევებში არ დაუპირისპირდეთ იმავე მეთოდებით, რომლითაც ის გებრძვით,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად