Baby Bag

„ქალისთვის ძვირფასი საჩუქრის ჩუქება მამაკაცს აძლევს უფრო თავდაჯერებულობას და გავლენის განცდას, თუმცა ეს არ ეხება სიყვარულს,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ საჩუქრის ჩუქების წესის შესახებ ისაუბრა და ის მიზნები და მოტივები დაასახელა, რომელიც ადამიანებს საჩუქრის ჩუქებისას ამოძრავებთ:

„საჩუქრის მიზანი ხომ ის არის, რომ ადამიანი გაახარო. მისი სიხარული შენთვის სიამოვნებაა. ეს უფრო გრძნობითია. არის საჩუქარი, რომელიც უნდა აჩუქო. დაგიძახეს დაბადების დღეზე. გახარება კი არ გინდა, თავს თვლი ვალდებულად, რომ აჩუქო. ასე ვერ მიხვალ. მამაკაცების შემთხვევაში, რომ არ იციან რა გაჩუქონ, მოაქვთ სასმელი.

კაცები ცოტა სხვანაირად აკეთებენ საჩუქარს. საიუველირო შენაძენებს ის აკეთებს ძირითადად ქალისთვის. მისთვის მნიშვნელოვანია გაჩვენოს, რა ფასიანი მოგიტანა. ის ნაკლებად ერკვევა ესთეტიკაში და იმაში, ეს რამდენად ლამაზია. ქალისთვის ძვირფასი საჩუქრის ჩუქება მამაკაცს აძლევს უფრო თავდაჯერებულობას და გავლენის განცდას, თუმცა ეს არ ეხება სიყვარულს. იქ უფრო დამოკიდებულებითი ფორმაა. საჩუქარმა უნდა აჩვენოს რა დამოკიდებულებაა. შეიძლება ერთი ქაღალდის ნაგლეჯი თქვენთვის გაცილებით ძვირფასი იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვიდრე რაღაც ძალიან ძვირიანი საჩუქარი.

საჩუქარს უფრო ზუსტად და სწორად აკეთებთ, როდესაც ადამიანს იცნობთ. ინტუიცია უნდა მქონდეს, უნდა მივყვე იმ ადამიანზე ინფორმაციას, ვისაც საჩუქარს ვჩუქნი. შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ საჩუქარი, რომელსაც გჩუქნით იყოს პრაქტიკულიც და მოგიტანოთ მტვერსასრუტი. ის ამოდის თავისი დამოკიდებულებიდან, ეკონომიურობიდან. შეიძლება დაბადების დღეზე ყველი ამოგიტანოს შოკოლადის ნაცვლად. საჩუქარს მოჰყვება კონტექსტი. პარფიუმერიის მაღაზიაში ვეძებ სუნამოს ქალისთვის. კონსულტანტი მეკითხება, რა ასაკისაა. მე ვეუბნები, რომ 40-ის. ის მპასუხობს, რომ ამ ასაკისთვის არაჩვეულებრივი მოვლის საშუალებები აქვთ. აქ კონტექსტი მიჰყვება შლეიფად, რომ მე ასაკზე დავფიქრდი. ახლა მოიგონეს სასაჩუქრე ბარათი. ჩაწერ თანხას და ჩუქნი, თვითონ იყიდოს, მაგრამ ადამიანს ურჩევნია დაინახოს, რომ შენ იფიქრე. თუნდაც შეცდომით იფიქრე.

საჩუქრის მიმღებებიც განსხვავებულები არიან. ზოგიერთი წავა მაღაზიაში და თავს მოიკლავს, სანამ არ გაიგებს, რა გადაიხადეთ. მისთვის თქვენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს ის, თუ რა გადაიხადე საჩუქარში. ასეთებიც არიან,“ - მოცემულ საკითხზე ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“


შეიძლება დაინტერესდეთ

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ - შალვა ამონაშვილი

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ -  შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვების სიზარმაცის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ზარმაცი ბავშვი:

„როგორც წყალი გინდა რომ დალიო და ეძებ, სად დავლიოო, ასე სწავლა ყველას უნდა. არ არის ბავშვი, რომელსაც სწავლა არ უნდოდეს. არ თქვათ ბავშვი ზარმაციაო, მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის. არ არსებობს ზარმაცი ბავშვი. ბავშვი არის ბუნება და ბუნება არასდროს არ დგას ერთ ადგილზე, ყოველთვის რაღაცას ანგრევს, ყოველთვის რაღაცას აშენებს, მიდის და მიდის წინ.“

„ეს არის ბავშვი! ამ დროს ბავშვს მიაწებო იარლიყო, რომ ზარმაცია, ზანტია, არ უნდა, არასწორია. დედები ხშირად დასმენებით მოდიან: „ჩემი შვილი წიგნს არ იღებს ხელში, საშინაო დავალებას არ ასრულებს.“ სულ დასმენებია. თითქოს რა ცუდები არიან შვილები და თვითონ კარგები არიან. დედით უნდა დაიწყო და მამით!“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად