Baby Bag

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება... მე დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია,“- ნანა ლორთქიფანიძე დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ

ცნობილმა მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დიასახლისობას პროფესიად თვლის, რომელსაც უდიდესი ენერგია სჭირდება. ქალბატონი ნანას თქმით, ის ოჯახის წევრებს ძალიან ანებივრებს და სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია:

„აქ მოსვლამდე უკვე სახლში სამნაირი სადილის გაკეთება მოვასწარი. რატომ სამი? იმიტომ, რომ ერთს არ უყვარს წვნიანი, მეორეს არ უყვარს ხორციანი, მესამეს არ უყვარს ხახვიანი და მეც მათ გემოვნებას და მოთხოვნებს ვერგები რაღაცნაირად. იმ დიასახლისებს, რომლებიც მუშაობენ, ძალიან დაკავებულები არიან, სახლშიც უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი. მე განსაკუთრებით ვუთანაგრძნობ იმ დიასახლისებს, რომლებიც არ მუშაობენ, სულ სახლში არიან და სულ საოჯახო საქმეებით არიან დაკავებულები. რა ხდება ამ დროს? თუ ქალი სულ სახლშია, საქმე არასდროს არ თავდება.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება. მე პირადად დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, თავდადება, შრომა და დრო.

ჩვენ თვითონ ვანებივრებთ და ვაჩვევთ ამას ჩვენს ოჯახის წევრებს. მე პირადად უკვე ყველაფერს ვაკეთებ ავტომატურად. აი, მაგალითად, ერთი შვილიშვილი დამიძახებს ერთი ოთახიდან: „ბე, წყალი მომიტანე რა...“ გავქროლდები და მივუტან. მერე მეორე დამიძახებს: „რამე ტკბილი არ გვაქვს?“ გავქროლდები და მივუტან. თუ არ გვაქვს, ჩავირბენ მაღაზიაში და ამოვუცუნცულებ რამეს. მე თვითონ არ შემიძლია, რომ არ გავაკეთო. თვითონ ვარ ასეთი,“- მოცემულ საკითხზე ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღომი და ბაჟე არის ჩვენი ტრადიციული საახალწლო სუფრის მთავარი კერძები,“ - თიკა ფაცაცია

„ღომი და ბაჟე არის ჩვენი ტრადიციული საახალწლო სუფრის მთავარი კერძები,“ - თიკა ფაცაცია

მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ საახალწლო სუფრის ოჯახური ტრადიციების შესახებ ისაუბრა:

„მაგიდას ყველანი ერთად ვშლით. ​ერთი ტრადიცია დავნერგე. მრავალფეროვან საკვებს აღარ ვაკეთებ. ასაკთან ერთად ვისწავლე, რომ მრავალფეროვანი ჭამა არც ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. სუფრა, რომელიც აუთვისებელი რჩება, ცუდი დანაკარგია. ჩვენი ტრადიცია ყოველთვის არის ღომი. ღომი არის დღესასწაული ჩვენთან. ღომი და ბაჟე არის ჩვენი ტრადიციული საახალწლო სუფრის მთავარი კერძები. გოზინაყი და ჩურჩხელაც გვაქვს.“

თიკა ფაცაციას თქმით, ოჯახში მეკვლე ყოველთვის ის არის:

„მეკვლე ყოველთვის მე ვარ. ოღონდ არავის შემომასწროს და გავრბივარ დილის რუტინის გარეშე. ამბობენ, რომ უცხო ადამიანი უფრო მნიშვნელოვანი მეკვლეაო. მეკვლეს ვანიჭებ მნიშვნელობას. ოღონდ ის, რომ ძალიან ვაკვირდები და ძალიან დავცადე ვინმე ადამიანი, ასე არ ვარ.“

​ასტროლოგიურ თემებში ჩახედვა ძალიან მიყვარს. ყოველთვის ველოდები ხოლმე რჩევებს საახალწლო კაბის ფერთან, მაგიდის გაწყობასთან დაკავშირებით. ახლა ვფიქრობ, ცისფერი კაბა სად ვიშოვო. ადრე მქონდა ასეთი წესი, რომ ოჯახის ყველა წევრისთვის ვდებდი საჩუქრებს. ახლა ვერ ვახერხებ, ფანტაზიაც აღარ მაქვს. სამ ოჯახის წევრს აქვს დეკემბერში დაბადების დღე და მაგათი საჩუქრებით უკვე გაყიდული ვარ. ამიტომ საახალწლოდ საჩუქრებს ვჩუქნი მხოლოდ ბავშვებს. ჩვენ ვრჩებით ასე,“- აღნიშნულ საკითხზე თიკა ფაცაციამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად