Baby Bag

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება... მე დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია,“- ნანა ლორთქიფანიძე დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ

ცნობილმა მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დიასახლისობას პროფესიად თვლის, რომელსაც უდიდესი ენერგია სჭირდება. ქალბატონი ნანას თქმით, ის ოჯახის წევრებს ძალიან ანებივრებს და სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია:

„აქ მოსვლამდე უკვე სახლში სამნაირი სადილის გაკეთება მოვასწარი. რატომ სამი? იმიტომ, რომ ერთს არ უყვარს წვნიანი, მეორეს არ უყვარს ხორციანი, მესამეს არ უყვარს ხახვიანი და მეც მათ გემოვნებას და მოთხოვნებს ვერგები რაღაცნაირად. იმ დიასახლისებს, რომლებიც მუშაობენ, ძალიან დაკავებულები არიან, სახლშიც უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი. მე განსაკუთრებით ვუთანაგრძნობ იმ დიასახლისებს, რომლებიც არ მუშაობენ, სულ სახლში არიან და სულ საოჯახო საქმეებით არიან დაკავებულები. რა ხდება ამ დროს? თუ ქალი სულ სახლშია, საქმე არასდროს არ თავდება.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება. მე პირადად დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, თავდადება, შრომა და დრო.

ჩვენ თვითონ ვანებივრებთ და ვაჩვევთ ამას ჩვენს ოჯახის წევრებს. მე პირადად უკვე ყველაფერს ვაკეთებ ავტომატურად. აი, მაგალითად, ერთი შვილიშვილი დამიძახებს ერთი ოთახიდან: „ბე, წყალი მომიტანე რა...“ გავქროლდები და მივუტან. მერე მეორე დამიძახებს: „რამე ტკბილი არ გვაქვს?“ გავქროლდები და მივუტან. თუ არ გვაქვს, ჩავირბენ მაღაზიაში და ამოვუცუნცულებ რამეს. მე თვითონ არ შემიძლია, რომ არ გავაკეთო. თვითონ ვარ ასეთი,“- მოცემულ საკითხზე ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

„პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ​ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო პანდემიის დასრულების თარიღმა, შესაძლოა, გადაიწიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა, რომ პანდემიური კრიზისი 2022 წელშიც გაგრძელდება.

ელივარდის თქმით, აფრიკაში პოპულაციის 5 %-ზე ნაკლებია ვაქცინირებული, მაშინ, როდესაც მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობის 40 % აცრილია. ვაქცინების უდიდესი ნაწილი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მიიღეს, ხოლო აფრიკას ვაქცინების საერთოდ რაოდენობის მხოლოდ 2,6 % გადაუნაწილდა.

ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს ურჩია, ადგილი დაუთმონ შედარებით ღარიბ სახელმწიოფოებს და ფარმაცევტულმა კომპანიებმა პრიორიტეტულად სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები განიხილონ.

​ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - განაცხადა ბრიუს ეილვარდმა.

წყარო:​ BBC

წაიკითხეთ სრულად