Baby Bag

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება... მე დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია,“- ნანა ლორთქიფანიძე დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ

ცნობილმა მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დიასახლისობას პროფესიად თვლის, რომელსაც უდიდესი ენერგია სჭირდება. ქალბატონი ნანას თქმით, ის ოჯახის წევრებს ძალიან ანებივრებს და სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია:

„აქ მოსვლამდე უკვე სახლში სამნაირი სადილის გაკეთება მოვასწარი. რატომ სამი? იმიტომ, რომ ერთს არ უყვარს წვნიანი, მეორეს არ უყვარს ხორციანი, მესამეს არ უყვარს ხახვიანი და მეც მათ გემოვნებას და მოთხოვნებს ვერგები რაღაცნაირად. იმ დიასახლისებს, რომლებიც მუშაობენ, ძალიან დაკავებულები არიან, სახლშიც უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი. მე განსაკუთრებით ვუთანაგრძნობ იმ დიასახლისებს, რომლებიც არ მუშაობენ, სულ სახლში არიან და სულ საოჯახო საქმეებით არიან დაკავებულები. რა ხდება ამ დროს? თუ ქალი სულ სახლშია, საქმე არასდროს არ თავდება.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება. მე პირადად დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, თავდადება, შრომა და დრო.

ჩვენ თვითონ ვანებივრებთ და ვაჩვევთ ამას ჩვენს ოჯახის წევრებს. მე პირადად უკვე ყველაფერს ვაკეთებ ავტომატურად. აი, მაგალითად, ერთი შვილიშვილი დამიძახებს ერთი ოთახიდან: „ბე, წყალი მომიტანე რა...“ გავქროლდები და მივუტან. მერე მეორე დამიძახებს: „რამე ტკბილი არ გვაქვს?“ გავქროლდები და მივუტან. თუ არ გვაქვს, ჩავირბენ მაღაზიაში და ამოვუცუნცულებ რამეს. მე თვითონ არ შემიძლია, რომ არ გავაკეთო. თვითონ ვარ ასეთი,“- მოცემულ საკითხზე ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკი, ჰკითხეთ მას: „რატომ მინიშნავ ანტიბიოტიკს?“ უნდა იცოდეთ, არის თუ არა ეს ანტიბიოტიკი მნიშვნელოვანი,“ - პაატა იმნაძე

„თუ ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკი, ჰკითხეთ მას: „რატომ მინიშნავ ანტიბიოტიკს?“  უნდა იცოდეთ, არის თუ არა ეს ანტიბიოტიკი მნიშვნელოვანი,“ - პაატა იმნაძე

​დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას წინდახედულობისკენ მოუწოდებს და ადამიანებს ურჩევს, ანტიბიოტიკები სიფრთხილით გამოიყენონ:

„XXI საუკუნეში კაცობრიობას ემუქრებოდა ორი ძირითადი საფრთხე: ეს იყო ახალი რესპირატორული ვირუსით გამოწვეული პანდემია და მეორე, უფრო საშიში, ანტიბიოტიკებისადმი გამძლე ბაქტერიების პოპულაციის გამრავლება ანტიბიოტიკების არასწორი მოხმარების გამო. ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ერთი პანდემია დაგვატყდა თავს, ეს მეორე პანდემია შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს თავისი შედეგებით კაცობრიობისთვის. ის გამოგვაცლის იმ იარაღს, რომელიც მეოცე საუკუნეში შექმნა ადამიანმა, ეს არის ანტიბიოტიკები, რომლებიც ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად გამოიყენება.“

პაატა იმნაძის თქმით, ანტიბიოტიკების გამოყენება​ კოვიდ ინფიცირებულების მხოლოდ 8 პროცენტს ესაჭიროება:

„თუ არის ბაქტერიული გართულება, გამოიყენება ანტიბიოტიკები, მაგრამ ეს სჭირდება კოვიდ ავადმყოფების მხოლოდ 8 პროცენტს, იგულისხმება მძიმე ავადმყოფები, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულები არიან. მათ თანდართული ბაქტერიული ინფექციების გამო შეიძლება დასჭირდეთ ანტიბიოტიკების გამოყენება. დღევანდელი სტატისტიკით 70 %-ზე მეტი პაციენტი მოიხმარს ანტიბიოტიკებს. ეს არის კატასტროფული მონაცემები. როდესაც ანტიბიოტიკები აღარ იქნება გამოსადეგი, რადგან ბაქტერიები გამოიმუშავენ მდგრადობას მათ მიმართ, ეს დრო მოახლოვდება, რადგან ანტიბიოტიკების პანდემიის დროს დანიშნულების გარეშე ვიყენებთ.“

​პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება ექიმის დანიშნულების უნდა მოხდეს და ის კონკრეტული ბაქტერიის გასანეიტრალებლად უნდა გამოიყენებოდეს:

„ანტიბიოტიკს აქვს თავისი მკაცრი ჩვენება, როდის უნდა გამოიყენო. უნდა იყოს ბაქტერიული ინფექცია, რომლის დროსაც ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ანტიბიოტიკის გამოყენება.​ სხვა ყველა შემთხვევაში შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ უარყოფითის გარდა არაფერ კარგს არ აკეთებს ანტიბიოტიკი. მისი დანიშნულება არის, რომ მოკლას ბაქტერია, რომელმაც გამოიწვია ინფექცია. თუ ბაქტერია არ არის, ანტიბიოტიკი ყველაფერზე უარყოფითად ზემოქმედებს. თუ არის ბაქტერიული ინფექცია და არა ვირუსული, მაშინ მას აქვს გამოყენების ჩვენება.“

„მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, რომლებიც მართავენ კოვიდ პაციენტებს ბინის პირობებში, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ანტიბიოტიკები. ასევე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, თუ ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკი, ჰკითხეთ მას: „რატომ მინიშნავ ანტიბიოტიკს?“ უნდა იცოდეთ, არის თუ არა ეს ანტიბიოტიკი მნიშვნელოვანი, რომ პაციენტი ებრძოლოს კოვიდ ინფექციას,“ - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

წყარო:​ პულსი TV

წაიკითხეთ სრულად