Baby Bag

„როდესაც ადამიანს შენი შურს, უნდა ეცადო, რომ მისმა დამოკიდებულებამ არ დაგანგრიოს,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ შურიან ადამიანებთან ურთიერთობისა და მათ მიმართ სწორი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მიმართ არსებულმა შურმა და ბოღმიანმა განწყობამ არ დაგვანგრიოს:

„როდესაც შენი შურს ადამიანს, უნდა ეცადო, რომ შენ მისმა დამოკიდებულებამ არ დაგანგრიოს. ეს არის ყველაზე მთავარი. როდესაც შურით არის ადამიანი შეპყრობილი და გექიშპება, შურის ბიძაშვილი არის ბოღმა. როდესაც ადამიანებს შურთ, მერე პარალელურად დაბოღმილები არიან ხოლმე. მათ სიყვარული უქრებათ იმ ადამიანისა, ვისიც შურთ. პირიქით, ბოროტება უდევთ გულში იმ ადამიანის მიმართ. თქვენ უნდა ეცადოთ, რომ მისმა შურმა და ბოღმამ თქვენ არ გაგანადგუროთ და თქვენ არ დაგანგრიოთ.

თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ამ ყველაფერს ზემოდან მოექცეთ და მიუხედავად მისი შურისა, ბოღმისა და იმ ქიშპობისა, რომელსაც თქვენ მიმართ ავლენს, თქვენ მისდამი მაინც სიყვარული შეინარჩუნოთ. ეს არ არის იოლი. მე კარგად ვიცი, რომ არ არის იოლი, რასაც გირჩევთ, მაგრამ იცოდეთ, რომ შესაძლებელია. ქრისტემ სწორედ ამისკენ მოგვიწოდა და ამის მაგალითი მოგვცა ჩვენ თავად თავისი ცხოვრებით. ამიტომ, ეცადეთ, რომ დიდსულოვნება, სიყვარული, სითბო დაანახვოთ ასეთ ადამიანს. ჩვენ ქრისტიანები ვართ და აუცილებლად ვილოცოთ ასეთი ადამიანისთვის,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს ჯადოსნური სიტყვებია, რომელსაც მოაქვს სიხარული და ბედნიერება: დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის,“- ირმა ხურცია

„ეს ჯადოსნური სიტყვებია, რომელსაც მოაქვს სიხარული და ბედნიერება: დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის,“- ირმა ხურცია

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ირმა ხურციამ ფსიქოლოგიური კეთლიდღეობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე ისაუბრა და მადლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა და მატერიალური კეთილდღეობა - გარეგანი. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ მატერიალური კეთილდღეობაც მნიშვნელოვანია. თუ ადამიანმა უმწეობა დაისწავლა, საპირისპიროდ ბედნიერების სწავლაც შესაძლებელია. ყველაზე ბედნიერი არის მადლიერი ადამიანი. პოზიტიურ ფსიქოლოგიაში არის მადლიერების სავარჯიშოები. ჩვენ, ქრისტიანები ყოველი დღის ბოლოს მადლობას ვწირავთ უფალს იმისთვის, რაც გაგვაჩნია. ეს გონებით ვიცით, რომ მადლიერები უნდა ვიყოთ უფლის, მაგრამ თუ ყოველი დღის ბოლოს 3 ფაქტს ჩამოვწერთ, რისთვისაც მადლიერები ვართ უფლის, მადლიერების გრძნობა განცდაში გადავა, გონებიდან გულს გამოივლის და უფრო მყარად ჯდება ჩვენს ფსიქიკაში.

ძალიან მნიშვნელოვანია მადლიერების სავარჯიშო და ის, რომ ყოველდღიურად გულწრფელად ვიყოთ უფლის მადლიერები. ბედნიერების ძებნა რა არის? ეს არის დაკარგული ნეტარების ძიება, რომელიც სამოთხესთან ერთად დავკარგეთ. ჩვენ ხომ ვიცით, რატომ ვისწრაფვით ბედნიერებისკენ. ჩვენ ვისწრაფვით რეალურად უფლისკენ. საკუთარი თავისკენ როდესაც ისწრაფვის ადამიანი, ესეც ბედნიერების ძიებაა. ჩვენ ხომ უფლის ხატი და მსგავსი ვართ. თუ ამას ვიპოვით, მაშინ, რა თქმა უნდა, ბედნიერებაც არ დააყოვნებს. ჯადოსნური სიტყვები ვიცით ქრისტიანებმა, რომელსაც მოაქვს სიხარული და ბედნიერება: დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის,“- მოცემულ საკითხზე ირმა ხურციამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

წაიკითხეთ სრულად