Baby Bag

„ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

„ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

გადაცემა „მთავარი ექიმი“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი, გიორგი გვარჯალაძე თავის უფროს ქალიშვილზე, ლენოზე საუბრობს:

ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი. რაღაც ასაკამდე ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით... სიყვარულით სავსე ურთიერთობა გვქონდა, სანამ გარდატეხის პერიოდი არ მოვიდა...

ძალიან რთული იყო ლენო იმიტომ, რომ იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი, მიღებული წესებით მასთან ურთიერთობა არ გამოდიოდა. ვერ შევთანხმდით რაღაცებზე, ღამე სახლიდან გასვლებზე, ტელეფონის გამორთვაზე... 

ლენოს ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები. მეც მქონდა ბავშვობაში და გადარჩენილი ვარ. მე მეგონა, რომ ვერ იზამს, მე ხომ ვერ ვქენი...

ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ. მე წამოვედი სტუდიაში. სახლიდან გამოსვლის წინ უნდა ჩავეხუტო ყველას, ვაკოცო, ყველას მშვიდი ღამე ვუსურვო... გასვლის წინ ნინის (უმცროს შვილს) ჩავეხუტე, ლულუს (მეუღლეს)... პროცედურა მოითხოვს, რომ ლენოსაც, მაგრამ როგორ, ლენოს ხომ ვეჩხუბე... ისე მინდოდა წესის დარღვევა და ლენოს ჩახუტება. მინდოდა მეთქვა, ნუ გეშინია, მა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მალე გადავლახავთ ამ ერთ-ორ კრიზისულ წელს და ისევ ისეთი მეგობრები ვიქნებით, როგორც ვიყავით ორი წლის წინ... ვერ მოვითმინე და მის მაგივრად ნინის ჩავეხუტე მეორედ...“ - იხსენებს გიორგი გვარჯალაძე.

მე-9 კლასელმა ლენომ ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...

შეიძლება დაინტერესდეთ

5 ყველაზე გავრცელებული სიმსივნე ბავშვებში - სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ

5 ყველაზე გავრცელებული სიმსივნე ბავშვებში - სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ

სიმსივნური დაავადებები, რომლებიც ბავშვებშია გავრცელებული, მნიშვნელოვნად განსხვავდება ზრდასრულებში გამოვლენილი სიმსივნური დაავადებებისგან. სამკურნალო საშუალებების ზრდის წყალობით, ბავშვების 80 %-ზე მეტი სიმსივნური დაავადების დადგენიდან ხუთი წლის განმავლობაში სიცოცხლეს ახერხებს. თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების მიზეზებს შორის სიმსივნე მეორე ადგილს იკავებს, უპირველეს მიზეზად კი უბედური შემთხვევები რჩება.

ბავშვებში სიმსივნის პირველი ნიშნების ამოცნობა საკმაოდ რთულია, რადგან სხვა გავრცელებული დაავადებები ან თამაშისას მიღებული კანის დაზიანებები მნიშვნელოვან სიმპტომებს ფარავს. ჩვენს სტატიაში ბავშვებში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნურ დაავადებებს გაგაცნობთ და მათ გამაფრთხილებელ ნიშნებზეც გესაუბრებით.

1. მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. ბავშვებში გავრცელებული სიმსივნური დაავადებების 34 % სწორედ მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკემიაზე მოდის. როგორც წესი, ის ორიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება და უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. ის ძვლის ტვინიდან იწყება და შემდეგ სისხლში ვრცელდება. შესაძლოა, სიმსივნე სხვა ორგანოებზეც გავრცელდეს. ბავშვებში გამოვლენილი ლეიკემიის ყოველი სამი შემთხვევიდან ორი მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკემიაზე მოდის.

სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ:

  • ძვლისა და სახსრების ტკივილი
  • დაღლილობა
  • სისუსტე
  • სისხლდენა
  • ტემპერატურის მატება
  • წონაში კლება

2. თავის ტვინის სიმსივნე

ბავშვებში გავრცელებული სიმსივნეების 27 % სწორედ თავის ტვინის სიმსივნეზე მოდის. თავის ტვინის სიმსივნე სხვადასხვა ფორმით გვხვდება და მათი მკურნალობის მეთოდებიც განსხვავებულია. ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნე ძირითადად ნათხემიდან იწყება.

სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ:

  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • ბალანსის დარღვევა
  • მხედველობითი, სმენითი და ლაპარაკის პრობლემები
  • ხშირი პირღებინება

3. ნეირობლასტომა

ნეირობლასტომა ნერვის უმწიფარი უჯრედიდან ვითარდება. ის, როგორც წესი, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება და პატარებში გავრცელებული სიმსივნეების 7% სწორედ მასზე მოდის. ნეირობლასტომა უფრო ხშირად ბიჭებს ემართებათ, ვიდრე გოგონებს. დაავადებული ბავშვების მხოლოდ 1-2 %-ს აქვს სიმსივნის ოჯახური ისტორია.

სიმტპომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ:

  • სიარულის უნარის დარღვევები
  • ცვლილებები თვალების გარშემო (ქუთუთოების ჩამოწევა, შეშუპება, სიშავე)
  • სხეულის სხვადასხვა ზონაში ძლიერი ტკივილები
  • დიარეა
  • არტერიული წნევის მატება

4. თირკმლის ადენოსარკომა

თირკმლის ადენოსარკომა თირკმელში ვითარდება და უმეტესად მხოლოდ ერთ თირკმელზე გვხვდება. იშვიათ შემთხვევაში ის ორივე თირკმელზე ვრცელდება. როგორც წესი, ის 3-4 წლამდე ასაკის ბავშვებშია გავრცელებული, ექვსი წლის შემდეგ კი ძალიან იშვიათია. თირკმლის ადენოსარკომით დაავადებული 10 ბავშვიდან 9 იკურნება.

სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ:

  • მუცლის ამოზნექილობა
  • ცხელება
  • ტკივილი
  • ღებინება
  • მადის დაქვეითება

5. ლიმფომა

ლიმფომა ლიმფოიდური ქსოვილის დაავადებაა. შესაძლოა, მან ძვლის ტვინიც დააზიანოს. იმის მიხედვით, თუ რომელ ზონებშია ლიმფომა გავრცელებული, მას სხვადასხვა სახის გამოვლინება ახასიათებს. ჰოჯკინის ლიმფომა ბავშვებში იშვიათად გვხვდება. ის უფროსებსა და ბავშვებში ერთგვარი მიმდინარეობით გამოირჩევა. არაჰოჯკინის ლიმფომა უფრო გავრცელებულია სამ წლამდე ასაკის ბავშვებში. ლიმფომას სწრაფი ზრდა ახასიათებს და დროული მკურნალობა ესაჭიროება. როგორც წესი, არაჰოჯკინის ლიმფომა ბავშვებში უფრო მეტად განკურნებადია, ვიდრე ზრდასრულებში.

სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ:

  • ლიმფური კვანძების გადიდება
  • სისუსტე
  • წონაში კლება
  • ოფლიანობა
  • ცხელება

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს საეჭვო სიმპტომებსა და ნიშნებს ამჩნევთ, აუცილებლად მიაკითხეთ პედიატრს.

მომზადებულია ​roswellpark.org - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად