Baby Bag

„ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

„ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

გადაცემა „მთავარი ექიმი“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი, გიორგი გვარჯალაძე თავის უფროს ქალიშვილზე, ლენოზე საუბრობს:

ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი. რაღაც ასაკამდე ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით... სიყვარულით სავსე ურთიერთობა გვქონდა, სანამ გარდატეხის პერიოდი არ მოვიდა...

ძალიან რთული იყო ლენო იმიტომ, რომ იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი, მიღებული წესებით მასთან ურთიერთობა არ გამოდიოდა. ვერ შევთანხმდით რაღაცებზე, ღამე სახლიდან გასვლებზე, ტელეფონის გამორთვაზე... 

ლენოს ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები. მეც მქონდა ბავშვობაში და გადარჩენილი ვარ. მე მეგონა, რომ ვერ იზამს, მე ხომ ვერ ვქენი...

ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ. მე წამოვედი სტუდიაში. სახლიდან გამოსვლის წინ უნდა ჩავეხუტო ყველას, ვაკოცო, ყველას მშვიდი ღამე ვუსურვო... გასვლის წინ ნინის (უმცროს შვილს) ჩავეხუტე, ლულუს (მეუღლეს)... პროცედურა მოითხოვს, რომ ლენოსაც, მაგრამ როგორ, ლენოს ხომ ვეჩხუბე... ისე მინდოდა წესის დარღვევა და ლენოს ჩახუტება. მინდოდა მეთქვა, ნუ გეშინია, მა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მალე გადავლახავთ ამ ერთ-ორ კრიზისულ წელს და ისევ ისეთი მეგობრები ვიქნებით, როგორც ვიყავით ორი წლის წინ... ვერ მოვითმინე და მის მაგივრად ნინის ჩავეხუტე მეორედ...“ - იხსენებს გიორგი გვარჯალაძე.

მე-9 კლასელმა ლენომ ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად