გააგრძელებს თუ არა მასწავლებლის სახლი ტრადიციულ ტრენინგებს, თუ ამასაც „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ჩაანაცვლებს? - აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა „ახალი განათლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უპასუხა.
მისი თქმით, „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ტრადიციულ ტრენინგებს, განსხვავებული მიზნიდან გამომდინარე, ვერ ჩაანაცვლებს:
„სამომავლოდ ცენტრს აქვს სიახლე, რაც გულისხმობს სხვა ორგანიზაციების შემოყვანას მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესში, შესაბამისი წესი ერთი კვირაა რაც დამტკიცდა, ამ სიახლეზე მომავალში გვექნება საუბარი. ამ ეტაპზე კი, პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს ვთავაზობთ. ეს ტრენინგები ახლაც მიმდინარეობს და, ბუნებრივია, ნოემბრის გამოცდებამდე გაგრძელდება. ამასთანავე, რამდენიმე მოდულზე გამოცხადებული გვაქვს ტრენინგი, რომელსაც ასევე გავაგრძელებთ. „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ამ ტრენინგებს, განსხვავებული მიზნიდან გამომდინარე, ვერ ჩაანაცვლებს - მიმდინარე ტრენინგების მიზანი გამოცდისთვის მომზადება და მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარებაა, ხოლო სკოლის მიზანი მასწავლებლობის მსურველების სპეციალური კურსით მომზადებაა, რომლის შედეგადაც, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები, მცირეკონტინგენტიან სკოლებში, რამდენიმე საგნის სწავლებას შეძლებენ, ანუ ამ პროგრამების მიზანიც განსხვავებულია და სამიზნე აუდიტორიაც,“ - აღნიშნა მანანა რატიანმა.
წაიკითხეთ სრულად