„ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე
ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა. საქართველოში გეგმიური აცრების კალენდარი ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ ითვალისწინებს. მოცემულ საკითხზე ინფექციონისტმა ნინო გაბისონიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა:
„ვაქცინა ადამიანს 95%-ით იცავს ჩუტყვავილასგან. მე საკუთარი შვილიშვილები აცრილი მყავს. საქართველოში არის კომერციული ვაქცინა და რეკომენდაციას ვიძლევი, რომ აიცრან ადამიანები. საკმაოდ ბევრი გართულება ახასიათებს ჩუტყვავილას."
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა პედიატრმა თემურ მიქელაძემაც:
„ერთი წლიდან შესაძლებელია ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა. თუ არის განსაკუთრებულად იმუნოკომპრომეტირებული პირები, რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყონ ვაქცინაცია. მე თვითონ ვარ იმუნიზაციის ტექნიკური საბჭოს წევრი და ბევრ ქვეყანაში არ შედის გეგმიურ კალენდარში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში. აქვე მინდა დავამატო, რომ გეგმიური ვაქცინაციის მომართვიანობაზე იყო კლება. არ უნდოდათ კლინიკაში პაციენტების მოყვანა. შესაბამისად 7-დან 9%-მდე იყო ვაქცინაციის კლება. აუცილებელია გეგმიური ვაქცინაციის დროულად ჩატარება. ვიმედოვნებ, რომ იმავე მოცვის მაჩვენებელს დავუბრუნდებით უახლოეს მომავალში.“