Baby Bag

„7 წლის ვიყავი, როდესაც ფიზიკურად შემეხო გამზრდელის მეორე ქმარი“ - „მასტერშეფის“ მონაწილე ბავშვობის წლებზე

გადაცემა „მასტერშეფის“ მონაწილე, 29 წლის მარტა ბარამიძე თავისი ბავშვობის უმძიმეს წლებს იხსენებს:

„ჩემი ბავშვობა იყო ძალიან განსაკუთრებული, თუმცა, სამწუხაროდ, არა კარგის მხრივ. ჩემი ბავშვობა არ იყო ისეთი ნათელი, ბედნიერი და მხიარული, როგორიც არის ხოლმე... დღემდე არ ვიცნობ და არ ვიცი, ვინ არიან ჩემი მშობლები, არასდროს მინახავს ისინი, თუმცა თვალი ყოველთვის ეძებს მათ. რამდენადაც მე ვიცი, როდესაც გავჩნდი, მიმყიდეს ერთ ქალს, ვისთანაც გავატარე ბავშვობის წლები. გარემო, სადაც ვიზრდებოდი, საკმაოდ მძიმე და რთულად ასატანი იყო. გადავიტანე ფიზიკური და მორალური ძალადობა... თავს ვგრძნობდი არასაყვარელ ადამიანად, არამედ საგნად, რომელსაც მათთვის არ გააჩნია არანაირი ემოცია. ჩემი ერთადერთი დანიშნულება იყო, რომ მეარსება ისე, რომ სხვებისთვის ხელი არ შემეშალა. 7 წლის ვიყავი, როდესაც ფიზიკურად შემეხო გამზრდელის მეორე ქმარი. ეს გრძელდებოდა ინტენსიურად. დავისახე მიზანი, რომ მე აქედან უნდა გავქცეულიყავი,იმ გარემოსგან თავი დამეღწია“, - იხსენებს მარტა ბარამიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი უნდა იყოს მამა? - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მამებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მამებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა და შვილის აღზრდაში მამის როლის შესახებ ისაუბრა:

„მამა, რასაკვირველია, უნდა იყოს ცოტათი ბრძენი მაინც. შეიძლება ბევრი სიბრძნე ვერ შეიძინოს, მაგრამ შვილს რაღაცნაირად გზა გაუკვალოს. მამას უნდა უხაროდეს, რომ შვილი წავიდა წინ, გაასწრო შვილმა. თუ შვილი იქცევა არასწორად, ხანდახან მამაც იქცევა არასწორად. თუ მამამ უნდა დაარიგოს შვილი, მივცეთ უფლება, რომ შვილმაც უთხრას რაღაც მამას. მეც ბევრჯერ დავურიგებივარ პაატას და მეც რაღაცები მირჩევია მისთვის. რჩევები უნდა მისცეს მამამ, თითის ქნევით კი არ უნდა უთხრას, რომ ეს მეორედ აღარ გაბედოო. ახალგაზრდას აქვს ყველაფრის გაბედვის უფლება, მე არ მაქვს ყველაფრის აკრძალვის უფლება. რომც ავუკრძალო, ვერ ავუკრძალავ. ამიტომ მეგობრობაში ვთხოვ: „თუ შეიძლება, ჩემო შვილო, არ გააკეთო რა ეს.

თუ მამა შვილს არ ენდობა, თუ დედა შვილს არ ენდობა, აღზრდის ხერხემალი ტყდება. უნდობლობაში ბავშვს სანდო სიტყვას ვერ ეტყვი. შენ თუ უნდობლობას უცხადებ ბავშვს, ისიც უნდობლად გიყურებს.

ყველა ვართ თავისუფლების გარეშე, მაგრამ დავეძებთ თავისუფლებას. თავისუფლება განისაზღვრება მხოლოდ სულში და არჩევის პირობებში, როდესაც 100 რაღაც არის, ან 2 რაღაც არის და მე ერთი უნდა ავირჩიო. კი არ მაძალებს მამა, დედა ან ვიღაც. ბავშვს ეს არჩევანის განცდა უნდა მისცე. მშობელი უნდა იყოს თავის ნებისყოფაში შეკრული, რა უნდა ბავშვისგან. რაც უნდა ბავშვისგან მიიღოს, ის თვითონ უნდა განასახიეროს. ბავშვს საჭმელები მოუტანა, თუ მანქანები უყიდა, ეს არაფერი არ არის. მთავარია რა ზნეობას, რა კულტურას უჩვენებს, როგორ მეგობრობას, როგორ სამშობლოს სიყვარულს უჩვენებს ბავშვს.

ემოციებს არჩევა უნდა. არის დადებითი და უარყოფითი ემოციები. ჩხუბიც ემოციაა, ღრიალიც ემოციაა, რისხვაც ემოციაა, გაღიზიანებაც ემოციაა. ეს ისეთი ემოციაა, რომელიც არყევს ყველაფერს, აგურს აგურზე არ აყენებს,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „რუსთავი 2“

წაიკითხეთ სრულად