Baby Bag

„არ გამოტოვოთ თქვენი ცხოვრების ეს ძალიან მაგარი საფეხურები“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ბავშვებს მიმართავს

​„ბავშვებო, რაც არ უნდა ცუდად იყოთ, როგორც არ უნდა ფიქრობდეთ, რომ ამ ცხოვრების დედაც, იცოდეთ, რომ ეს არის იმ წუთის ემოცია, როცა ამას ფიქრობთ. იცოდეთ, რომ თქვენი პრობლემა აუცილებლად გაივლის, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. იცოდეთ, რომ იგივე განცდა ყველას გვქონია და თქვენს ასაკში განსაკუთრებით. სიკვდილი ცუდია. სიცოცხლეა კარგი, რომელშიც აუცილებლად არის თქვენთვის გადანახული სიყვარული. ცოტა იმედგაცრუებაც, მაგრამ უფრო მეტი სიხარული. თქვენს წილ სიცოცხლეში ბევრი ფერადი დღეებია, თქვენი საყვარელი ადამიანებით სავსე ბედნიერი დღეები, მერე სტუდენტობა, მერე მოგზაურობა, მერე ემოციებით სავსე წლები. არ გამოტოვოთ ეს ყველაფერი. არ გამოტოვოთ თქვენი ცხოვრების ეს ძალიან მაგარი საფეხურები. თუ ახლა მიყურებ და ფიქრობ, რომ არაფერი მესმის შენი და განსაკუთრებით შენი პრობლემის, იცოდე, რომ ცდები. იმიტომ, რომ მეც მეშინია, მეც შემშინებია და თან მხოლოდ მაშინ კი არა, როცა შენხელა ვიყავი. გუშინ, გუშინწინ შემეშინდა. მაგალითად, შემეშინდა სახლიდან გამოსვლის, ხალხში გასვლის მეშინია. მეც მქონია განცდა, რომ ამ ცხოვრების დედაც, მაგრამ იქვე მახსენდება, რომ არაფერი სიცოცხლეზე მაგარი არაა და თუ ოდესმე მაინც მოგერევა შიში და იმედგაცრუება, გაიხსენე, რომ ყველა შენი საყვარელი ადამიანი აქ რჩება. შენ სადაც მიდიხარ, იქ არც შენი დედაა, არც შენი მამა, არც შენი ბებია, არც შენი შეყვარებული. ყველა აქ ვართ და შენც აქ უნდა დარჩე,“ - ამ სიტყვებით მიმართა ბავშვებს ნანუკა ჟორჟოლიანმა. 


შეიძლება დაინტერესდეთ