Baby Bag

„სკოლაშიც დადიოდა და გაკვეთილებსაც ესწრებოდა, ყველაფერს ასრულებდა, რაც ევალებოდა,“ – 29 წლის სოფლის რწმუნებული, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა

კასრისწყლის სკოლის დირექტორი ნანუკას შოუში სოფლის რწმუნებულის შესახებ საინტერესო ამბავს გვიყვება. გიორგი ბუღრიძე აცხადებს, რომ რწმუნებული მისი სკოლის მოსწავლეა:

„ამბავი არის ასეთი, რომ შარშან ზაფხულში განცხადების საფუძველზე ჩავრიცხეთ სკოლაში 29 წლის მოსწავლე. მას 9 კლასი ჰქონდა დამთავრებული, ამიტომ ჩვენ კანონი გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მისთვის მოსწავლის სტატუსი აღგვედგინა და აღვადგინეთ კიდევაც. იმ პერიოდისთვის ის რწმუნებული არ იყო. რწმუნებულად დაინიშნა წელს, 2020 წლიდან, როდესაც მიმდინარეობდა ექსტერნები. შარშან ჩვენ ის მეათე კლასში ჩავრიცხეთ. მისი მოთხოვნით მოვახერხეთ კლასის დონის ექსტერნებით დაძლევა. მან მეათე-მეთერთმეტე კლასის პროგრამა დაძლია.“

სკოლის დირექტორის თქმით, რწმუნებულად დანიშვნის დროს რწმუნებული მეათე კლასის მოსწავლე იყო:

„ის ჯერ კიდევ მეათე კლასში იყო, როდესაც სოფლის რწმუნებულად დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ექსტერნების საშუალებით კლასის დაძლევა. რწმუნებული გაკვეთილებსაც ესწრებოდა და სკოლაშიც დადიოდა. რა თქმა უნდა, გაცდენები ჰქონდა, მაგრამ ძირითადად მაინც დადიოდა სკოლაში. ის ექსტერნებზეც გამოცხადდა და ყველაფერს ასრულებდა, რაც სკოლაში ევალებოდა.“

გიორგი ბუღრიძის განცხადებით, სოფლის რწმუნებულის მეუღლეც მისი სკოლის მოსწავლეა:

„რწმუნებულის მეუღლის ასაკი ზუსტად არ ვიცი. ალბათ, 28-29 წლის იქნება. ის ამჟამად მეათე კლასში ირიცხება, წელს დაასრულებს და მეთერთმეტეში გადავა. როგორც მოსწავლეს მას დადებითად ვაფასებ, ნამდვილად არ შემიძლია, რომ უარყოფითად შევაფასო. ჩვენ სკოლაში გვყავდა 37 წლის მოსწავლეც, რომელმაც 8 საგანი ჩააბარა. ჩვენს სოფელს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ იქ სწავლა-განათლების მიღება ჭირდა, აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, როდესაც ადამიანი ამ ასაკში აბარებს გამოცდებს. ყველა გამოცდას ჩვენთან სამინისტროდან ჩამოსული დამკვირვებელი ესწრებოდა.“

„ჩვენთან სწავლობს რწმუნებულის ცოლისდაც, რომელიც მეათე კლასშია.“ - აღნიშნავს კასრისწყლის სკოლის დირექტორი. გიორგი ბუღრიძის თქმით, მოსწავლეებს რწმუნებულის და სხვა უფროსი ასაკის თანაკლასელებისადმი ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვთ. ბავშვები აღნიშნულ ფაქტს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დღეიდან ჩვენი ჰოსპიტალი თანამშრომლების დაახლოებით 8%-მა დატოვა...იგივე რეგულაცია აშშ-ში ამოქმედდება მასწავლებლებისთვისაც''

,,დღეიდან ჩვენი ჰოსპიტალი თანამშრომლების დაახლოებით 8%-მა დატოვა...იგივე რეგულაცია აშშ-ში ამოქმედდება მასწავლებლებისთვისაც''
ექიმი ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციასთან დაკავშირებით აშშ-ში არსებულ სიტუაციას აღწერს:

,,დღეიდან ჩვენი ჰოსპიტალი თანამშრომლების დაახლოებით 8%-მა დატოვა. აუცრელობის გამო გაუწყვიტა ჰოსპიტალმა კონტრაქტი. ასეთია ნიუ-იორკში მოქმედი რეგულაცია. აუცრელებში მხოლოდ ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელი არიან ექიმები, ოდნავ მეტი ექთნები და დანარჩენი ტექნიკური პერსონალია, მძღოლები, ექთნის თანაშემწეები, ექიმის თანაშემწეები და ასე შემდეგ.

იგივე რეგულაცია ამოქმედდება ნიუ-იორკში მასწავლებლებისთვისაც.

ანამარია (ჩემი უმცროსი შვილი) მიყვებოდა ბავშვები ვსაუბრობდით ვაქცინაციაზე და ყველას ვუთხარი რომ შენ აცრილი ხარო. ყველა ბავშვის მშობელი აცრილიაო. 9 წლის ბავშვებს უკვე ესმით ვაქცინაციის მნიშვნელობა და ამაყობენ მშობლების პასუხისმგებლობით. მასწავლებლები მის სკოლაში სრულად არიან აცრილი.

ნიუ-იორკის უდიდესი ნაწილი სრულად აცრილია. ეს ეტყობა ჰოსპიტალსაც. ორ ათეულს არ სცდება ხოლმე ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვი. მათში უკიდურესად იშვიათად შეხვდებით აცრილს. და თუ შეხვდებით უმეტესად 80 წელს გადაცილებულს, თანდართული დაავადებების უგრძესი სიით.

კოვიდ პანდემიის დასრულების გზა ნამდვილად გადის ვაქცინაციაზე,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი. 

წაიკითხეთ სრულად