Baby Bag

„სკოლაშიც დადიოდა და გაკვეთილებსაც ესწრებოდა, ყველაფერს ასრულებდა, რაც ევალებოდა,“ – 29 წლის სოფლის რწმუნებული, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა

კასრისწყლის სკოლის დირექტორი ნანუკას შოუში სოფლის რწმუნებულის შესახებ საინტერესო ამბავს გვიყვება. გიორგი ბუღრიძე აცხადებს, რომ რწმუნებული მისი სკოლის მოსწავლეა:

„ამბავი არის ასეთი, რომ შარშან ზაფხულში განცხადების საფუძველზე ჩავრიცხეთ სკოლაში 29 წლის მოსწავლე. მას 9 კლასი ჰქონდა დამთავრებული, ამიტომ ჩვენ კანონი გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მისთვის მოსწავლის სტატუსი აღგვედგინა და აღვადგინეთ კიდევაც. იმ პერიოდისთვის ის რწმუნებული არ იყო. რწმუნებულად დაინიშნა წელს, 2020 წლიდან, როდესაც მიმდინარეობდა ექსტერნები. შარშან ჩვენ ის მეათე კლასში ჩავრიცხეთ. მისი მოთხოვნით მოვახერხეთ კლასის დონის ექსტერნებით დაძლევა. მან მეათე-მეთერთმეტე კლასის პროგრამა დაძლია.“

სკოლის დირექტორის თქმით, რწმუნებულად დანიშვნის დროს რწმუნებული მეათე კლასის მოსწავლე იყო:

„ის ჯერ კიდევ მეათე კლასში იყო, როდესაც სოფლის რწმუნებულად დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ექსტერნების საშუალებით კლასის დაძლევა. რწმუნებული გაკვეთილებსაც ესწრებოდა და სკოლაშიც დადიოდა. რა თქმა უნდა, გაცდენები ჰქონდა, მაგრამ ძირითადად მაინც დადიოდა სკოლაში. ის ექსტერნებზეც გამოცხადდა და ყველაფერს ასრულებდა, რაც სკოლაში ევალებოდა.“

გიორგი ბუღრიძის განცხადებით, სოფლის რწმუნებულის მეუღლეც მისი სკოლის მოსწავლეა:

„რწმუნებულის მეუღლის ასაკი ზუსტად არ ვიცი. ალბათ, 28-29 წლის იქნება. ის ამჟამად მეათე კლასში ირიცხება, წელს დაასრულებს და მეთერთმეტეში გადავა. როგორც მოსწავლეს მას დადებითად ვაფასებ, ნამდვილად არ შემიძლია, რომ უარყოფითად შევაფასო. ჩვენ სკოლაში გვყავდა 37 წლის მოსწავლეც, რომელმაც 8 საგანი ჩააბარა. ჩვენს სოფელს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ იქ სწავლა-განათლების მიღება ჭირდა, აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, როდესაც ადამიანი ამ ასაკში აბარებს გამოცდებს. ყველა გამოცდას ჩვენთან სამინისტროდან ჩამოსული დამკვირვებელი ესწრებოდა.“

„ჩვენთან სწავლობს რწმუნებულის ცოლისდაც, რომელიც მეათე კლასშია.“ - აღნიშნავს კასრისწყლის სკოლის დირექტორი. გიორგი ბუღრიძის თქმით, მოსწავლეებს რწმუნებულის და სხვა უფროსი ასაკის თანაკლასელებისადმი ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვთ. ბავშვები აღნიშნულ ფაქტს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძალიან ვბრაზდები ექიმების ინერტულობაზე და ხშირ შემთხვევაში უაზროდ გამოთქმულ ეჭვებზე. სწორედ ექიმები აფერხებენ საკუთარი გადამდები ქცევით და ანტიპროპაგანდით ვაქცინაციას''

,,ძალიან ვბრაზდები ექიმების ინერტულობაზე და ხშირ შემთხვევაში უაზროდ გამოთქმულ ეჭვებზე. სწორედ ექიმები აფერხებენ საკუთარი გადამდები ქცევით და ანტიპროპაგანდით ვაქცინაციას''

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია საქართველოში ვაქცინაციის პროცესს აფასებს და ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ​MomsEdu.ge პოსტს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

,,ნურავის ეწყინება...

ისეთი რამეები წავიკითხე აცრების შესახებ ამ სივრცეში, არ ვიცი გავბრაზდე, თუ ვიცინო! "ვაქცინაში ფული გააკეთეს და უნდა ძალად შემოგვასაღონ!.." თუ ფული უკვე გაკეთდა, რა მნიშვნელობა აქვს ავიცრებით თუ არა- აცრა ხომ უფასოა?! "ანტივაქსერი კი არ ვარ, მინდა ზუსტად ვიცოდეთ რა გვერდითი მოვლენები აქვს.." ზუსტად, ამ ახალ პრეპარატზე კი არა, ათწლეულების განმავლობაში გამოყენებულზე ვერ ვიტყვით, როდის გამოიწვევს ანაფილაქსიურ შოკს. სწორედ დღეს მომიყვა ჩემმა მეგობარმა, რომელიც დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს, რომ ადრე ბევრჯერ გაუკეთებია ნოვოკაინი, მაგრამ შარშან, ლოს ანჯელესში, საჭიროების გამო მივიდა კლინიკაში, გაუკეთეს მანიპულაციისთვის ნოვოკაინი და ისეთ დღეში ჩავარდა, მთელი კლინიკის ძალისხმევა დასჭირდა10 საათის განმავლობაში მის გადარჩენას. სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა მოქმედება და გართულება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ანაფილაქსიის შანსი ყველას ერთნაირი აქვს.

რა ვაქცინის შესაღებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ჯერჯერობით საუკეთესო ვაქცინებია შემოტანილი?! გარწმუნებთ, დიდი ალბათობით ამდენს ვეღარ მოგვცემენ ახლო მომავალში და დამთავრდება თუ არა ეს ორი პარტია, უნდა გადავიდეთ ჩინურ ვაქცინებზე, რომელსაც იმ რაოდენობით ამზადებენ, რომ ჩვენი ქვეყანა რაოდენობის თვალსაზრისით სათვალავშიც შეიძლება გამორჩეთ ჩინელ მწარმოებლებს. უხარისხო არც ჩინური იქნება, მაგრამ ახლა ჩამოტანილები მაინც საუკეთესოდაა მიღებული.

...თუ არამედიკების მიერ გამოთქმული ეჭვები ასე თუ ისე გასაგებია და ახსნას საჭიროებს, ძალიან ვბრაზდები ექიმების ინერტულობაზე და ხშირ შემთხვევაში უაზროდ გამოთქმულ ეჭვებზე. სწორედ ექიმები აფერხებენ საკუთარი გადამდები ქცევით და ანტიპროპაგანდით ვაქცინაციას! სხვათა შორის, ეს არაა პირველი შემთხვევა - კარგად მახსოვს წითელას საწინააღმდეგო აცრებშიც ბევრი ექიმის ნეგატიური როლი. თუ არ გჯერა კაცობრიობის მეცნიერული მონაპოვრის, არ გწამს შენი საბრძოლო იარაღის ( და აცრა ერთადერთი იარაღია ჯერჯერობით), მაშინ რატომ ეწევი იმ საქმეს, რაც შენი არაა?! არანაირად არაა შენი პროფესია ექიმობა, თუ სიკეთის ნაცვლად ( მართლაც რომ იყოს იმაზე მეტი რისკი რაც სინამდვილეშია!), საკუთარი მაგალითის მიცემის ნაცვლად- ეჭვს და უნდობლობას თესავ თანამემამულეებში! ვისაც გინდათ იმათ გეწყინოთ! მე არც მყავს ასეთი მეგობარი კოლეგები- პირველივე დღეს ავიცარით ჩემებმა ყოველგვარი "ვაითუ" და "ეგების" გარეშე! კაცობრიობის გონის უნდა გჯეროდეს, უნდა გჯეროდეს იმ მედიკამენტის, რაც ამ გონის შედეგია (რა, სხვა შემთხვევაში არ გიხმარიათ ახალი პრეპარატი? თუ, ავადმყოფზე შეიძლება და საკუთარ თავზე - კარგად დავფიქრდეთ?!)! ექიმებს ბევრად მეტი მოგვეთხოვება და სხვა სპეციალობის ადამიანები ჩვენ შემოგვყურებენ ამ საკითხში მაგალითისთვის!,'' - აღნიშნავს ექიმი სოციალურ ქსელში. 

წაიკითხეთ სრულად