Baby Bag

„ერთმა ცნობილმა მხატვარმა ჩემი მეუღლე დახატა. ეს სურათი აქ დარჩა, ბელა წავიდა,“ - კახი კავსაძე ბელა მირიანაშვილზე

ცნობილ ქართველ მსახიობს, კახი კავსაძეს „იმედის დღემ“ იუბილე მიულოცა. მსახიობის თქმით, 85 წელი ხშირად საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი თავი კარგად გაიცნოს:

„ზოგიერთ ადამიანს ორჯერ და ხუთჯერ 90 წელი სჭირდება იმისთვის, რომ ცხოვრების აზრზე მოვიდეს, გაიგოს, რატომ დაიბადა, რატომ ცხოვრობს და საერთოდ ვინ არის. ზოგმა დაბადებიდანვე ყველაფერი იცის, ასეც ხდება ხოლმე. მე არ ვიცი, რომელ კატეგორიას ვეკუთვნი. ვცდილობ, აზრზე ვიყო, მაგრამ გამომდის? გამომივა? ეს ჯერ არ ვიცი. გავიგე, რომ იუბილეს ყველა სიყვარულით მილოცავს. მე მეშინია, რომ თავში არ ამივარდეს ქება. კაცს, რომ თავში დაარტყამს, იქ ყველაფერი მთავრდება. სცენის გარეშე ჩემთვის ცხოვრება ძნელია. არტისტისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება სცენაზე დგას, ძალიან რთულია, რომ დაჰკრას ფეხი და წავიდეს. მსახიობი გიჟდება და თავს იკლავს, რომ სხვას, მაყურებელს, ბედნიერება და სიხარული მიანიჭოს. წარმოგიდგენიათ, რა არის მსახიობის პროფესია?!“

კახი კავსაძე აღნიშნავს, რომ ის კორონავირუსის ინფექციას არ შეუშინებია და პანდემიას ზედმეტად მშვიდადაც შეხვდა:

„მგონი, ძალიან სასხვათაშორისოდ მოვიქეცი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენთან ყველაფერს კარგად გააკეთებდნენ. ასეც მოხდება, რა თქმა უნდა. შიშით ნამდვილად არ შემშინებია.“

მსახიობის თქმით, მას ყველაზე მეტად დიდი სცენა და შვილიშვილები ენატრება:

„შვილიშვილებთან მინდა ხოლმე ყოფნა. ისე სწრაფად გადის დრო, მენატრებიან. არტისტი ვარ და უნდა ვთქვა, რომ სცენაზე ყოფნა მენატრება. მაინც, არტისტისთვის სცენაზე ყოფნა არის ყველაფერი.“

კახი კავსაძემ აღნიშნა, რომ საკუთარ იუბილეზე ზედმეტი სენტიმენტების გამომჟღავნება არ სურდა, რის გამოც საყვარელ მეუღლეზე საუბარს მოერიდა. მან მხოლოდ ის ნახატი გაიხსენა, რომელზეც ბელა მირიანაშვილია გამოსახული:

„ერთმა ცნობილმა მხატვარმა ჩემი მეუღლე დახატა. ეს სურათი აქ დარჩა. ბელა წავიდა, ის მხატვარი ქალიც წავიდა, სურათი კი დარჩა.“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვისაც გოგოები ჰყავთ ჩემსავით გაზრდილი, არ თქვან, რომ რაიმე სირთულეს წააწყდნენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით,“- ნანა ლორთქიფანიძე

„ვისაც გოგოები ჰყავთ ჩემსავით გაზრდილი, არ თქვან, რომ რაიმე სირთულეს წააწყდნენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით,“- ნანა ლორთქიფანიძე

მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ, რომელიც ორი შვილიშვილის ბებიაა ბიჭების აღზრდის სირთულის შესახებ ისაუბრა:

„ორი შვილიშვილი მყავს, ბიჭები. ვისაც გოგოები ჰყავთ ჩემსავით გაზრდილი თითო-თითო, არ თქვან, რომ რაიმე სირთულეს წააწყდნენ საერთოდ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ბიჭების გაზრდა აბსოლუტურად სხვა რამეა. ეს არის ბევრად უფრო რთული. ჩვენ სულ გოგოები გვყავდა გარშემო. თვითონ სამი და ვიყავით. ყველამ გოგოები გავაჩინეთ, მარტო მაიკო იყო გამონაკლისი. ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ბიჭები ყოფილიყვნენ ასეთი თბილები, ასეთი მგრძნობიარეები. ჩემი შვილიშვილები ასეთები არიან.

სახლში ფეხბურთს ვთამაშობთ ხოლმე. ერთხელ რაღაც-რაღაცები მივლეწ-მოვლეწეთ. ახლა აღარ უნდათ ჩემთან თამაში. გაიზარდნენ და სხვა თამაშები მოსწონთ. 13 და 10 წლისები არიან. ჩვენი დამალობანა, დაჭერობა ჩაბარდა წარსულს. სად არ ვარ სახლში ნაპორტყიალები... ასაკის მატებასთან უფრო თბილები გახდნენ. რაც შეეხება წესების დაწესებას ბავშვებისთვის, ამას უფრო მაინც აკეთებენ დედები, ვიდრე ბებიები,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად