Baby Bag

„ადამიანის თვითშეფასება ბავშვობაში ყალიბდება. ბავშვი თვლის, რომ ისეთია, როგორადაც მას უფროსები აღიქვამენ," - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა გადაცემაში „რა დროს ძილია“ ადამიანის თვითშეფასებაზე ადრეული ბავშვობის წლების ზეგავლენის შესახებ საუბრობს:

„ყველაფერი იწყება ჩასახვიდან. ჯერ კიდევ მუცელში როდესაც არის ბავშვი, ადამიანი, პიროვნება, მან იცის ყველაფერი, ის უნდოდათ, თუ არ უნდოდათ. ინფორმაცია ნაყოფამდე მიდის. გინეკოლოგები ეუბნებიან დედებს, რომ მუცელში მყოფ ბავშვს მუსიკა მოასმენინონ, აუცილებლად უთხრან, რომ უყვართ, მამებს კი ურჩევენ, მომავალ შვილს უთხრან, რომ მას ელოდებიან. ექიმი მშობლებს ამას არ ეტყოდა, ბავშვს რომ არაფერი ესმოდეს. დედის მდგომარეობა ბავშვამდე მიდის. თუ ის ძალიან სასურველია, მან იცის, რომ ელოდებიან. არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ბავშვს, რომელიც შემთხვევით აბორტს გადაურჩება, ბაზისური ნდობა არ აქვს. ის სამყაროს არ ენდობა და ხშირად მშობლების მიმართ აგრესიულია. დედები ამ მოვლენას ვერ ხსნიან, მათ არაფერი დაუშავებიათ, ბავშვი თავად გაზარდეს, თუმცა იყო დრო, როდესაც დედას არ უნდოდა ეს ბავშვი, მაგრამ ეს მას აღარც ახსოვს. ბავშვმა საიდანღაც იცის, რომ ის არ უნდოდათ. ეს ნამდვილად ასეა, ამაში არაფერია მისტიკური. ეს არის ჩვენი არაცნობიერი ფსიქიკა, რომელშიც არის ინფორმაცია, არამხოლოდ ჩემი გამოცდილების, არამედ ჩემი წინაპრების გამოცდილებიდანაც. არაცნობიერი ფსიქიკა ჩვენი შავი ყუთია, რომელიც ჩვენშია და უამრავ ინფორმაციას იტევს.“

მარინა კაჭარავა მშობლებს ურჩევს, რომ შვილებისადმი ყოველთვის პატივისცემა გამოავლინონ:

„მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება. პიროვნებას ძალიან ბევრი რამ შეუძლია, მას აქვს უნარი, რომ გენეტიკაც კი შეცვალოს. ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს. ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების შემდეგ ბავშვს როგორ ექცევიან. მშობელს ბავშვის, როგორც პიროვნების პატივისცემა უნდა ჰქონდეს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვილი სათამაშოა, მან ჩვენი ცარიელი ადგილი შეავსო, ან ის მეუღლესთან ურთიერთობის დალაგებისთვის გვჭირდებოდა. თუ მშობელი ასე ფიქრობს, ის ინსტრუქციას აძლევს ბავშვს, რომ მთელი ცხოვრება გამშველებელი იყოს.“

მარინა კაჭარავა აღნიშნავს, რომ ბავშვთან საუბრისას სიფრთხილის გამოჩენა გვამრთებს, რათა მას გაუცნობიერებლად გული არ ვატკინოთ:

„ადამიანის თვითშეფასება ბავშვობაში ყალიბდება. ბავშვი თვლის, რომ ისეთია, როგორადაც მას უფროსები აღიქვამენ. ბავშვს ხუმრობა არ ესმის, ის ვერ გაიგებს, თუ ეტყვით: „ვაიმე, რას ჰგავს ეს ბავშვი, ამას ვინ წაიყვანს,“ ან „რა გაღუნული ფეხები გაქვს.“ მსგავსი სიტყვების მოსმენა ბავშვისთვის ტრაგედიაა. წარმოდგენები, რომლებიც მე ჩემს თავზე მაქვს, სხვებისგან არის მოწოდებული. ჩემზე დიდ გავლენას ახდენს ბაღში როგორ მიყურებენ, სკოლაში როგორ მიყურებენ, სოციუმი როგორ აღმიქვამს. თუ მეუბნებიან, რით ვერ ისწავლე, რა გახდა ეს ორს მივუმატოთ ორი, მე ვიწყებ ფიქრს, რომ უნიჭო ვარ. თუ ბავშვს ეტყვით, რომ სირცხვილია, თუ მან ლექსი ვერ ისწავლა, ის არაცნობიერად იკიდებს დანაშაულისგრძნობას, რომელიც მას არ სჭირდება. მშობელს აქვს თავისი სტანდარტი, რომელსაც უნდა, რომ მიამსგავსოს თავისი შვილი. მშობლები ხშირად ვერ გამოვდივართ ჩვენი ოცნებებიდან და სურვილებიდან და ამ ოცნებების ახდენა ჩვენს შვილზე გვინდა.“

„თვითშეფასების სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი არსებობს: გარეგნობა, ინტელექტი და წარმომავლობა. ადამიანები ხშირად განიცდიან მშობლის გარეგნობას, უბანს, სადაც ცხოვრობენ, ცდილობენ გადაფარონ რომელიმე რეგიონში დაბადების ამბავი. ეშინიათ, რომ ამის გამო ვინმემ არ დაამციროს. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი გამუდმებით უკან იხევს, მას რცხვენია საკუთარი თავის. ის თვლის, რომ მას არავინ აფასებს, არავისთვის არის საჭირო. ეს ადამიანს ფუნქციონირებაში ხელს ძალიან უშლის. ასეთი ადამიანები იმისთვის ცხოვრობენ, რომ დაგიმტკიცონ, რომ მაგრები არიან. როდესაც მშობლები ბავშვს გადაჭარბებით აქებენ, ის იწყებს ფიქრს, რომ მას ყველგან და ყოველთვის შეაქებენ. როდესაც ის სკოლაში მიდის, ასე არ ხდება და ბავშვს მუდმივი ფრუსტრაცია აქვს, ის ძალიან ბრაზობს, რომ მას ვერ აფასებენ ისე, როგორც უნდა დაფასდეს. ადეკვატური შეფასება კი აქვს ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს იღებს ისეთს, როგორიც ის არის და პატივს სცემს თავის პიროვნებას,“ - აღნიშნავს მარინა კაჭარავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ემიგრაციაში მყოფი მშობლების შვილებს ეკონომიკურად ყველაფერი მოგვარებული აქვთ, თუმცა ყველაზე მთავარი - მშობელთან ურთიერთობა აკლიათ

ემიგრაციაში მყოფი მშობლების შვილებს ეკონომიკურად ყველაფერი მოგვარებული აქვთ, თუმცა ყველაზე მთავარი - მშობელთან ურთიერთობა აკლიათ

მშობელმა ბავშვის აღზრდისას თავიდანვე უნდა მისცეს შესაძლებლობა, გამოკვეთოს საკუთარი ინტერესები. ამისთვის საჭიროა, რომ დღეში თუნდაც ერთი საათი დაუთმოს მასთან საუბარს, მასთან უშუალო კონტაქტს. საქართველოში არის ასეთი ტერმინი „სოციალურად ობოლი ბავშვი“. ესაა კატეგორია, ვისი მშობლებიც ძირითადად საზღვარგარეთ არიან და შვილებს ეკონტაქტებიან ინტერნეტით; ასეთ ბავშვებს აქვთ მშობლის დეფიციტი. შესაძლოა მას ეკონომიკურად ყველაფერი მოგვარებული აქვს – მაღალი ხარისხის ტანისამოსი, კერძო სკოლა, მაგრამ ყველაზე მთავარი აკლია – მშობელთან ურთიერთობა. ემოციური ინტელექტი სწორედ ოჯახიდან ყალიბდება – როგორ მისმენენ, როგორ მაღიარებენ, როგორ მითანაგრძნობენ, როგორი ურთიერთობები აქვთ, კონფლიქტებს როგორ აგვარებენ. ასე სწავლობს ბავშვი ცხოვრებას. ცნობილი ამბავია, რომ ჩვენი ემოციური ინტელექტი ჩვენი წარმატების საწინდარიცაა.

როდესაც კარგად ვიცნობ ჩემს ემოციებს, უფრო იოლად გამომდის სხვისი ემოციის ამოცნობაც. რატომ ხდება ბულინგის შემთხვევები? იმიტომ, რომ არავინაა ემპათიური, არავის არ აინტერესებს, რას გრძნობს ბავშვი. არის მეორე მომენტიც – უნდა აცნობიერებდე გარემოს. არ შეიძლება, მგლების ხროვაში კნავილი დაიწყო. უნდა იცოდეს ბულინგის მსხვერპლმა, როგორ „იყმუვლოს“, რეალური თავდაცვა უნდა იცოდეს ბავშვმა. ძალიან რთული თემაა ბულინგი. მასში მთელი სისტემაა ჩართული – ბავშვიც, მშობელიც, სკოლაც, გარემოც. ცნობილი ფოტოა, ხელმძღვანელი ეჩხუბება მამას, მამა – ცოლს, ცოლი – ბავშვს. როცა სოციუმი ნეგატიური ინფორმაციითაა დატვირთული, ბულინგის შემთხვევებიც ბევრია. ბევრმა მიზეზმა წარმოშვა ეს პრობლემა, მათ შორის სუიციდმა, რომელზეც მუდმივად და დაუღალავად საუბრობენ ტელევიზიებში. ბავშვს უჩნდება ფარული სურვილი, თვითონაც იგრძნოს თავი მსხვერპლად, ისევე მოიქცეს, როგორც ტელევიზორში მოისმინა, სუიციდის ჩამდენ მოზარდზე.

ხშირად ისმის კითხვა, გავაკეთოთ აქცენტი ძლიერ მხარეებზე თუ გავაუმჯობესოთ ბავშვის სუსტი მხარეები? – უმჯობესია, ძლიერი მხარეების წარმოჩენით დავიწყოთ. განვუმტკიცოთ თვითშეფასება, შევუქოთ ის უნარები, რაც ამა თუ იმ საქმეში გამოავლინა და ამის შემდეგ მივანიშნოთ სუსტ მხარეებზე. კონტექსტი ასეთი იქნება – თუკი ასე კარგად ართმევ თავს სხვა საქმეს, სცადე ესეც, იქნებ ეს უკეთესად გამოგივიდეს. მაგალითად, ბავშვს მათემატიკის მეცადინეობა ეზარება, იმიზეზებს, რომ არ გამოსდის, ვერ გაიგო; თქვენ უნდა მოუძებნოთ ფუნდამენტური ძლიერი მხარე და მასთან მიმართებაში გაუღვივოთ მათემატიკის სწავლის სურვილიც. ძალიან ამართლებს ეს მეთოდი.

მშობელს და შვილს შორის როცა კონფლიქტია, უპირატესობა მშობელს აქვს, რადგანაც გამოვლილი აქვს შვილობის პერიოდი. მაგრამ რატომ უქმნი საკუთარ შვილს იგივე პრობლემას, რამაც თავის დროზე შენ დაგანგრია? რატომ უკრძალავ იმას, რისი აკრძალვაც თავის დროზე შენთვისაც მტკივნეული იყო? აქ ორი საკითხია: ა) მშობელს ხშირად ავიწყდება შვილობის პერიოდი. ავიწყდება, როგორი ბავშვობა ჰქონდა თავად, რა სირთულეები გამოიარა და ბ) რა ღირებულებათა სისტემაა ახლა და რამდენად განსხვავდება ის შენი ბავშვობისდროინდელი ღირებულებებისაგან. თეორიულად ამგვარი საკითხების განხილვა ძალიან მარტივია, მაგრამ როცა საქმე უკვე ემოციურ მიჯაჭვულობას ეხება (მშობელი – შვილის მიმართ), იქ თავს იჩენს საფრთხის შიში, მუდმივი შფოთვა ბავშვის მდგომარეობაზე, მის გარემოზე, ქცევებზე. დედა ძალიან რთულად „უშვებს ხელს“ შვილს. ეს ჭიპლარის მეორედ გადაჭრას გავს. ასეთი გადაჭარბებული ზრუნვა კი ხშირად მოზარდებში უკუკავშირს იწვევს, მოზარდები ღიზიანდებიან, განიზიდავენ მშობელს. საქართველოში არის ეს ტენდენცია – მშობლები (უფრო დედები) საკუთარ ცხოვრებას მთლიანად, თავგანწირვით უძღვნიან შვილებს, ფაქტობრივად საკუთარი ცხოვრება აღარც აქვთ, მათი ყველა ინტერესი და მოთხოვნილება მიმართულია შვილის ცხოვრებაზე. ეს კი ბავშვისთვის ხშირად მომაბეზრებელი ხდება.

ამასთანავე, მშობელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რა რესურსის მატარებელია მისი შვილი. თუკი ამა თუ იმ პრობლემის მარტო მოგვარება ბავშვს არ შეუძლია, მაშინ, რა თქმა უნდა, მშობელი უნდა ჩაერთოს. ოღონდ, მაქსიმალურად კორექტულად და სწორად. ერთი პერიოდი ძალიან გავრცელებული იყო თამაში „ლურჯი ვეშაპი“ და როდესაც ამ პრობლემას განიხილავდნენ, ყოველთვის მიუთითებდნენ, რომ მშობლებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. არადა „ლურჯი ვეშაპის“ მსვერპლნი ისეთი ასაკის ბავშვები არიან, როცა ძალიან მჭიდროა მშობლებსა და მათ შორის კომუნიკაცია – 12, 9, 8 წლის ბავშვები. თვეობით ზის ბავშვი და თამაშობს ამ „ლურჯ ვეშაპს“ ისე, რომ საკუთარ შიშებს არ უზიარებს მშობელს, ეს ძალიან დამაფიქრებელია. რატომ არ მიდის ბავშვი მშობელთან, რატომ არ ელაპარაკება მას? აი, საიდან იწყება პრობლემა. პირველი ნაბიჯი აქაც მშობლისგან უნდა მოდიოდეს. კომუნიკაციის ინიციატორი დედა ან მამა უნდა იყოს, მან უნდა ესაუბროს შვილს, საკუთარი ისტორიებიც მოუყვეს, თუ ეს ბავშვისთვის საინტერესოა, და მისიც მოისმინოს. ბავშვს ეს ძალიან სჭირდება.

როდესაც თვითონ დედაა მჩაგვრელი, აქაც სხვადასხვა ფაქტორია – ან თვითონ იყო დედა ბავშვობაში მსხვერპლი, ან ოჯახშია კონფლიქტი და აგრესია ბავშვზე გადააქვს. ძალიან კარგი სამსახურია მანდატურის სამსახური, ფსიქოლოგიური სერვისი, ანტიბულინგური კამპანიები, ზოგადად, რაც სკოლას ამ კუთხით აქვს, ყველა მიმართულება, ყველა მათგანს მივესალმები, მაგრამ ეს მაინც ფასადურია იმ სინამდვილესთან შედარებით, რაც ბავშვსა და გარესამყაროს შორის ხდება. აგრესია ხშირად თვითგადარჩენის რეფლექსიაა, ამიტომ, ნებისმიერ ძალადობრივ გარემოში ეს რეფლექსია აქტიურად ვლინდება. ამიტომ არის საჭირო მშობლის, გარემოს სწორი კომუნიკაცია ბავშვთან და ამიტომაა საჭირო იმ ფსიქოლოგიური ნიუანსების ცოდნა, რომლებიც თვითშეფასებაში დაგეხმარებათ.

ავტორი: ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

წყარო: ​აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად