Baby Bag

„ჩემი ავადმყოფობით ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდ და მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ ახლა, განსაკუთრებით ზურასგან,“ - ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანიამ თოქ-შოუ „პროფილში“ მძიმე დაავადებასთან ბრძოლასა და მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:

„დღემდე საქართველოში ცოლ-ქმრის ასაკობრივ სხვაობაზე საუბრისას მე და ზურა ვრჩებით სალაპარაკო თემად. რაღაც პერიოდებში კომენტარებით შესევა რომ იციან, ყოველთვის ეხებიან ამ თემას. მათი აზრით, ეს არის შეურაცხმყოფელი. სინამდვილეში ეს არის, რაც არის. რამდენიც უნდა მიკბინოს ვინმემ, ამით რა შეიცვლება.“

ხათუნა ჟორდანიამ აღნიშნა, რომ სხვების მსგავსად ურთიერთობაში სირთულეები მას და მის მეუღლესაც ჰქონიათ:

„არ არსებობს ოჯახი, სადაც პრობლემები არ არის. ქორწინების ყველა ეტაპს აქვს თავისი სიმძიმეები. უმძიმესი პერიოდები გვაქვს გავლილი მე და ზურასაც. ჩვენი ქორწინება ბევრჯერ იყო სასწორზე, მაგრამ რაღაცნაირად შევძელით, როგორც შევძელით. ჩემი ავადმყოფობით ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდ და მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ ახლა, განსაკუთრებით ზურასგან. არ ვიცი, ვეცოდები, თუ მართლა ასეა, მაგრამ ეს რომ ნამდვილად გულწრფელია, ამას წლები მოწმობს.“

ხათუნა ჟორდანიას თქმით, მან მეუღლისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა:

„ძალიან ბევრი რამ მასწავლა ზურამ, პირველ რიგში, მოთმინება, ნამდვილი გურული ქალი ვარ, თავისი ყველანაირი შეცხადებებით, ჩქარი გადაწყვეტილებებით, ზურა უფრო დინჯია, დიდხანს უნდა იფიქროს, ვერ იტანს სიურპრიზებს. დიდხანს ეს ნერვებს მიშლიდა. მოვუწყობდი ხოლმე სიურპრიზს და ისეთი სახე ჰქონდა, ვფიქრობდი, რომ არ გაუხარდა ჩემი მისვლა. მერე მიხსნიდა, ხომ იცი, რომ ასეთი ადამიანი ვარო. ბევრ შენიშვნას მაძლევდა ზურა. სულ მეუბნებოდა, შენ ხარ ადამიანი, რომელიც რყვნი შენს ირგვლივ ყველა ადამიანს, იმდენ ყურადღებას, იმდენ სიყვარულს და იმდენ რამეს აძლევ, რომ მერე ყველა ეჩვევა, ამას ჩვეულებრივ ამბად თვლიან, შენ კი ძალაგამოცლილი რჩებიო. ზურა მირჩევდა, რომ სწორად გამენაწილებინა ჩემი ენერგია და სიყვარული ადამიანებზე.“

„ცოლ-ქმრის ურთიერთობაში მთავარი სირთულეები ყოველდღიურ ურთიერთობაშია. რაღაცები ხდება, რაც ან მას არ მოსწონს, ან მე არ მომწონს. ძირითადად კონფლიქტი ამის გამო მოგვდის, თუმცა იმდენად დიდი დრო გავიდა და ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ სულ რომ არაფერი ვთქვათ, მაინც ყველაფერი გვესმის“ - აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

ამარცხებს თუ არა სოდა სიმსივნეს? - ონკოლოგი ალექსანდრე თავართქილაძე

ამარცხებს თუ არა სოდა სიმსივნეს? - ონკოლოგი ალექსანდრე თავართქილაძე

ონკოლოგმა ალექსანდრე თავართქილაძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „იმედის დღე" საზოგადოებაში სოდის ჯადოსნურ თვისებებზე გავრცელებული მოსაზრებების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სოდა ორგანიზმში ტუტოვანი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს, რაც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ, მაგრამ ამის გაკეთება საკვების დახმარებითაც არის შესაძლებელი:

„საზოგადოებაში გავრცელებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ​სოდა გამოიყენება სიმსივნეების სამკურნალოდ, წამოვიდა იქიდან, რომ ონკოლოგიურ პაციენტთა უმრავლესობაში სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა არის მჟავიანობისკენ მიდრეკილი. აქედან წამოვიდა ის, რომ რაც უფრო მეტ ტუტე გარემოს შევუქმნით ორგანიზმს, მით უფრო ნაკლებად იზრდება სიმსივნური ქსოვილი. უშუალოდ სოდით მოხდება ტუტე გარემოს შექმნა, თუ სხვა რომელიმე საკვები პროდუქტით, არ აქვს მნიშვნელობა. საკვებ პროდუქტებს თავისუფლად შეუძლია ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი. სჯობს, რომ საკვები რაციონით მოხდეს მოწესრიგება.“

სოდის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა ერთ-ერთმა მეცნიერმაც, რომელმაც ცხოველებსა და ადამიანებზე ჩაატარა კვლევა, თუ რამდენად ეფექტიანად მოქმედებს სოდის მიღება თირკმლებზე:

„ჩვენმა ცდებმა, რომელიც ცხოველებსა და შემდეგ ადამიანებზე ჩავატარეთ, გამოავლინა, რომ სოდის მიღება დადებითად მოქმედებს თირკმელებზე. კერძოდ, მას ჰიდროკარბონატი გამოაქვს ორგანიზმიდან. შედეგად, ზოგიერთი თირკმლის დაავადების გამწვავება ნელდება და ​მცირდება აუტოიმუნური რეაქციების ინტენსივობა. აღნიშნული საკითხი მაინც კვლევის პროცესშია და არავის ვურჩევთ სოდის თვითნებურად მიღებას. მით უფრო, რომ დიდი რაოდენობით სოდა ტოქსიკურია.“

წყარო:​ „იმედის დღე"

წაიკითხეთ სრულად