Baby Bag

სანამ ბავშვი პირველ სიტყვას იტყვის, მანამდე მან მოსმენა და მოსმენილის გაგება უნდა შეძლოს - 9 მარტივი რეკომენდაცია მეტყველების განვითარების ხელშესაწყობად

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე მეტყველების განვითარების ხელშეწყობაზე საუბრობს. 

მშობლები ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდებიან შვილების მიერ წარმოთქმულ პირველ სიტყვებს. მეტყველებასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას:

  • სანამ ბავშვი პირველ სიტყვას იტყვის, მანამდე მან მოსმენა და მოსმენილის გაგება უნდა შეძლოს. ამიტომ ხშირად გაახმოვანეთ თქვენი და ბავშვის მოქმედებები 
  • წაუკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებიც შედგება მარტივი სიუჟეტებისგან და არის დასურათებული
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ამ წიგნებს წაუკითხავთ, მიუთითეთ ტექსტის შესაბამის ილუსტრაციებზე, წაახალისეთ ბავშვი, რომ მანაც იგივე გაიმეოროს
  • გამოიყენეთ ისეთი ლექსები, სიმღერები და ზღაპრები, სადაც ერთი და იგივე სიტყვები ხშირად მეორდება 
  • პერსონაჟების სახელები ჩააანაცვლეთ ხოლმე ბავშვის ან იმ ადამიანების სახელებით, ვისაც ბავშვი კარგად იცნობს
  • ბავშვთან საუბრის დროს ხშირად შეცვალეთ ინტონაცია, მიმიკა, ჟესტები. ასეთ დროს ბავშვებს უფრო მეტად უჩნდებათ ჩვენი მიბაძვის სურვილი
  • თქვენ თავადაც მიბაძეთ ბავშვს. გაიმეორეთ მის მიერ წარმოთქმული ბგერები და განავრცეთ ისინი
  • ეცადეთ, რომ ბავშვმაც გაიმეოროს თქვენ მიერ ნათქვამი ბგერები
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვს ექნება მცდელობა, რომ თქვენ მიერ ნათქვამი ბგერა გაიმეოროს, წაახალისეთ თქვენი მხიარული რეაქციებით.

მშობლის პოზიტიური რეაქციები ბავშვს განვითარების ნებისმიერ საფეხურზე ეხმარება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ თანაბრად იზრუნოს თანამშრომლობაზე, რადგან ბაღში ნასწავლი წყალში არ ჩაიყაროს"

,,მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ თანაბრად იზრუნოს თანამშრომლობაზე, რადგან ბაღში ნასწავლი წყალში არ ჩაიყაროს"

,,რატომ არის მნიშვნელოვანი, შედგეს თანამშრომლობა მშობელსა და საბავშვო ბაღს შორის - დავიწყოთ იმით, რომ ეს არის ორმხრივი პროცესი. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ მშობლის თანამშრომლობაზე ბაღის მიმართ ან პირიქით. ეს არის ორმხრივი პროცესი, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ბავშვის სრულფასოვანი განვითარება" - ამის შესახებ ადრეული განათლების სპეციალისტმა, ნინო ალელიშვილმა ისაუბრა.

,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშობელზე, აქ უნდა განვმარტოთ, რომ საქმე ეხება ზოგადად მეურვეს, მზრუნველს, ადამიანს - რომელიც ზრუნავს ბავშვზე. ჩვენ ვიცით, რომ ადრეული ასაკი არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი და სწორედ ამ დროს ვითარდება ყველა საბაზისო უნარი, რომელიც ადამიანს სჭირდება, ზოგადად, არსებობისთვის, ცხოვრებისთვის. როდესაც მშობელი იაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს წლები მისი შვილისთვის, ის უკვე მზად არის, ითანამშრომლოს საბავშვო ბაღთან. ბავშვი დღის ერთ ნაწილს ატარებს ბაღში, მეორეს - სახლში. თუ ეს წრე არ არის შეკრული მშობელსა და ბაღს შორის, ჩავთვალოთ, რომ რაც კეთდება ბაღში ან რაც კეთდება სახლში, შესაძლოა, აღარ იყოს იმდენად შედეგიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ თანაბრად იზრუნოს თანამშრომლობაზე, რადგან ბაღში ნასწავლი წყალში არ ჩაიყაროს.

ბაღს ასევე ძალიან დიდი როლი აქვს მშობლების განვითარების მიმართულებით, მათში ცნობიერების ამაღლების მხრივ. მან უნდა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია ადრეული განვითარების შესახებ. არ არის აუცილებელი, რომ ბაღმა მაინცდამაინც ორგანიზება გაუკეთოს ტრენინგებს ან სემინარებს მშობლებისთვის, თუ ეს ხერხდება, არის არაჩვეულებრივი, რატომაც არა. მაგრამ უბრალოდ ინფორმაციის გაზიარებაც კი ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ცნობიერების ამაღლების კუთხით. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ბაღში მოვიდა ფლაერი, ბროშურა, რომელიც ეხება ძალადობის ფორმებს და ისინი დაურიგეს მშობლებს. აღმზრდელს შეუძლია, ის გაუზიაროს მშობლებს თუნდაც მშობელთა კრებაზე. ძალიან ბევრმა მშობელმა არ იცის, თუნდაც,  როგორ ამოიცნოს ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვებში. 

აღმზრდელის, პედადოგის შრომა ძალიან დიდია საბავშვო ბაღში. კანონით განსაზღვრულია, რომ მაქსიმუმ 30 ბავშვი უნდა იყოს ერთ ჯგუფში, ორ აღმზრდელთან. ესეც ბევრია და საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბევრად ნაკლები ბავშვი უნდა იყოს ჯგუფში. სამწუხაროდ, მაქსიმალური რაოდენობა - 30 ბავშვი რჩება დღეს დიდ  გამოწვევად და ბაღები ვერ ახერხებენ, რომ დააკმაყოფილონ ეს ზღვარი", - ამბობს ნინო ალელიშვილი.

წყარო: ,,​რჩევები მშობლებს"

წაიკითხეთ სრულად