ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„იმის გაკეთება, რაც საზოგადოებას მიაყენებს შეურაცხყოფას, ვერანაირად ვერ გამართლდება გამოხატვის თავისუფლებით,“- ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე
ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ საზოგადოებაში არსებული ქცევის ნორმების გაშინაგნების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„სოციალიზაციის ეტაპი ნიშნავს საზოგადოებაში არსებული ქცევის ნორმების გაშინაგნებას. ვიღაცა ვიღაცას რომ არ კლავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას იმ წუთას ბიბლია ახსენდება. ეს უკვე ღირებულებაში ზის. ვიღაც ვიღაცას რომ სიკეთეს უკეთებს, მას არ ახსოვს საიდან აქვს ეს ღირებულება წამოღებული. საზოგადოებაში ქცევის ნორმები ნიშნავს, არ გავაკეთო ის, რაც საზოგადოებას მიაყენებს შეურაცხყოფას და ვერანაირად გამართლდება ეს გამოხატვის თავისუფლებით.“
„ადექი და რაც შენ გინდა ის გააკეთე შენს პირად სივრცეში. ის პირადი სივრცეც დაცული უნდა იყოს, სხვა რომ არ შემოვიდეს. არამარტო უპასუხისმგებლობის, არამედ სრული უხამსობის მოდა შეიქმნა. ამას ძალიან შეუწყო ხელი მასმედიამ. მან ეს აქცია სანახაობად. ძველ დროში ადამიანს რამდენი უნდა ემუშავა, რომ გამხდარიყო პოპულარული, მიეწვიათ სადღაც. ორ წუთში შეიძლება ყველა ეთერის ყურადღება მიიპყრო ნებისმიერი უხამსობით. ოთხი შოუს სტუმარი გახდები, ინტერნეტში გექნება მილიონი ნახვა. პრობლემა ის არის, რომ რეიტინგი ითვლება ნახვის რაოდენობით და არა ხარისხით. ამან შექმნა სივრცე, რომელიც მე არ მომწონს და ვიცი, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ მოსწონს,“- აღნიშნულ საკითხზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.