ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„ცოტა გავაიშვიათოთ ამ მოვლენების მოსმენა, წუთში ერთხელ ნუ მოვისმენთ,“- ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის რეკომენდაცია
ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა ადამიანებს ურჩია ომთან დაკავშირებით სიახლეებს უწყვეტად არ გაეცნონ და ტვინი ჭარბი სტრესისგან დაიცვან:
„საყოველთაო რჩევაა, რომ ცოტა გავაიშვიათოთ ამ მოვლენების მოსმენა. რა თქმა უნდა, ეს ყველას გვაინტერესებს, მაგრამ წუთში ერთხელ ნუ მოვისმენთ. როდესაც თქვენ ფეხდაფეხ მიყვებით მოვლენებს, საკუთარ ტვინს გაბმულ, მუდმივ სტრესში ამყოფებთ. ამბების გაცნობას შორის შუალედების გაზრდა საკუთარი ფსიქიკის დაცვაა.“
ხათუნა მუზაშვილის თქმით, ადამიანებს შორის მზარდი აგრესია ომის პირობებში შემთხვევითი არ არის:
„ერთმანეთზე აგრესიაც არ არის შემთხვევითი. ამას საფუძვლად სულ სხვა რამ უდევს, ვიდრე გვგონია. საბრძოლო მოქმედებების დროსაც კი დაცულობის განცდა არის უმთავრესი. ამას ომში მყოფი ადამიანი იღებს გვერდზე მდგომებისგან, თანამოაზრეებისგან. ადამიანს ამ მდგომარეობაში უნდა შემოიკრიბოს თანამოაზრეები. ამიტომ არის ამდენი: წაგშლით, ჩემს გვერდზე მარტო თანამოაზრეები უნდა იყვნენ.“
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტრესის დროს მართლა შემოვიკრიბოთ თანამოაზრეები. მივცეთ საშუალება ერთმანეთს, რომ თანამოაზრეებს ვესაუბროთ. დავკავდეთ რაიმე ისეთით, რითაც დახმარება შეგვიძლია. თუ ჰუმანიტარული დახმარება გროვდება ომში მყოფი ადამიანებისთვის, ხომ კარგი. თუ არა, უბრალოდ გაჭირვებულ ადამიანებს რომ დავეხმაროთ გარშემო, ეს ძალიან სერიოზულ შვებას გვაძლევს, იმიტომ, რომ რაღაცას ვაკეთებთ,“- აღნიშნულ საკითხზე ხათუნა მუზაშვილმა ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.