ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობისას ძალის დემონსტრირებაა საჭირო - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის აღზრდისას რიგ შემთხვევებში მშობლის მხრიდან სიმტკიცის გამოჩენასა და ბავშვისთვის მკაცრი მოთხოვნების წაყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„ბავშვი რომ ფანჯარაზე დადგება, ხომ არ დაუწყებ საუბარს: „ხომ არ ჩამოხვიდოდი, შვილო?!“ პირდაპირ ჩამოსვამ. ბავშვს რომ ნარკოტიკს დაუნახავ... რაღაცები არის, რაზეც მკვეთრი ქირურგიული გზები არის საჭირო.“
მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვთან ძალის დემონსტრირება ცემა-ტყეპას ან ყვირილს არ გულისხმობს:
„ერთმა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა მითხრა, ჩვენ ევროპაში გამოვალაყეთ ბავშვები საუბრითო. ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობისას ძალის დემონსტრირებაა საჭირო. აქ ცემა-ტყეპა არ იგულისხმება, არც ყვირილი. აქ იგულისხმება ქცევა. თუნდაც თვალის თვალში გაყრა ერთ სიმაღლეზე, ზოგჯერ ხელის მოკიდება, ოდნავ მოჭერა და თვალებში ყურება, ხმის დაწევა, განა აწევა, რომ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გეუბნები.“
„თვალის კონტაქტი მაქვს ბავშვთან, სხვაგან კი არ ვიყურები. სხვას კი არ გადარებ, ჩემს ბავშვობას კი არ გადარებ. პირდაპირ რაღაცას მოვითხოვ შენგან. რატომ? 18 წლამდე ჩემი პასუხისმგებლობაა შენი სიცოცხლე. ის, რაც სიცოცხლეს და მორალს ეხება, ის, რამაც შეიძლება ადამიანი დაღუპოს, აქ მშობელი ფუნქციონირებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.