ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
სამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად
ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ნანა ტატიშვილი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობ სამ ნიშანს ასახელებს.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშანი არსებობს, რომელზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს. პირველი, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება, 10 დაძახებიდან 6-7-ჯერ მაინც უნდა ჰქონდეს რეაქცია, მეორე - საჩვენებელ თითს არ იყენებს მისათითებლად და მესამე, როცა ჩვენს მითითებულზე არ ატრიალებს თავს და არ უყურებს ნივთს:
,,თუ ეს სამი ნიშანი შეამჩნიეთ 18 თვემდე ბავშვს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ არა უშავს, თავისით გამოსწორდება, არ გამოსწორდება თავისით. აჟიოტაჟის ატეხვა სჯობს, ვიდრე ის, რომ რაიმე გამოგვეპაროს,'' - აღნიშნა ნანა ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.