ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„მსუქანი ბავშვი არ არის ჯანმრთელი ბავშვი... მინდა, რომ ეს გააცნობიეროს ყველამ,“ - პედიატრი რუსუდან ჯაში
პედიატრმა რუსუდან ჯაშმა ბავშვების უსაფრთხო კვებისა და მათი წონის კონტროლის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„მსუქანი ბავშვი არ არის ჯანმრთელი ბავშვი. მინდა, რომ ეს გააცნობიეროს ყველამ. ის ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს მისი წონის ასაკობრივ ნორმებს. ხშირად, როდესაც 2-3 კილოთი მეტია ბავშვი იმ წონაზე, რაც იმ თვის ბავშვს შეესაბამება, ეს არის უკვე სერიოზულად ყურადღებამისაქცევი, გასათვალისწინებელი და გასააზრებელი ექიმის მიერ.
მინახავს, რომ ასეთი ბავშვები ვეღარც მოძრაობენ, წვანან. არ აქვთ ყველა ის ჩვევა, რაც უნდა ჰქონდეს იმ ასაკის ბავშვს. რატომ? იმიტომ, რომ წონაში არის მეტი. დედის რძეს უკეთ ინელებს ბავშვი. დაუმატეს კვება, ხომ? მას ამის მონელება უჭირს. რაოდენობის სწორად შერჩევაც უჭირთ, იმიტომ, რომ პარალელურად ხდება რძისა და ხელოვნური საკვების მიღება.ყველაფერი ამის გამო, ვთქვათ გაცივდა ბავშვი, ის ნახველს ვეღარ ათხევადებს, ფერმენტები აღარ ჰყოფნის, რადგან ეს მიდის მთლიანად საკვების მოსანელებლად. ამ დროს იწყება ხველა. ხველა იწყება და ფიქრობენ, რომ ავად გახდა ბავშვი. იწყება ანტიბიოტიკების გამოყენება, როდესაც სულ არ არის საჭირო. შეიძლება უბრალოდ კვების მოწესრიგებით ეს ყველაფერი მოგვარდეს. ხდება რეფლუქსი და ამ რეფლუქსის ფონზეა ეს ხველა და არა გაციების ფონზე. ბევრი რამ არის, რაც სწორედ უსაფრთხო კვებასთან არის დაკავშირებული და სწორედ არასწორ კვებასთან არის კავშირში,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.