ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
რა გავლენას ახდენს ორსულსა და ნაყოფზე ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება? - თამარ ედიბერიძის პასუხი
ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ორსული ქალების მიერ მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის გამოყენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია:
„მნიშვნელოვანია დავიცვათ რეჟიმი. ორსულის ექსპოზიცია მსგავსი ტიპის მოწყობილობებთან უნდა იყოს დოზირებული, ლიმიტირებული და ორგანიზებული. ყველა ის რისკ-ფაქტორი, რომელიც არაორსულის შემთხვევაში არის არააქტუალური, ორსულის შემთხვევაშიც რჩება. ხანგრძლივად, უწყვეტ რეჟიმში ერთი და იგივე საქმიანობის განხორციელება, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებს უკავშირდება, ეს არის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე განსხვავებული დატვირთვა, მხედველობაზე განსხვავებული დატვირთვა, ნერვულ სისტემაზე განსხვავებული დატვირთვა. ელექტრონული მოწყობილობა ბლოკავს სხეულიდან სხვადასხვა სიმპტომისა და ჩივილის შეგრძნებას. ჩვენ უფრო გვიან მივხვდებით, რომ გვეტკინა წელი, უფრო გვიან ვიგრძნობთ, რომ ხელი დაგვეღალა, თვალი დაგვეღალა. ამ დროს უფრო ნაკლებად ვახამხამებთ თვალებს. ეს ყველაფერი არის სტრესის მაღალი დონე და ეს ორსულს არაფერში არ სჭირდება.
ის, რაც მაღალი სტრესისა და მაღალი შფოთვის დონისთვის არის დამახასიათებელი, ამის მიმართ ორსული ისეთივე მგრძნობიარეა, როგორც არაორსული. ნაყოფი ზოგადად მეტად მგრძნობიარეა სტრესული ფაქტორების მიმართ. ორსული ქალბატონისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რეჟიმი, ვიდრე არაორსულობის შემთხვევაში. ჩვენ ამ დროს პასუხისმგებელი აღარ ვართ მხოლოდ საკუთარ სხეულზე, პასუხისმგებლობა გვაქვს ნაყოფის წინაშე,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.