ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„ვისაც გოგოები ჰყავთ ჩემსავით გაზრდილი, არ თქვან, რომ რაიმე სირთულეს წააწყდნენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით,“- ნანა ლორთქიფანიძე
მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ, რომელიც ორი შვილიშვილის ბებიაა ბიჭების აღზრდის სირთულის შესახებ ისაუბრა:
„ორი შვილიშვილი მყავს, ბიჭები. ვისაც გოგოები ჰყავთ ჩემსავით გაზრდილი თითო-თითო, არ თქვან, რომ რაიმე სირთულეს წააწყდნენ საერთოდ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ბიჭების გაზრდა აბსოლუტურად სხვა რამეა. ეს არის ბევრად უფრო რთული. ჩვენ სულ გოგოები გვყავდა გარშემო. თვითონ სამი და ვიყავით. ყველამ გოგოები გავაჩინეთ, მარტო მაიკო იყო გამონაკლისი. ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ბიჭები ყოფილიყვნენ ასეთი თბილები, ასეთი მგრძნობიარეები. ჩემი შვილიშვილები ასეთები არიან.
სახლში ფეხბურთს ვთამაშობთ ხოლმე. ერთხელ რაღაც-რაღაცები მივლეწ-მოვლეწეთ. ახლა აღარ უნდათ ჩემთან თამაში. გაიზარდნენ და სხვა თამაშები მოსწონთ. 13 და 10 წლისები არიან. ჩვენი დამალობანა, დაჭერობა ჩაბარდა წარსულს. სად არ ვარ სახლში ნაპორტყიალები... ასაკის მატებასთან უფრო თბილები გახდნენ. რაც შეეხება წესების დაწესებას ბავშვებისთვის, ამას უფრო მაინც აკეთებენ დედები, ვიდრე ბებიები,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.