ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება პირველ ოქტომბრამდე.“- გიორგი ამილახვარი
ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში განსახილველი სიახლეებისა და რეფორმების შესახებ ისაუბრა:
„მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია რამდემინე საკითხისა და რეფორმის თაობაზე, რომელსაც დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი განიხილავს. დღეს დაჩქარებული წესით დავაინიცირებთ სიახლეს პირის სკოლაში შესვლის თაობაზე. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი იწყებს ორ თემატურ მოკვლევას მეტად მნიშვნელოვან საკითხზე. ერთი, სასკოლო-საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასება. მეორე, ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა. პირველი მოკვლევის ფარგლებში შევისწავლით სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პრაქტიკას. მეორე მოკვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებისა და შემდგომი განათლების საკითხებს.
დღეს ასევე ვიწყებთ განხილვას საბაკალავრო პროგრამებში მასწავლების მომზადების მაინორ პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებით. საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ სწავლის განმავლობაში აირჩიონ და გაიარონ მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად ასევე მოიპოვონ მასწავლებლად მუშაობის უფლება. შესაძლებელი გახდება მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა უფრო მცირე დროში.
მშობლების ძალიან დიდი მომართვიანობის საფუძველზე ინტენსიური მუშაობის შედეგად განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება პირველ ოქტომბრამდე. ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რათა მყისიერად შეძლოს სარგებლობა ყველამ, ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული. ჩვენი მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად,“- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.