Baby Bag

„აკრძალვა მარტივია, ბევრი უნდა იშრომო საკუთარ შვილზე, მას უნდა ელაპარაკო, როგორც დიდს, როგორც პიროვნებას,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„აკრძალვა მარტივია, ბევრი უნდა იშრომო საკუთარ შვილზე, მას უნდა ელაპარაკო, როგორც დიდს, როგორც პიროვნებას,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მშობლები შეცდომას უშვებენ, როდესაც შვილებს ყველაფერს უკრძალავენ:

„საქართველოში მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა ძირითადად არის აკრძალვის ურთიერთობა. მშობელი შვილს ყოველთვის უკრძალავს რაღაცას. ის​ ბავშვს არ განუმარტავს და ისე ეუბნება: „გააკეთე ეს, ნუ იქცევი ასე.“ ძირითადად არის ასეთი ურთიერთობა. მე სულ ვეუბნები მშობლებს, რომ არ შეიძლება. შვილს უნდა ელაპარაკო, როგორც დიდს, როგორც პიროვნებას. შეხედე ბავშვს, როგორც დიდ ადამიანს, რომელსაც საკუთარი აზრი აქვს, საკუთარი შეხედულება აქვს. დააფასე მისი მდგომარეობა და ნახე მერე როგორი გაიზრდება.“

დეკანოზი შალვა კეკელია მშობლებს შორის ხშირი კონფლიქტის პრობლემასაც ეხება და მსგავსი ურთიერთობის ნეგატიურ შედეგებდე საუბრობს:

„ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. ალბათ, ბევრ თქვენგანს გამოგიცდიათ მშობლების ერთმანეთში ყვირილი, ჩხუბი, ხმამაღლა ლაპარაკი ერთმანეთთან, სულ დაძაბულობა. 90% ჩვენი მოსახლეობის ასეა გაზრდილი, ჩხუბში, ყვირილში. ისინი ხედავდნენ, როგორ კამათობდნენ მშობლები, როგორ არ სცემდნენ ერთმანეთს პატივს. ასე იზრდება მერე შვილიც, ისიც ასე აგრძელებს ცხოვრებას, ისიც ასე ექცევა საკუთარ შვილს, ეს გრძელდება და გრძელდება. ​თაობიდან თაობას გადაეცემა აკრძალვის ურთიერთობა. მშობელი სულ უყვირის შვილს, ეჩხუბება. ვეუბნები: ​„მოეფერე, აუხსენი, სხვა რამე შესთავაზე.“ პატარა ბავშვებსაც კი ასე ექცევიან ხოლმე. შეიძლება, რომ ორი წლის ბავშვს ყვირილით ელაპარაკო?! შეიძლება ორი წლის ბავშვს ხელი გაარტყას მშობელმა?!“

დეკანოზის თქმით, ჩვენ ჩვენი მშობლების შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და შვილების მიმართ დამოკიდებულება შევცვალოთ:

„რაც თქვენ არ მოგწონდათ თქვენს მშობელში, ის თქვენ აღარ უნდა გააკეთოთ თქვენს შვილებთან. თქვენ შეიცვალეთ, თქვენ გახდით სხვანაირები. ქრისტიანობაც ამას გვეუნება, რომ რაც არ მოგწონდა შენ მიმართ გაკეთებული, ის არ უნდა გაუკეთო სხვას. შენ მოექეცი შენს შვილს სხვანაირად, შენ გააკეთე სხვანაირად. უნდა მოსთხოვო საკუთარ თავს, მაგრამ ეს შრომაზეა დამოკიდებული. ბევრი უნდა იშრომო საკუთარ შვილზე, ​აკრძალვა მარტივია. ადვილია ბავშვს ხელიდან გამოგლიჯო რაღაც, რაც ცუდია, მაგრამ როდესაც რამეს გამოგლეჯ, სხვა რამის შეთავაზება ძნელია. ამას დრო სჭირდება, დალაპარაკება და ახსნა უნდა. ამის ნერვები არავის აქვს დღეს, არავინ არავის უხსნის რამეს.“

„ერთხელ ჩემი მრევლის წევრი მეუბნებოდა, რომ მისმა შვილმა თავი დაანება ეკლესიაში სიარულს. ამბობდა, ბავშვობიდან სულ წირვაზე დამყავდა და სიარული შეწყვიტაო. იცით, რას აკეთებდა? 3-4 წლის ბავშვს საღამოს ლოცვებზე ატარებდა და დილით წირვაზე ასწრებდა. ბავშვს როდესაც თამაში უნდოდა, მას შემოჰყავდა წირვაზე. როდესაც ლოცულობდა, ბავშვს თავში წამოარტყამდა ხელს, მაცადე, ვლოცულობო. ამ ბავშვს კარგი დამოკიდებულება ექნებოდა ეკლესიასთან? ჩემს შვილს სათამაშოები უჭირავს ხოლმე ხელში და ისე ვლოცულობ ხოლმე მასთან ერთად. როდესაც მარტო მინდა ლოცვა, ბავშვებს რომ დავაძინებ, მერე ვლოცულობ. ბავშვების ხარჯზე არ ვლოცულობ. ის ბავშვია, პატარაა, იმას თამაში უნდა. ჩემს მრევლს ხშირად ვეუბნები, ბავშვი რომ მოგყავთ კვირას წირვაზე, წირვის შემდეგ სადმე წაიყვანე, ათამაშე, რომ სხვა სიხარულთან ასოცირდებოდეს მისთვის წირვა. ერთი კანფეტი უყიდე, სათამაშო უყიდე, რაღაც გაუკეთე, გაასეირნე, მეგობართან წაიყვანე. მისთვის წირვა იძულება არ უნდა იყოს. ეს დამოკიდებულება მერე მოიტანს სხვა რაღაცას. ღმერთი არის სიყვარული. როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ, ისე უნდა მოექცე სხვას. შენ გაგიხარდებოდა, ასე რომ მოგექცნენ?! სიმკაცრეც საჭიროა. შეიძლება გაუბრაზდე ბავშვს, რაღაც უთხრა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერებაში.​ ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ როდესაც საყვედურია მისაცემი, საყვედურს აძლევ, როდესაც მოსაფერებელია, ეფერები,“ - აღნიშნავს დეკანოზი შალვა კეკელია.

​წყარო

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„ბავშვებში არ უნდა დომინირებდეს „მე მინდა,“ მათ უნდა ისწავლონ პატივისცემა და სიმდაბლე,“ -...
​დეკანოზი თეოდორე გიგნაძე შვილის სწორად აღზრდის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობლებს მართლმადიდებლური აღზრდა ხშირად არასწორად ესმით:„ჩვენ ძალიან ხშირად გვგონია, რომ შვილის მართლმადიდებლურად აღ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

წაიკითხეთ სრულად