Baby Bag

„ჩემი შვილი რომ დავკრძალეთ, იმ დღეს წავედი, ნათლობა ჩავატარე... მათ არც კი ვაგრძნობინე, რომ რამდენიმე საათის დაკრძალული მყავდა საკუთარი შვილი,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„ჩემი შვილი რომ დავკრძალეთ, იმ დღეს წავედი, ნათლობა ჩავატარე... მათ არც კი ვაგრძნობინე, რომ რამდენიმე საათის დაკრძალული მყავდა საკუთარი შვილი,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ შვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და ის მძიმე წუთები გაიხსენა, რომელიც იოანეს გარდაცვალებისას მისმა ოჯახმა გამოიარა:

„ჩემმა შვილმა მხოლოდ რამდენიმე საათი იცხოვრა დედამიწაზე და მერე ღმერთმა ჩაიბარა მისი სული. სამი შვილი მყავს დედამიწაზე და ერთი მყავს ღმერთთან. მათ შორის მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ. ჩემსა და იოანეს შორის არასოდეს ურთიერთობა არ შეწყვეტილა. იოანე ჩვენი ოჯახისთვის არის მფარველი ანგელოზი. მან ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ.“

მამა შალვა კეკელიას თქმით, იოანეს დაბადების შემდეგ მისი მეუღლეც ძალიან დამძიმდა:

„მეუღლეც ძალიან დამიმძიმდა. მეოთხე საკეისრო კვეთა იყო, დაეწყო სისხლდენა, სამი ლიტრა სისხლი დაკარგა, სიკვდილის პირად დაგვიდგა. ისიც ძლივს გადავარჩინეთ. მთელი ყურადღება მეუღლეზე იყო გადატანილი და ისე მყავდა ბავშვის ცხედარი დატოვებული, ეს მომენტი ძალიან მტკივა. მეუღლესთან ღუდუშაურში როდესაც მივდიოდი, ვიღაცები მოდიოდნენ, ვიღაცას შვილი შეეძინა, ვუღიმოდი, ვულოცავდი. არ იცოდა ჩემი ტკივილის შესახებ არავინ. იონე რომ დავკრძალეთ, იმ დღეს წავედი, ნათლობა ჩავატარე. შეპირებული ვიყავი. მათ არც კი ვაგრძნობინე, რომ რამდენიმე საათის დაკრძალული მყავდა საკუთარი შვილი. მეუღლე რეანიმაციაში მყავდა და უმძიმეს მდგომარეობაში იყო. არ ვიცოდი, გადარჩებოდა თუ არ გადარჩებოდა.“

„ჩვენ გვავიწყდება, რომ არსებობს მარადიული ცხოვრება. ეს ბევრმა ადამიანმა არ იცის. ყველას ცხოვრებაში აუცილებლად დადგება გარდაცვალების დღე და სული წარდგება ღვთის წინაშე. ჩემს შვილთან არასდროს მისაუბრია ცხოვრებაში და ყველაზე კარგად მას ვიცნობ. ყველაზე დიდი პრობლემა როდესაც მქონია ცხოვრებაში, სადაც მივდივარ, არის იოანეს საფლავი, მასთან მივდივარ. მას ვუსვამ კითხვებს და იქიდან წამოსულს ყოველთვის მაქვს სწორი პასუხები. ახლა იოანე იქნებოდა ხუთი წლის. ძალიან ლამაზი იყო, ღვთაებრივი სილამაზე ჰქონდა. მისი გარეგნობა თვალებში მიდგას, მაგრამ ყველაზე მეტად მის სულთან მაქვს ურთიერთობა,“ - აღნიშნულ საკითხზე მამა შალვამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა.

წყარო: ​„სიკეთე მარტივია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

წაიკითხეთ სრულად