Baby Bag

-25 კილოგრამი - როგორ მივაღწიოთ სასურველ წონას შიმშილისა და სტრესის გარეშე

-25 კილოგრამი - როგორ მივაღწიოთ სასურველ წონას შიმშილისა და სტრესის გარეშე

ჭარბი წონის მოცილება და სხეულის ლამაზი ფორმები - ალბათ ამაზე ნებისმიერ ჩვენგანს უფიქრია. როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს  შიმშილისა და სტრესის გარეშე - ამ საკითხზე ​Moms.ge-ს ტრენერი გიორგი ვასაძე ესაუბრა. 

- გიორგი, რას ეტყოდით მოტივაციისთვის ადამიანებს, რომელთაც წონის პრობლემა აქვთ და ნებისყოფა არ ჰყოფნით. რით დაიწყონ, როგორ შემოუძახონ თავს...

- ჩაიხედონ სარკეში, რამდენად აკმაყოფილებთ საკუთარი სხეული. თუ არ აკმაყოფილებთ მონაცემები და აწუხებთ ჭარბი წონა, ან პირიქით, სურთ მომატება, უნდა მოძებნონ პერსონალური მწვრთნელი, კონკრეტულად ფიტნესში, რომელიც პროფესიონალურად იმუშავებს მასთან ერთად და რაც მთავარია, მოერგება მის ხასიათს. მათ უნდა დაგეგმონ სავარჯიშო პროგრამა, კვებითი რეჟიმი და კვირაში სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერ ივარჯიშონ, რის შედეგადაც სამ-ოთხ თვეში მიიღებენ იმ შედეგს, რომელიც ასე ძალიან სურთ.
- როგორ დავიწყოთ დილა? რა ვჭამოთ ვარჯიშამდე?
- ყველაზე მიღებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება, არის უზმოზე წყლის მიღება, 100მგ.-დან 200 მგ.-მდე. კვებას რაც შეეხება - წიწიბურა, შვრიის ფანტელი, მოხარშული კვერცხი - რომელიც უფრო მისაღებია თქვენთვის.
- დღის რომელ მონაკვეთში ჯობია ვარჯიში?
- ვარჯიშები ინდივიდუალურია, დამოკიდებულია გრაფიკის შედგენაზე. დილა იქნება თუ საღამო, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, გაღვიძებიდან ორი-სამი საათი მაინც იყოს გასული, რადგან სხვა შემთხვევაში გამოიწვევს მრავალ პრობლემას: გულმა უნდა გაიღვიძოს,ორგანიზმი უნდა გამოფხიზლდეს, სისხლმა უნდა დაიწყოს მოძრაობა. რაც შეეხება საღამოს ვარჯიშს, არაუმეტეს 11 საათისა, რადგან ღამით ორგანიზმი გადადის ძილის რეჯიმში და არ შეიძლება მისი აქტიურობა.
- შეიძლება თუ არა წყალი ვარჯიშის დროს?
- წყლის მიღება ნებისმიერ დროს შეიძლება. დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ ორ ლიტრამდე წყალი, ლიტრანახევარი მაინც.
- ვარჯიშის დაწყებამდე და ვარჯიშის შემდეგ რამდენი ხანი არ უნდა მივიღოთ საკვები?
- ვარჯიშამდე ერთი, ან საათნახევრით ადრე მსუბუქი საკვების მიღებაა რეკომენდებული. ვარჯიშის დასრულებისას კი - მაქსიმუმ 45 წუთის შემდეგ. უნდა მივიღოთ ისეთი საკვები, რომელც არ შეგვიშლის ხელს წონის დაკლებაში (რთული ნახშირწყლები, ცილოვანი საკვები). ხოლო ვინც წონის მომატებას ცდილობს, ნახევარი საათის განმავლობაში კოქტეილი უნდა მიიღოს და მალევე საკვებიც.
- პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლების მიზნით კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ...
- ექსტრაცხიმები, რომელშიც შედის fast food. ზეთში შემწვარი საკვები, ასევე ტკბილეული.
- პროდუქტები, რომლებიც ვარჯიშის დროს აუცილებლად უნდა მივიღოთ...
- ჩვენ არ ვშიმშილობთ. უბრალოდ, რასაც აქამდე ვჭამდით, ამოვიღეთ და დაგვრჩა ქათმის ფილე, თევზი, წიწიბურა, ბრინჯი, შვრიის ფაფა, საქონლის ხორცი, ხბოს ხორცი და ა.შ. მთავარია, შეიცვალოს ფორმები და თუ მიაღწევთ სასურველ შედეგს და თქვენი სხეული იქნება აქტიური, შეგიძლიათ წაახალისოთ საკუთარი თავი და კვირაში ერთხელ მიიღოთ ის საკვები, რაც გულით გსურთ. მთავარია, მიჰყვეთ სწორად კვების ხელოვნებას.

- საკუთარ თავზეც რომ ისაუბროთ, როგორ და როდის დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრება და რა გახდა მოტივაცია?
- 2009 წლიდან ვვარჯიშობ დარბაზში, კვირაში სამჯერ. 10 წლის განმავობაში არასოდეს გამიცდენია ვარჯიში, ასე სტაბილურად მოვდივარ. რაც შეეხება კარიერულ მიღწევებს, 2015 წელს ვმონაწილეობდი კატეგორია men’s physique, რომელიც გულისხმობს body building-ის სახეობას და ჩემი სადებიუტო გამოსვლა წარმატებით შედგა - დავიკავე მეორე ადგილი. 2015 წელს პირველად საქართველოს სახელით ესპანეთში წარვსდექი. 2016 წელს საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილი დავიკავე, ამავე წელს თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც გამარჯვებულად გამოვცხადდი. მოტივაცია საკუთარი სხეულის გაუმჯობესება იყო, მანამდე კი ფეხბურთს ვთამაშობდი 14 წელი, ანუ ერთგულად ვემსახურები სპორტს. მწვრთნელი გავხდი 2014 წლიდან.
2014 წლიდან დღემდე გიორგი არაერთ ადამიანს დაეხმარა სასურველი წონის მიღწევაში. ერთ-ერთია მარიამი, რომელმაც ვარჯიშითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ორ თვეში 25 კგ. დაიკლო.

- თავიდან რომ დავიწყე ვარჯიში, კვირაში სამჯერ დავდიოდი დარბაზში. ვიკვებებოდი ისე, როგორც გიორგიმ მითხრა, ჯანსაღად. შიმშილის გრძნობა არ მქონდა, რადგან დაბალანსებული კვება მაქვს. მეორე თვიდან კი დავიწყე ყოველდღიური ვარჯიში. თვენახევრის შემდეგ 22 კილოთი ნაკლებს ვიწონიდი.

- რა ინტენსივობით დადიხართ დარბაზში და რამდენი ხანი ვარჯიშობთ?
- ახლა ყოველდღე დავდივარ და ვვარჯიშობ საათი ან საათნახევარი.
- რა არის საბოლოო მიზანი? კიდევ რამდენი კგ-ს დაკლება გსურთ?
- ჯერ მიზნამდე 15 კგ. მაშორებს, მინდა ჩამოვიდე 50 კგ-ზე.
- რამ გადაგაწყვეტინათ ვარჯიშის დაწყება?
- ჭარბმა წონამ და ჯანმრთელობის პრობლემამ მომიყვანა აქ. სხვა დარბაზშიც მივლია, თუმცა წონას კლება არ განუცდია. დიეტოლოგიც კი მყავდა, მაგრამ ვერ ვიკლებდი, გაყინული ვიყავი კონკრეტულ წონაზე. წამლებისგან გავთავისუფლდი და დავიწყე ჯანსაღად ცხოვრება.

 

- რას ეტყოდით გოგოებს, რომლებთაც წონის პრობლემა აქვთ და ნებისყოფა არ ჰყოფნით, დაიწყონ ვარჯიში?
- წონა არის დაავადება, რომელიც იწვევს ქრონიკულ დაავადებებს და თუ არ მიაქცევთ ყურადღებას, ფატალურ სახეს მიიღებს. ჩემი გულწრფელი რჩევაა, იპოვოთ პერსონალური მწვრთნელი და შეცვალოთ ცხოვრების სტილი. იკვებეთ სწორად და არ იშიმშილოთ. იმდენად კარგია ცხოვრება, ახლა ვერც კი წარმომიდგენია თავი ჯანსაღი კვების გარეშე. ეს ყველაფერი გადადის ჩვევაში. კიბეზე ასვლა მიჭირდა, წნევები მაწუხებდა. ჩემს თავს შემოვუძახე და დღეს, აი, ასე გამოვიყურები. გიორგი თავისი საქმის პროფესიონალია და რაც მთავარია, მეგორბულია, ვთვლი, რომ გამიმართლა. ბედნიერი და ამაყი ვარ თითოეული დაკლებული კილოგრამით. შემთხვევით მოვედი გიორგისთან, მან კი - მეორე სიცოცხლე მაჩუქა.
ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ