Baby Bag

შილაკი - საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის

შილაკი - საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის

ქალბატონების უმეტესობას მოვლილი და ლამაზი ფრჩხილები ძალიან მოსწონს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ფრჩხილის ლაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალტერნატივა ჯანმრთელობის პოტენციურ რისკებს შეიცავს. ქალბატონების უმრავლესობა ფრჩხილის მოვლას ყოველდღიური რუტინის ნაწილად მიიჩნევს. შილაკით გატაცებულ ადამიანებს ექსპერტები მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან თვლიან, რომ ლაქის აღნიშნული ნაირსახეობა ჯანმრთელობის ფარულ საფრთხეებს შეიცავს.

შილაკი თანამედროვე ქალბატონებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა. ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები დაბერების პროცესს აჩქარებს და სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ პოტენციურ ფაქტორადაც გვევლინება. შილაქის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით ესთეტიკურ ცენტრებში სწორედ ულტრაიისფერი ნათურა გამოიყენება. სხივების ზემოქმედების გარეშე ლაქი ფრჩხილზე ვერ გამყარდება. სწორედ ულტრაიისფერი დასხივების წყალობით ინარჩუნებს შილაქი საოცარ სიმყარეს და არ ითხაპნება.

ექსპერტები ფრთხილის მოვლისას აკრილის ლაქის გამოყენებისგან თავშეკავებასაც ითხოვენ, რადგან უახლესი კვლევებით დგინდება, რომ აღნიშნული ლაქის შემადგენლობაში შემავალი მეთილის მეტაკრისტალი თქვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს და საშიშ კანცეროგენად მიიჩნევა. 

კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ექსპერტები თვლიან, რომ შილაკის შრობის პროცესი ქალბატონების ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება ორგანიზმზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. შილაქის შრობის პროცესში ულტრაიისფერი გამოსხივება საკმაოდ მაღალია, რაც სიმსივნის განვითარების რისკებს ზრდის.

ზოგიერთი ესთეტიკის ცენტრი, პოტენციური რისკების თავიდან აცილების მიზნით, შილაკის შრობის პროცესში სპეციალურ LED-ნათურებს იყენებს, რომელთაც ნაკლები ულტრაიისფერი გამოსხივება აქვთ. შესაბამისად, მსგავსი ნათურებით ლაქის გაშრობა შედარებით ნაკლებ საფრთხეს შეიცავს და ნაადრევი დაბერების ან სიმსივნის განვითარების რისკებთან არ ასოცირდება.

ექსპერტები ქალბატონებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავის დაცვას ურჩევენ. აუცილებლობის შემთხვევაში გამოსხივება მაქსიმალურად ლიმიტირებული დოზით უნდა მიიღოთ. თუ შილაქის გაშრობას LED-ნათურების გამოყენებით ვერ ახერხებთ, პროცედურის დაწყებამდე ხელზე მზისგან დამცავი ხელის კრემი აუცილებლად უნდა წაისვათ.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 ​bit.ly/3iF0YnF​

შილაკის ხშირი გამოყენება და კანის სიმსივნის დიაგნოზი - დერმატოლოგების გაფრთხილება
​ქალბატონებს უჭირთ იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება შილაკი რომ არ არსებობდეს. გელის გაშრობის მარტივი პროცედურა, გლუვი ზედაპირი და 2-3 კვირის განმავლობაში შენარჩუნებული შედეგი ყველა ქა...
„თუ ადამიანი ხშირად მიმართავს შილაკის პროცედურებს, რა თქმა უნდა, ავტომატურად იზრდება რისკი...
დერმატოონკოლოგი თეონა შულაია „იმედის დილაში“ შილაკის აპარატის ხშირი გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ულტრააისფერი სხივები სიმსივნის განვითარების რისკებს ნამდვილად ზრდის:„ლედ ნათურები...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის საჭირო" - ინფექციონისტი

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის  საჭირო" - ინფექციონისტი

როდისაა ანტიბიოტიკების მიღება რეკომენდებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ თავი აარიდოს არასასურველ პროცესებს? ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ,,იმედის" გადაცემაში - ,,ჩვენი ოჯახი" სტუმრობისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არსებითია, მშობელმა ექიმს მიმართოს, როდესაც არ იცის, რასთან აქვს საქმე.

,,ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე და არა ვირუსზე - ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ დიფერენცირება, რომელთან გვაქვს საქმე ან ხომ არ გართულდა ვირუსული ინფექცია და გახდა ის ბაქტერიული. სახლის პირობებში რომ მშობელმა ეს შეძლოს, არის ძალიან რთული. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ თუ ჩვენ არ მოგვწონს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვფიქრობთ, რაღაც მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი, უნდა მივმართოთ ექიმს და ის გადაწყვეტს, უნდა მისცეს თუ არა ბავშვს ანტიბიოტიკი. ამის საკუთარი ინტერპრეტირება მშობელმა არ უნდა მოახდინოს.

ხანდახან შესაძლოა,  ვირუსიც გაგრძელდეს ათი დღის განმავლობაში და არ იყოს საჭირო ანტიბიოტიკი, ხანდახან კი შესაძლოა, ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ მეორე-მესამე დღესაც იყოს საჭირო მისი მიღება. ამის შეფასება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით უნდა მოხდეს ექიმის მიერ, რადგან შესაძლოა, ბავშვს მშობელმა ანტიბიოტიკი ისეთ დროს მისცეს, როცა ეს არ შეიძლება ან პირიქით, დაგვიანებულად მისცეს და ბავშვის მდგომარეობა გართულდეს. 10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის ხოლმე საჭირო, ზოგად სტატისტიკას თუ ავიღებთ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რძის პროდუქტების მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ის აუცილებელია როგორც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ასევე - ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და იმუნური სისტემისთვის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად ვებრძოლოთ ვირუსს", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. 

წყარო: ​,,ჩვენი ოჯახი"

წაიკითხეთ სრულად