დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დიეტაზე, კეტოგენურ დიეტაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რას გულისხმობს კეტოგენური დიეტა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა ამ რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
კეტოგენური დიეტა ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ბევრი ადამიანი მას თვითნებურადაც კი მიმართავს. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმირებულობა ამ საკითხზე საკმაოდ მწირია და კეტოგენური დიეტის მიმდევართა უმეტესობამ არ იცის, რომ ამ რეჟიმით შესაძლოა, ზიანიც კი მიადგეს ორგანიზმს.
კეტოგენური, იგივე კეტოდიეტა - გულისხმობს საკვებ რაციონში ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებას: 70% მოდის ცხიმებზე, 25% ეთმობა ცილებს, ხოლო დანარჩენი 5% კი უკავია ნახშირწყლებს.
ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს, ხოლო კეტოგენური რეჟიმის დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმი, კონკრეტულად კი ცხიმის წვისგან მიღებული კეტონური სხეულები. თუმცა რაოდენ მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს ტერმინი, კეტოდიეტას თან ახლავს არაერთი გვერდითი მოვლენა.
განვიხილოთ კეტოგენური კვების რაციონი: ამ დროს რაციონი გაჯერებულია ძირითადად ცხიმოვანი საკვებით.
კეტოგენური დიეტის დროს დაშვებულია:
რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით,
კვერცხი,
ნებისმიერი ხორცეული,
თევზი და ზღვის პროდუქტები,
მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს,
სოკო,
თხილეული,
მცენარეული ზეთი,
ნაღების კარაქი,
ხილიდან - კენკროვნები და ავოკადო.
რაციონის მთავარი პრინციპი კი არის პროცენტული ბალანსის დაცვა - 70% ცხიმი, 25% ცილა და 5% ნახშირწყლები. აქვე აღვნიშნავ, რომ კალორაჟის კონტროლი კეტოდიეტის დროსაც ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.
შევეხოთ კეტოგენური დიეტის დადებით მხარეებს: ყველაზე ხშირად რასაც ამ დროს პაციენტები აღნიშნავენ არის ის, რომ მათ პრაქტიკულად არ შივდებათ. ამ ტიპის რეჟიმის დროს რეგულირდება ჰორმონ ინსულინის დონე. ინსულინი არის ანაბოლური (მაშენებელი) ჰორმონი, რომელიც იწვევს მადის გაძლიერებას, შესაბამისად, ამ ტიპის კვების დროს ხდება მადის დაქვეითება, წონაში კლება კი მიმდინარეობს ცხიმების ხარჯზე და თან ნაკლებად ხდება კუნთური მასის შემცირება. აქვე განვაგრძოთ მისი უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა: კეტოგენურ კვებას შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა), სიმძიმე კუჭ-ნაწლავის არეში, გულისრევის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე რომელიც მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტის ფონზე შეიძლება განვითარდეს. კეტო მიმდევართა უმეტესობა ამ რეჟიმზე გადასვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში აღნიშნავს ძლიერ სისუსტეს, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაქვეითებას და კუნთების ტკივილს, რასაც „კეტო ფლუ“ (კეტო გაციება) ეწოდება. როგორც წესი, ეს ჩივილები რამდენიმე დღეში ქრება. ასევე რადგან აღნიშნული კვების რეჟიმის დროს უფრო მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა ღვიძლს და თირკმლებს, შესაძლებელია, მოხდეს მათი ფუნქციის დარღვევა. გვერდით მოვლენას მიეკუთვნება ორგანიზმში ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის მატება.
კეტო რეჟიმის დაცვა არ შეიძლება ორსულებისთვის და ლაქტაციაში მყოფი ქალებისთვის. ასევე აკრძლულია ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანისთვის (დიაბეტი, გულის უკმარისობა და ა.შ). მისი დაცვა კატეგორიულად აკრძალულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.
ბოლოს კი, ტრადიციულად ჩვენს მკითხველს ისევ შევახსენებ, რომ კვების ნებისმიერი ტიპის დროს მხოლოდ რაციონს არ ენიჭება უპირატესობა, აუცილებელია კალორაჟის და კვების ჯერადობის კონტროლი. კვლავ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და არ არსებობს ყველასთვის მორგებული არც კვების ტიპი და არც კვების რაციონი.
კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტები - „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით სამედიცინო-კარდიოლოგიური კონფერენცია გაიმართა, რომელზეც კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტები განიხილეს. მომხსენებლებმა გულის პათოლოგიების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„ყოველწლიურად ახალი მეთოდები და რეკომენდაციები შემოდის სამედიცინო პრაქტიკაში, კონფერენციაც თანამედროვე მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. ჩვენი გუნდი ფეხდაფეხ მისდევს ევროსკოლასა და მის მიღწევებს, რაც თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“ - რამაზ ბათავანი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.
„ჩემი დღევანდელი მოხსენება არითმოლოგიის მიმართულებას ეძღვნებოდა. ძირითადად ორი ასპექტი გამოვყავი, პირველი ეს გახლდათ უეცარი კარდიული სიკვდილი, რომელზეც მთელი კარდიოლოგიური გარდაცვალების ნახევარი მოდის. მაგალითად, ამ მიზეზით აშშ-ში ყოველწლიურად 350 ათასი გარდაცვალება ფიქსირდება, ქართულ სტატისტიკაზე თუ გადმოვიტანთ, ეს ნიშნავს დღეში 12 უეცარ სიკვდილს, რისკებისგან თავის არიდება კი მხოლოდ სწორი დიაგნოსტიკითა და გულში შესაბამისი მოწყობილობების იმპლანტაციითაა შესაძლებელი. რაც შეეხება თემის მეორე ნაწილს, წინაგულთა ფიბრილაციის მართვა გახლდათ, იგივე მოციმციმე არითმია, რომელიც ინსულტების განვითარების ერთ-ერთი მიზეზია - მსოფლიოში ყოველი მეოთხე ინსულტი სწორედ წინაგულთა ფიბრილაციის შედეგია. ამ დაავადებისგან სიკვდილობის შემცირება მხოლოდ დროული აბლაციით შეიძლება, ანუ არითმიის კერების მოწვით ან მოყინვით, რაც პაციენტების დიდ ნაწილს ცხოვრების ჯანმრთელი რიტმით გაგრძელების საშუალებას აძლევს. „ნიუ ჰოსპიტალსში“ არითმიების მართვის თანამედროვე ცენტრი გვაქვს, რომელიც სრულყოფილი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი“- ზვიად მათოშვილი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ არითმიების ცენტრის ხელმძღვანელი, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტი.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ დიდი ხანია კარდიოქირურგიული განყოფილება არსებობს, რომელიც ოპერაციების სრულ სპექტრს ატარებს. წლების განმავლობაში მრავალი წარმატებული გამოცდილება დაგვიგროვდა და კონფერენციაც ამ წარმატებული გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარებას ემსახურება.
მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, მოხსენებაში წარვადგინე მომუშავე გულზე ოპერაციის, შუნტირების საკითხი, რომელიც საქართველოში ჩატარებული კარდიოქირურგიული ოპერაციების 70% -ს მოიცავს. შუნტირება გაცილებით ამცირებს პაციენტის გართულებას და სწრაფად ახდენს მის რეაბილიტაციას, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ინფარქტს.
საქართველოში კარდიოლოგია და კარდიოქირურგია იმდენად მაღალ საფეხურზეა, შეიძლება ითქვას, რეგიონში ლიდერები ვართ.“ - ზაზა კაციტაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.