Baby Bag

„არ შეიძლება, რომ ბავშვთა ასაკში წახალისების სახით ტკბილეული იყოს გამოყენებული,“ - ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ბავშვის ჯანსაღ წონასა და ჯანსაღ კვებაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მუცლადყოფნის პერიოდში დედამ უნდა დაიწყოს ზრუნვა ბავშვის ნორმალურ ჩამოყალიბებაზე. ჭარბი წონით დაბადებული ბავშვი უკვე რისკია იმისა, რომ მას ზრდასრულ ასაკში განუვითარდება სიმსუქნე. როდესაც ბავშვი მოევლინება სამყაროს, იქიდანვე იწყება სწორი ნუტრიციული სწავლება მშობლისთვის, თუ როგორ უნდა კვებოს სწორად ბავშვი. ზომიერების ფარგლებში ყველაფერი დასაშვებია. თუ საუზმეზე იქნება 1 ნაჭერი პური და 5-10 გრამი კარაქი, ეს დასაშვებია. ამას არ უნდა დაემატოს ცხიმში მომზადებული კვერცხი, ძეხვეული და ა.შ. თუ დილით მივიღებთ ნოყიერ საკვებს, დღის განმავლობაში ბავშვი დატვირთული უნდა იყოს ხილით, ბოსტნეულით, წვნიანით.“

ლაშა უჩავას თქმით, ტკბილის მიღება მშობლებმა ბავშვს ნაადრევი ასაკიდანვე არ უნდა შესთავაზონ:

„ტკბილი უნდა იყოს შორს ჩართული კვებაში. არ შეიძლება, რომ ბავშვთა ასაკში წახალისების სახით ტკბილეული იყოს გამოყენებული. ამასთან დაკავშირებით უნდა მოვიფიქროთ სხვა რაღაცები.თუ ბავშვს თავიდანვე არ მივაჩვევთ წახალისების სახით ტკბილეულს, ან რაღაც ასაკამდე შოკოლადი არ ექნება გასინჯული, მისდამი სიყვარული არ ჩამოუყალიბდება. როდესაც ბავშვი მოდის, ჩემი პირველი კითხვა არის: „თქვენ მუშაობთ?“ გაკვირვებულები მიყურებენ. ამაში დამნაშავე არის მშობელი. ბავშვი ვერასდროს ვერ იყიდის სწრაფი კვების ობიექტში, ვერ იყიდის ტკბილ გაზირებულ სასმელს, ვერასდროს ვერ იყიდის შოკოლადს, თუ არ წაახალისა მშობელმა. ალბათ, ხშირად დაგინახავთ ქუჩაში რომ მოძრაობთ, გადასასვლელზე მწვანეს არასდროს არ ელოდება მშობელი, ბებია თუ ბაბუა. ამ შემთხვევაში შეიძლება დარღვევისკენ უბიძგონ ბავშვს და ასე გადაკვეთოს მანაც ქუჩა.“

„როდესაც მოდიან ვიზიტზე, მშობელი გვეუბნება: სადილზე ხაჭაპური გამოვაცხვე და ბავშვმა ვერ გაუძლო, შეჭამა. როგორ შეიძლება, როდესაც ბავშვს დაბალკალორიულ კვებაზე ვესაუბრებით, რომ წონა შეინარჩუნოს და შენ პროვოცირებას უკეთებ. ეს ოჯახური ტრადიცია უნდა იყოს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დავუმკვიდროთ ოჯახში ბავშვს,“- აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თრომბოზის ასაკობრივი ბარიერი ძალიან გაახალგაზრდავდა,“ - სისხლძარღვთა ქირურგი მამუკა ბოკუჩავა

„თრომბოზის ასაკობრივი ბარიერი ძალიან  გაახალგაზრდავდა,“ - სისხლძარღვთა ქირურგი მამუკა ბოკუჩავა

სისხლძარღვთა ქირურგმა მამუკა ბოკუჩავამ ქალბატონებსა და მამაკაცებში თრომბოზის განვითარების რისკების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პირველადი თრომბოზი უფრო ხშირად ქალბატონებს ემართებათ, ხოლო განმეორებითი - მამაკაცებს:

„პირველადი თრომბოზი სტატისტიკურად ითვლება, რომ ქალბატონებს უფრო ხშირი აქვთ, ​ხოლო განმეორებითი თრომბოზები მეორე საკითხია. როდესაც განმეორებითი თრომბოზები იქნა დათვლილი, აღინიშნა, რომ მამაკაცებში უფრო ხშირად ვითარდება. ამის ახსნა ზუსტად ცოტა ძნელია, თუმცა განმეორებითი თრომბოზების ალბათობა მამაკაცებში უფრო ხშირია.“

მამუკა ბოკუჩავას თქმით, თრომბოზის განვითარებაში დიდი როლი აქვს ასაკსაც. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო მაღალია თრომბოზის განვითარების რისკი:

„რაც შეეხება ასაკობრივ თავისებურებებს,​ რაც უფრო მაღალია ასაკი, თრომბოზების განვითარების ალბათობა უფრ​ო მაღალია. მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში, მათ შორის ჩვენთანაც, იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, ძალიან გაახალგაზრდავდა თრომბოზის ასაკობრივი ბარიერი. მქონია შემთხვევა, რომ ხუთი წლის ასაკის ბავშვს განუვითარდა თრომბოზი, აქ იყო მემკვიდრეობითი ფაქტორი. მამა იყო დატვირთული თრომბოზების ანამნეზით. ბავშვს ხუთი წლის ასაკში განუვითარდა ქვემო ღრუ ვენის თრომბოზი. მქონდა შემთხვევა 12 წლის ბავშვთან, როდესაც აქტიური სპორტით იყო დაკავებული ბავშვი, იქ ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდა საერთოდ. ეს არის ერთეული შემთხვევები, თუმცა ზოგადად გაახალგაზრდავების ტენდენცია არის.“

„წვის შეგრძნება და ქავილი ეს არის ქრონიკული ვენური დაავადების ერთ-ერთი თანმხლები სიმპტომი. ამასთან არის სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, რომელიც  აღენიშნება დაახლოებით 60-70 %-ს.​ წვა და ქავილი არის სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, ვენურ პათოლოგიასთანაც იყოს კავშირში და შეიძლება მისგან დამოუკიდებლადაც იყოს.ამის განმაპირობებელი არის სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის დარღვევა. სარქვლოვანი აპარატი ნორმალურ სიტუაციაში განაპირობების სისხლის ნორმალური მიმართულებით ტერფიდან გულისკენ გადაადგილებას,“ - აღნიშნულ საკითხებზე მამუკა ბოკუჩავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად