Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი...“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი...“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელ ძირითად სიმპტომებზე ისაუბრა:

​რამდენიმე ინფორმაცია ომიკრონის შტამთან დაკავშირებით (რადგან ომიკრონის გავრცელება სულ ახლახანს დაიწყო, კვლევები მწირია, თუმცა რამდენიმე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია).

ომიკრონით გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) შემცირდა 3 დღემდე.

ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი.

ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი.

ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემტხვევაში.

სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს.

ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია (დელტას შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო ომიკრონის შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს).

​ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს.

ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70%-ით (თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია).

50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, 4-5-ჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი.

რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტია არავაქცინირებული.

ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს.

კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - 5%.

ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ინფიცირებულთა დიდი რიცხვის გამო სამუშაო ადგილებზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად