Baby Bag

კვებითი პირამიდა ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის - პედიატრ მაია ჩხაიძის რეკომენდაცია

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ერთი წლის ზემოთ ბავშვებისთვის განკუთვნილი დღიური რაციონის შესახებ ისაუბრა და მშობლებს ბავშვების კვებითი პირამიდა გააცნო:

„ეს არის კვებითი პირამიდა, რომელიც როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის არის მოწოდებული. ჩვენი რაციონიც ასე უნდა იყოს შედგენილი. ძირი, ანუ ფსკერი არის მარცვლეული, ბურღულეული, კარტოფილი, პური. ერთი წლის შემდეგ ბავშვის კვების რაციონში ეს პროდუქტები უნდა იყოს ყველაზე მეტი. ბევრი პური, რასაკვირველია, არ არის კარგი. ამ პროდუქტებში არის ბევრი ნახშირწყალი, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა. შემდეგი უჯრა არის C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, ფერადი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ასევე აუცილებელია, როგორც ბავშვისთვის, ისევე მოზრდილისთვის. ამ პროდუქტების სამი პორცია უნდა მივცეთ ბავშვს დღის განმავლობაში.“

„შემდეგი ულუფა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა ასაკში, მით უმეტეს ერთი წლის ასაკიდან. ეს არის რძის პროდუქტები, რომლებიც ორი ჭიქით ფასდება. თუ ბავშვი ორ ჭიქა რძეს არ დალევს, ის შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იოგურტით, ყველით. რატომ არის ეს პროდუქტი მნიშვნელოვანი? ისინი მდიდარია კალციუმით და D ვიტამინით. იმისთვის, რომ ბავშვმა კალციუმი კარგად შეითვისოს, D ვიტამინი აუცილებელია. რძის პროდუქტები ხელს უწყობს კბილების და ძვლოვანი სისტემის კარგ განვითარებას. შემდგომი უჯრა არის თევზი და ხორცეული. ეს არის ის პროდუქტები, რაც ენერგეტიკას გვაძლევს ორგანიზმში და შეიცავს ცილას. ეს პროდუქტებიც აუცილებელია, მაგრამ გარკვეული ოდენობით. ყველაზე პატარა ულუფა, რაც უნდა მივცეთ ბავშვებს ეს არის დესერტი. ტკბილეული და მარილიანი საკვები ძალიან მცირე რაოდენობით უნდა მივცეთ ბავშვს. მათი მიღება ყოველდღე არ არის რეკომენდებული. პატარა რაოდენობით შეიძლება კვირაში რამდენჯერმე მივცეთ,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“


შეიძლება დაინტერესდეთ

სწავლის უნარის შეზღუდვა, ქცევითი პრობლემები, ასთმის შეტევები, ხშირი ინფექციები... - რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა ორსულობის დროს?

სწავლის უნარის შეზღუდვა, ქცევითი პრობლემები, ასთმის შეტევები, ხშირი ინფექციები...  - რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა ორსულობის დროს?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციები. ყოველ ხუთშაბათს გაეცანით მეან-გინეკოლოგისა და ქირურგის, ეკა ბუკიას რჩევებს, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

ექიმი პირველ თემად წარმოგიდგენთ მეტად აქტუალურ თემას - ორსულობა და თამბაქოს მოხმარება.

ორსულობაში თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა ყველაზე ჯანსაღი მიდგომაა თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ორსულობის ნებისმიერ ვადაზე სიგერიტის მოწევა ახდენს ზეგავლენას თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე.

​რატომ არის მავნე მწეველობა განსაკუთრებით ორსულობის დროს? 
მწეველობა ზრდის შემდეგი პროცესების განვითარების რისკებს:

  • მცირე წონის მქონე ახალშობილის დაბადება
  • ნაადრევი მშობიარობა (37 კვირის ვადამდე)
  • თვითნებითი აბორტი
  • ინტრანატალური სიკვდილიანობა
  • ნაყოფის განვითარების სხვადასხვა ანომალია
  • რესპირატორული დაავადებების რისკები


​ასევე თამბაქოს მოხმარება ახდენს ზეგავლენას ჩვილობისა და ბავშვობის პერიოდზე. შეიძლება გამოიწვიოს:

  • ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი
  • სწავლის უნარის შეზღუდვა
  • ქცევითი პრობლემები
  • ასთმის შეტევები
  • ხშირი ინფექციები

​აქვს თუ არა აზრი მეორე და მესამე ტრიმესტრში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას?

​ზოგიერთ მწეველ ქალს, რომელიც დაორსულდა, ჰგონია, რომ აზრი არ აქვს მეორე და მესამე ტრიმესტრში მოწევისთვის თავის დანებებას, ვინაიდან უკვე მიაყენა ნაყოფს ზიანი (პირველ ტრიმესტრში სანამ გაიგებდა რომ ორსულად არის). ეს ასე არ არის, ვინაიდან ორსულობის ნებისმიერ ვადაზე თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ამცირებს ნაყოფის ფილტვების განვითარების შეფერხების რისკს.

​რამდენად რთულია მოწევისთვის თავის დანებება?

​მოწევაზე უარის თქმის სირთულე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. რაც უფრო ნაკლები რაოდენობის სიგარეტს ეწევით, მით უფრო მარტივი იქნება ამ პროცესისთვის თავის დანებება.

​ქალებს, რომლების დღეში ერთზე მეტ კოლოფ სიგარეტს მოიხმარენ და ქალებს, რომლებიც იღებენ დიდი რაოდენობით კოფეინს, მეტად გაუჭირდებათ მოწევისთვის თავის დანებება. ასევე იმ ქალებს, რომელთაც აქვთ დეპრესიული მდგომარეობა.

​უსაფრთხოა თუ არა ნიკოტინის შემცვლელის გამოყენება ორსულობაში?

​ზოგიერთი ადამიანი, ვინც აპირებს მოწევისთვის თავის დანებებას, იყენებს ნიკოტინის შემცველ საშუალებებს, როგორებიცაა: ნიკოტინის შემცველი პლასტირი, ნიკოტინის შემცველი საღეჭი რეზინი, ინჰალატორი ან ელექტრო სიგარეტი. მართალია, ამ საშუალებებით მიღებული ნიკოტინი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სიგარეტის მოხმარების დროს, მაგრამ ნიკოტინი ამცირებს სისხლის ნაკადის მიწოდებას საშვილოსნომდე და საფრთხეს უქმნის ნაყოფის განვითარებასა და პლაცენტის ფუნქციონირებას.

​უსაფრთხოა თუ არა ბუპროპიონის გამოყენება ორსულებში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისთვის?

​ბუპროპიონი კარგად მოქმედებს (ის მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი) იმ პაციენტებში, ვინც ანებებს თავს მოწევას, რომლებსაც აღენიშნებათ ნიკოტინის მიღების შეწყვეტის გამო დეპრესიული განწყობა, ძილის დარღვევა, შფოთვითი მდგომარეობა. სამწუხაროდ, არ არის დადასტურებული ორსულობის დროს ბუპროპიონის უსაფრთხოების შესახებ. თუმცა არსებობს მაღალი რისკი პრეპარატის დედის რძით გადასვლაზე.

​რამდენად ეფექტურია ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა?

​ისევ და ისევ გავიმეორებ, ყველაფერი არის ინდივიდუალური. ქალების 50% მშობიარობის შემდეგ 6 თვეში კვლავ იწყებს თამბაქოს მოხმარებას. ზოგიერთი ქალი სრულად ვერ ამბობს უარს მოწევაზე ორსულობის პერიოდში, ამიტომ ამცირებს ნიკოტინის დოზებს და მაინც მოიხმარს პერიოდულად ორსულობის განმავლობაში.
ასევე ქალების 50% ორსულობის შემდეგ არ იწყებს კვლავ ნიკოტინის მოხმარებას.

​შეიძლება თუ არა ძუძუთი კვების დროს თამბაქოს მოხმარება?

​კვლევებმა  აჩვენა, რომ თუ მშობიარობის შემდეგ ქალი დღეში 10 ღერ სიგარეტს მოიხმარს, ქალის რძის რაოდენობა მცირდება, ასევე იცვლება რძის შემადგენლობა. ამიტომ მწეველი ქალები ფიქრობენ, რომ აქვთ არასაკმარისი რაოდენობის რძე და მათი მოტივაცია ძუძუთი კვებაზე მცირდება.

წაიკითხეთ სრულად