Baby Bag

კვებითი პირამიდა ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის - პედიატრ მაია ჩხაიძის რეკომენდაცია

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ერთი წლის ზემოთ ბავშვებისთვის განკუთვნილი დღიური რაციონის შესახებ ისაუბრა და მშობლებს ბავშვების კვებითი პირამიდა გააცნო:

„ეს არის კვებითი პირამიდა, რომელიც როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის არის მოწოდებული. ჩვენი რაციონიც ასე უნდა იყოს შედგენილი. ძირი, ანუ ფსკერი არის მარცვლეული, ბურღულეული, კარტოფილი, პური. ერთი წლის შემდეგ ბავშვის კვების რაციონში ეს პროდუქტები უნდა იყოს ყველაზე მეტი. ბევრი პური, რასაკვირველია, არ არის კარგი. ამ პროდუქტებში არის ბევრი ნახშირწყალი, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა. შემდეგი უჯრა არის C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, ფერადი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ასევე აუცილებელია, როგორც ბავშვისთვის, ისევე მოზრდილისთვის. ამ პროდუქტების სამი პორცია უნდა მივცეთ ბავშვს დღის განმავლობაში.“

„შემდეგი ულუფა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა ასაკში, მით უმეტეს ერთი წლის ასაკიდან. ეს არის რძის პროდუქტები, რომლებიც ორი ჭიქით ფასდება. თუ ბავშვი ორ ჭიქა რძეს არ დალევს, ის შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იოგურტით, ყველით. რატომ არის ეს პროდუქტი მნიშვნელოვანი? ისინი მდიდარია კალციუმით და D ვიტამინით. იმისთვის, რომ ბავშვმა კალციუმი კარგად შეითვისოს, D ვიტამინი აუცილებელია. რძის პროდუქტები ხელს უწყობს კბილების და ძვლოვანი სისტემის კარგ განვითარებას. შემდგომი უჯრა არის თევზი და ხორცეული. ეს არის ის პროდუქტები, რაც ენერგეტიკას გვაძლევს ორგანიზმში და შეიცავს ცილას. ეს პროდუქტებიც აუცილებელია, მაგრამ გარკვეული ოდენობით. ყველაზე პატარა ულუფა, რაც უნდა მივცეთ ბავშვებს ეს არის დესერტი. ტკბილეული და მარილიანი საკვები ძალიან მცირე რაოდენობით უნდა მივცეთ ბავშვს. მათი მიღება ყოველდღე არ არის რეკომენდებული. პატარა რაოდენობით შეიძლება კვირაში რამდენჯერმე მივცეთ,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“


შეიძლება დაინტერესდეთ

„ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა, შესაძლოა, 95 პროცენტით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი,“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ

„ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა, შესაძლოა, 95 პროცენტით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი,“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოზიტიურ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც დამაიმედებელ სიახლეს გვაცნობს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ვამბობდი, პროგრესი წინ მიდის. ამის გარდა კიდევ ბევრი საინტერესო, საიმედო და სასიხარულო ამბები გვექნება მსიფლიოს სამეცნიერო ცენტრებიდან.

​ბევრი ადამიანი არ იცრება, ვინაიდან, უბრალოდ, ეშინია. მესმის და ეს გასაგებია, ეს ნორმალურია. ზუსტად ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა, (არ მოგესმათ, საღეჭი რეზინი), რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული თვისებები, შესაძლოა, 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი, როცა ადამიანი ლაპარაკობს და ახველებს. ეს არის ექსპერიმენტული, პირველი ეტაპი, მაგრამ საკმაოდ საიმედო შედეგებია.

მე მჯერა, რომ 2022 წელი იქნება კოვიდის კონტროლის წელი და ჩვენ - კაცობრიობა შევძლებთ მის კონტროლს!

ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე

წაიკითხეთ სრულად