Baby Bag

კვებითი პირამიდა ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის - პედიატრ მაია ჩხაიძის რეკომენდაცია

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ერთი წლის ზემოთ ბავშვებისთვის განკუთვნილი დღიური რაციონის შესახებ ისაუბრა და მშობლებს ბავშვების კვებითი პირამიდა გააცნო:

„ეს არის კვებითი პირამიდა, რომელიც როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის არის მოწოდებული. ჩვენი რაციონიც ასე უნდა იყოს შედგენილი. ძირი, ანუ ფსკერი არის მარცვლეული, ბურღულეული, კარტოფილი, პური. ერთი წლის შემდეგ ბავშვის კვების რაციონში ეს პროდუქტები უნდა იყოს ყველაზე მეტი. ბევრი პური, რასაკვირველია, არ არის კარგი. ამ პროდუქტებში არის ბევრი ნახშირწყალი, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა. შემდეგი უჯრა არის C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, ფერადი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ასევე აუცილებელია, როგორც ბავშვისთვის, ისევე მოზრდილისთვის. ამ პროდუქტების სამი პორცია უნდა მივცეთ ბავშვს დღის განმავლობაში.“

„შემდეგი ულუფა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა ასაკში, მით უმეტეს ერთი წლის ასაკიდან. ეს არის რძის პროდუქტები, რომლებიც ორი ჭიქით ფასდება. თუ ბავშვი ორ ჭიქა რძეს არ დალევს, ის შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იოგურტით, ყველით. რატომ არის ეს პროდუქტი მნიშვნელოვანი? ისინი მდიდარია კალციუმით და D ვიტამინით. იმისთვის, რომ ბავშვმა კალციუმი კარგად შეითვისოს, D ვიტამინი აუცილებელია. რძის პროდუქტები ხელს უწყობს კბილების და ძვლოვანი სისტემის კარგ განვითარებას. შემდგომი უჯრა არის თევზი და ხორცეული. ეს არის ის პროდუქტები, რაც ენერგეტიკას გვაძლევს ორგანიზმში და შეიცავს ცილას. ეს პროდუქტებიც აუცილებელია, მაგრამ გარკვეული ოდენობით. ყველაზე პატარა ულუფა, რაც უნდა მივცეთ ბავშვებს ეს არის დესერტი. ტკბილეული და მარილიანი საკვები ძალიან მცირე რაოდენობით უნდა მივცეთ ბავშვს. მათი მიღება ყოველდღე არ არის რეკომენდებული. პატარა რაოდენობით შეიძლება კვირაში რამდენჯერმე მივცეთ,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“


შეიძლება დაინტერესდეთ

„მოზარდობის პერიოდამდე, ანუ თვრამეტ წლამდე, ბავშვს კვირაში ხუთჯერ აუცილებლად უნდა მივცეთ წითელი ხორცი,“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„მოზარდობის პერიოდამდე, ანუ თვრამეტ წლამდე, ბავშვს კვირაში ხუთჯერ აუცილებლად უნდა მივცეთ წითელი ხორცი,“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ წითელი ხორცის მიღების წესები გაგვაცნო და აღნიშნა, რომ მიღებული ხორცის რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად უნდა შევამციროთ:

„ჩემთვის მისაღებია აბსოლუტურად ყველა კვების სტილი, რომელ გარემოშიც ადამიანი თავს გრძნობს კომფორტულად. არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. მაგალითად, იგივე ხორცთან დაკავშირებით. ​ვეგეტარიანიზმი ჩემთვის არ არის მისაღები თინეიჯერულ ასაკში. ხორცი შეიცავს სწორედ იმ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის და განსაკუთრებით მოზარდისთვის.“

ლაშა უჩავამ წითელი ხორცის მიღებასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზეც ისაუბრა:

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის გაცემული სპეციალური რეკომენდაციები, სადაც საუბარია, რომ მოზარდობის პერიოდამდე, ანუ თვრამეტ წლამდე კვირაში ხუთჯერ აუცილებლად უნდა იყოს წითელი ხორცი. ერთი დღე უნდა დაეთმოს მცენარეულ ცილებს, ხოლო ერთი დღე - თევზს. 20-დან 35 წლამდე ასაკში უკვე იცვლება ეს ფორმულა. ამ დროს კვირაში სამი დღე გვაქვს წითელი ხორცი, ამას ენაცვლება ან მცენარეული ცილები, ან თევზი. “

​35-დან 50 წლამდე წითელი ხორცის მიღება უნდა შემცრიდეს კვირაში ორ დღემდე. 50 წლის შემდეგ საერთოდ სასურველია, რომ წითელი ხორცი ამოვიღოთ რაციონიდან, რადგან ის შემდგომში ხელს უწყობს დაბერების პროცესების განვითარებას,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად