Baby Bag

კვებითი პირამიდა ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის - პედიატრ მაია ჩხაიძის რეკომენდაცია

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ერთი წლის ზემოთ ბავშვებისთვის განკუთვნილი დღიური რაციონის შესახებ ისაუბრა და მშობლებს ბავშვების კვებითი პირამიდა გააცნო:

„ეს არის კვებითი პირამიდა, რომელიც როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის არის მოწოდებული. ჩვენი რაციონიც ასე უნდა იყოს შედგენილი. ძირი, ანუ ფსკერი არის მარცვლეული, ბურღულეული, კარტოფილი, პური. ერთი წლის შემდეგ ბავშვის კვების რაციონში ეს პროდუქტები უნდა იყოს ყველაზე მეტი. ბევრი პური, რასაკვირველია, არ არის კარგი. ამ პროდუქტებში არის ბევრი ნახშირწყალი, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა. შემდეგი უჯრა არის C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, ფერადი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ასევე აუცილებელია, როგორც ბავშვისთვის, ისევე მოზრდილისთვის. ამ პროდუქტების სამი პორცია უნდა მივცეთ ბავშვს დღის განმავლობაში.“

„შემდეგი ულუფა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა ასაკში, მით უმეტეს ერთი წლის ასაკიდან. ეს არის რძის პროდუქტები, რომლებიც ორი ჭიქით ფასდება. თუ ბავშვი ორ ჭიქა რძეს არ დალევს, ის შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იოგურტით, ყველით. რატომ არის ეს პროდუქტი მნიშვნელოვანი? ისინი მდიდარია კალციუმით და D ვიტამინით. იმისთვის, რომ ბავშვმა კალციუმი კარგად შეითვისოს, D ვიტამინი აუცილებელია. რძის პროდუქტები ხელს უწყობს კბილების და ძვლოვანი სისტემის კარგ განვითარებას. შემდგომი უჯრა არის თევზი და ხორცეული. ეს არის ის პროდუქტები, რაც ენერგეტიკას გვაძლევს ორგანიზმში და შეიცავს ცილას. ეს პროდუქტებიც აუცილებელია, მაგრამ გარკვეული ოდენობით. ყველაზე პატარა ულუფა, რაც უნდა მივცეთ ბავშვებს ეს არის დესერტი. ტკბილეული და მარილიანი საკვები ძალიან მცირე რაოდენობით უნდა მივცეთ ბავშვს. მათი მიღება ყოველდღე არ არის რეკომენდებული. პატარა რაოდენობით შეიძლება კვირაში რამდენჯერმე მივცეთ,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“


შეიძლება დაინტერესდეთ

„კვირაში ერთხელაც რომ გაიზომოთ წნევა და აღმოჩნდეს, რომ მაღალია, უნდა მიმართოთ ზომებს,“ - კარდიოლოგი ზურაბ ფაღავა

„კვირაში ერთხელაც რომ გაიზომოთ წნევა და აღმოჩნდეს, რომ მაღალია, უნდა მიმართოთ ზომებს,“ - კარდიოლოგი ზურაბ ფაღავა

კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ არტერიული წნევის მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ადამიანს წნევა დაბადებისთანავე ეზომება:

„წნევა იზომება ადამიანის დაბადებისთანავე. ​თუ ადამიანს წნევა არ აქვს, ის ცოცხალი არ არის. წნევა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სისხლი გადაადგილდეს ორგანოთა შორის. ადამიანმა პრევენციისთვის ზოგჯერ უნდა გაიზომოს წნევა. კვირაში ერთხელაც რომ გაიზომოთ წნევა და აღმოჩნდეს, რომ მაღალია, უნდა მიმართოთ ზომებს, რომ დაასაბუთოთ ეს წნევა ეპიზოდურად იყო მომატებული, თუ სისტემატურად ასეა.“

ზურაბ ფაღავამ არტერიული წნევის არაფარმაკოლოგიური მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა:

„არაფარმაკოლოგიური მკურნალობაა, რომ ადამიანმა შეზღუდოს მარილის მიღება. ჩვეულებრივ ადამიანები იღებენ 10-12 გრამ მარილს დღეში. ეს უნდა შემცირდეს დღეში ხუთ გრამამდე. პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ თამბაქოს მოწევა. თამბაქო არის ძალიან ძლიერი გამომწვევი წნევის. ასევე უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, რადგან ​ნაბახუსევზე სისხლძარღვები არის ძლიერად შევიწროვებული.“

„არასწორია დამოკიდებულება, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა დააკისრო ექიმს. აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და ექიმს შორის. როდესაც ექიმი ნიშნავს წამალს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს წამალი აუცილებლად იმოქმედებს. აუცილებელია რაღაც დროის შემდეგ ისევ იმ ექიმთან მისვლა. პაციენტები ძალიან ხშირად იცვლიან ექიმებს. ეს არ მგონია სწორი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ ფაღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის შოუ“

წაიკითხეთ სრულად