Baby Bag

„ძალიან კარგია, თუ მოზარდს უყვარს კიტრი და საზამთრო,“- მარი მალაზონია წვნიანი ხილისა და ბოსტნეულის სარგებლიანობის შესახებ

„ძალიან კარგია, თუ მოზარდს უყვარს კიტრი და საზამთრო,“- მარი მალაზონია წვნიანი ხილისა და ბოსტნეულის სარგებლიანობის შესახებ

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მოზარდი ორგანიზმისთვის წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღების უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მინდა, დავაზუსტო, რატომ არის რეკომენდაციებში საგანგებოდ გამოყოფილი წვნიანი პროდუქტები, წვნიანი კერძები და წვნიანი ხილ-ბოსტნეული. კვლევებით დადგინდა, რომ მოზარდთა დიდ ნაწილს არ უყვარს სითხის ბალანსის კონტროლი. თუ მოზარდს უკვე აქვს გამომუშავებული ჩვევა, რომ მიიღოს ადეკვატური რაოდენობით წყალი, მაშინ ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ასეთი ჩვევა უმრავლესობას არ აქვს, რის გამოც მოზარდებში წყლის მოხმარება ძალიან დიდი პრობლემაა. სულ ახალი კვლევების მიხედვით, ეს დასკვნა არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, გაჩნდა რეკომენდაცია. თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ წყლის 20-30% შესაძლოა საკვებით შეივსოს, ეს შეიძლება გავაკეთოთ შემოვლითი გზით, თხევადი და ნახევრად თხევადი კერძებით, წვნიანი ხილითა და ბოსტნეულით. მნიშვნელოვანია, რომ წყლის მოხმარება ნაწილობრივ მაინც ხდებოდეს პროდუქტებით.

კიტრი უყვარს მოზარდს? ძალიან კარგი! მიიღოს კიტრი. საზამთრო უყვარს? ძალიან კარგი! ასეთ შემთხვევაში ჩვენ ქვეტექსტი გვაქვს ორგვარი. ერთი არის ის, რომ ხილით და ბოსტნეულით მოზარდი აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს მიიღებს. მეორე არის წყლის შევსება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალი ფიზიკური აქტივობის მქონე, ინტენსიურად მზარდი მოზარდი ორგანიზმის შემთხვევაში,“- აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ვეთანხმები გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი,“ - თენგიზ ცერცვაძე

„არ ვეთანხმები გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი,“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში დღის თემა" ახალი „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ ისაუბრა და არნიშნა, რომ ჯერ არავის დაუმტკიცებია, არის თუ არა ახალი შტამი ვირუსის არსებულ ვარიანტებთან შედარებით მეტად სახიფათო:

„არ ვეთანხმები გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი. ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია. ჩვენ არ ვიცით, ეს შტამი რაიმე მაჩვენებლებით იქნება თუ არა უფრო მძიმე და საშიში, ვიდრე თუნდაც „დელტა“ შტამი.“

თენგიზ ცერცვაძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ომიკრონი უფრო სწრაფად ვრცელდება:

„წინასწარი მონაცემებით, დიახ, „ომიკრონი“ , სავარაუდოდ, ვრცელდება უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“. მეორე, ​სავარაუდოდ, ის არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას, ვიდრე „დელტა“ შტამი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია

მესამე, აქ ყველაზე მეტი გაურკვევლობაა ჯერჯერობით. ამ საკითხზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ვარაუდობენ, რომ ვაქცინები მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც დაიცავს ამ შტამისგანაც. თუმცა ვაქცინების მწარმოებელმა კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი ამ საკითხს სწავლობენ და უკვე შეუდგნენ მუშაობას ვაქცინების მოდიფიკაციაზე. თუ აღმოჩნდება, რომ მუტაციები ზუსტად იმ უბნებშია, რომელიც ვაქცინის სამიზნე იყო და ვაქცინა ეფექტიანად ვერ დაიცავს, მაშინ ისინი პირობას დებენ რომ 6 კვირაში, მაქსიმუმ 100 დღეში დადებენ ახალ ვაქცინას, რომელიც მორგებული იქნება ამ მოდიფიკაციაზე,“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

წყარო:​ „დღის თემა"

წაიკითხეთ სრულად