Baby Bag

„ძალიან კარგია, თუ მოზარდს უყვარს კიტრი და საზამთრო,“- მარი მალაზონია წვნიანი ხილისა და ბოსტნეულის სარგებლიანობის შესახებ

„ძალიან კარგია, თუ მოზარდს უყვარს კიტრი და საზამთრო,“- მარი მალაზონია წვნიანი ხილისა და ბოსტნეულის სარგებლიანობის შესახებ

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მოზარდი ორგანიზმისთვის წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღების უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მინდა, დავაზუსტო, რატომ არის რეკომენდაციებში საგანგებოდ გამოყოფილი წვნიანი პროდუქტები, წვნიანი კერძები და წვნიანი ხილ-ბოსტნეული. კვლევებით დადგინდა, რომ მოზარდთა დიდ ნაწილს არ უყვარს სითხის ბალანსის კონტროლი. თუ მოზარდს უკვე აქვს გამომუშავებული ჩვევა, რომ მიიღოს ადეკვატური რაოდენობით წყალი, მაშინ ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ასეთი ჩვევა უმრავლესობას არ აქვს, რის გამოც მოზარდებში წყლის მოხმარება ძალიან დიდი პრობლემაა. სულ ახალი კვლევების მიხედვით, ეს დასკვნა არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, გაჩნდა რეკომენდაცია. თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ წყლის 20-30% შესაძლოა საკვებით შეივსოს, ეს შეიძლება გავაკეთოთ შემოვლითი გზით, თხევადი და ნახევრად თხევადი კერძებით, წვნიანი ხილითა და ბოსტნეულით. მნიშვნელოვანია, რომ წყლის მოხმარება ნაწილობრივ მაინც ხდებოდეს პროდუქტებით.

კიტრი უყვარს მოზარდს? ძალიან კარგი! მიიღოს კიტრი. საზამთრო უყვარს? ძალიან კარგი! ასეთ შემთხვევაში ჩვენ ქვეტექსტი გვაქვს ორგვარი. ერთი არის ის, რომ ხილით და ბოსტნეულით მოზარდი აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს მიიღებს. მეორე არის წყლის შევსება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალი ფიზიკური აქტივობის მქონე, ინტენსიურად მზარდი მოზარდი ორგანიზმის შემთხვევაში,“- აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს იქნება გამოსავალი, რომ არავითარ ვაქცინას ვადა არ გაუვიდეს“- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე

„ეს იქნება გამოსავალი, რომ არავითარ ვაქცინას ვადა არ გაუვიდეს“- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ საქართველოში ვაქცინაციის ტემპის შენელების და ვაქცინების ვარგისიანობის ვადის ამოწურვის საფრთხეებზე ისაუბრა:

„გათვლილი იყო, რომ​ წლის ბოლომდე უნდა აგვეცრა მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი. აცრის სამიზნე მოსახლეობამ მოიმატა დელტა შტამის პირობებში, დაახლოებით ორ მილიონზე ზემოთ. აქ საუბარია ასევე აცრის დროს ბავშვების ასაკის დაწევაზე. შესაძლოა, სწორედ ბავშვების ასაკის დაწევა, რაც რიგმა ქვეყნებმა განახორციელეს, ჩვენთანაც განვახორციელოთ სწავლის დაწყებასთან მიმართებაში. ეს იქნება გამოსავალი, რომ არავითარ ვაქცინას ვადა არ გაუვიდეს.“

აკაკი ზოიძის თქმით, თუ ერთ თვეში 800 000 ადამიანი არ აიცრება, შესაძლოა, ვაქცინების ნაწილს ვადა გაუვიდეს:

„ვადა რომ აწერია ვაქცინას, ეს ნიშნავს, რომ ​მინიმუმ ექვსი თვე აქვს კიდევ ვადა, მაგრამ უსაფრთხოების გამო ნებისმიერ მედიკამენტს ექვსი თვით ადრე აწერია ვადის გასვლის შესახებ. თუ ერთი თვის განმავლობაში სრულად არ აიცრება კიდევ 800 000 ადამიანი,შეიძლება, ვაქცინების ნაწილს ვადა გაუვიდეს.“

„თუ ბუსტერ დოზებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის რეკომენდებული იქნება 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა, ჰქონდეთ დაქვეითებული იმუნიტეტი. ​ფაიზერის შემთხვევაში არ არის უნივერსალური რეკომენდაცია ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით. პრობლემა ის კი არ არის, რომ ვაქცინებს გაუვა ვადა, პრობლემა ისაა, რომ ადამიანები დარჩებიან დაცვის გარეშე,“- აღნიშნულ საკითხებზე აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად